ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი გადადგა

ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი კლოდინ გეი ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენაზე. ვაშინგტონი, აშშ. 5 დეკემბერი, 2023 წ.

პლაგიატობის ბრალდებების და შეერთებული შტატების კონგრესში გამართული სკანდალური მოსმენის შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა 2 იანვარს პოსტი დატოვა. კლოდინ გეი მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე უმაღლეს სასწავლებელში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო და ჰარვარდის უნივერსიტეტს სულ 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელონდა.

მასზე წნეხი ბოლო თვეში განსაკუთრებით 5 დეკემბერს კონგრესში გამართული მოსმენის შემდეგ გაიზარდა, რომელიც ამერიკის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში ანტისემიტიზმის გახშირებულ ინციდენტებზე სამსჯელოდ გაიმართა. ამას გარდა, მას უწევდა თავის მართლება აკადემიურ ნაშრომებში, ბოლო დისერტაციის ჩათვლით, პლაგიატის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენის გამო.

ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის შემთხვევები მთელ ამერიკაში მას შემდეგ გახშირდა, რაც "ჰამასის" წევრები ისრაელს დაესხნენ თავს, ისრაელმა კი "ჰამასს" ომი გამოუცხადა. ანტისემიტური გამოსვლები განსაკუთრებით გახშირდა შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში.

ასევე ნახეთ: ბრძოლა ანტისემიტიზმთან - გაერომ რეზოლუცია მიიღო

ჰარვარდის საზოგადოების წევრებისადმი მიწერილ წერილში კლოდინ გეი აღნიშნავს, რომ მისი გადადგომის გადაწყვეტილება ურთულესი იყო და რომ "შეუძლებელია ამ სიძნელის სიტყვებით აღწერა". წერილის მიხედვით, უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრებთან გამართული კონსულტაციის შემდეგ, "ცხადი გახდა, რომ ჰარვარდის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი გადადგომა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რათა ჩვენმა თემმა შეძლოს ამ რთული გამოწვევისგან თავის დაღწევა, დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, და არა ფოკუსის რომელიმე ინდივიდზე შენარჩუნებით".

11 ადამიანისგან შემდგარმა ჰარვარდის მმართველმა ორგანომ, ელექტრონული წერილით აცნობა უნივერსიტეტის საზოგადოებას, რომ მისმა წევრებმა კლოდინ გეის განცხადება გადადგომის თაობაზე "მწუხარებით" მიიღეს. პრეზიდენტის პოსტს კი დროებით ჰარვარდის რექტორი და აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელი, ალან გარბერი დაიკავებს.

5 დეკემბრის მოსმენაზე, ჰარვარდის პრეზიდენტთან ერთად კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდნენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტი სალი კორნბლუთი და პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლიზ მაგილი. ამ უკანასკნელმა მოსმენის შემდეგ მალევე დაწერა განცხადება და პოსტი დატოვა.

სამივემ უარი თქვა კონკრეტული პასუხი - "კი", ან "არა" გაეცა რესპუბლიკელი კანონმდებლის კითხვაზე. ელიზ სტეფანიკმა მათ ჰკითხა, დაარღვევდა თუ არა ებრაელთა გენოციდისკენ მოწოდება მათი უნივერსიტეტების რეგულაციებს ბულინგისა და ძალადობის კუთხით. უნივერსიტეტთა პრეზიდენტებმა კონგრესში თქვეს, რომ მათ უწევთ ამ საკითხის დაბალანსება სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობასთან.

Your browser doesn’t support HTML5

ანტისემიტიზმი ამერიკულ უნივერსიტეტებში - რეზონანსული მოსმენა კონგრესში