არჩევნების წინ ტრამპი და ჰარისი კვლავ მერყევ შტატებში ჩავიდნენ

ადრეული არჩევნები მერყევ შტატ მიჩიგანში. დეტროიტი, აშშ. 28 ოქტომბერი, 2024 წ.

კვირა დღე, 3 ნოემბერი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისევ ე.წ. მერყევ შტატებში გაატარეს. დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიების მიზანი ამომრჩეველთა იმ ნაწილს მიმხრობაა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმა ადრეულ არჩევნებზე ჯერ არ მიუცია და შესაძლოა, 5 ნოემბრის საყოველთაო კენჭისყრაზე წასვლაზეც ყოყმანობდეს.

გამარჯვებული კანდიდატი ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება და 4-წლიანი ვადით თეთრ სახლში საქმიანობას, მომავალი წლის 20 იანვარს შეუდგება.

Your browser doesn’t support HTML5

არჩევნები ამერიკაში - კანდიდატთა ბოლო გზავნილები და ამომრჩეველთა მოლოდინი

დემოკრატთა კანდიდატი კამალა ჰარისი, კვირას, მიჩიგანის შტატში ჩავიდა, შვიდი შტატიდან ერთ-ერთში, სადაც გამოკითხვების მიხედვით, მისი და ტრამპის პოპოულარობის მაჩვენებლები ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა და შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგი გაურკვეველი რჩება. პოლიტოლოგთა ანალიზის მიხედვით, ის კანდიდატი, რომელიც ამ შვიდიდან ოთხს ან მეტს მოიგებს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იქნება.

ჰარისი შავკანიანთა ერთ-ერთ ეკლესიაში წირვას დაესწრო, შემდეგ კი მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტს ესტუმრა. ის ამომრჩევლებს ცხოვრების ხარჯების შემცირებას დაპირდა, ტრამპი კი დაახასიათა, როგორც სახიფათო და ქაოსის მომტანი ლიდერი. “ჩვენ, ახლა, ამ არჩევნებზე გვაქვს შესაძლებლობა, ახალი ქვეთავი გადავფურცლოთ და დავემშვიდობოთ დონალდ ტრამპისეულ პოლიტიკურ მიდგომას, რომელიც ჩვენი დაპირისპირების ათწლიან მცდელობაში გამოხატა”, - თქვა ჰარისმა ქალაქ შარლოტში გამოსვლისას.

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წირვაზე მიჩიგანის ერთ-ერთ ტაძარში. ქ. დეტროიტი, აშშ. 3 ნოემბერი, 2024 წ.

რესპუბლიკელთა კანდიდატი, დონალდ ტრამპი, კვირას საარჩევნო კამპანიას პენსილვანიის შტატში შეუდგა, საიდანაც შემდეგ გეზი ჩრდილოეთ კაროლინისკენ აიღო. ორივე შტატი ე.წ. მერყევ შტატთა შვიდეულში შედის. გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.

საკუთარ სოციალურ ქსელზე “თრუთ სოშალ”, ტრამპმა ამომრჩევლებს უთხრა: “სავსებით შესაძლებელია ჩვენს წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, ოღონდ ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ. სამშაბათს უნდა ავდგეთ და ვუთხრათ კამალას, რომ საკმარისია და ამის გაძლება, ამიერიდან, აღარ გსურთ: კამალა ჰარის, თქვენ თანამდებობიდან გათავისუფლებული ხართ!"

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე. ქ. ლიტიცი, აშშ. 3 ნოემბერი, 2024 წ.

გასული სამშაბათის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დემოკრატთა და რესპუბლიკელთა კამპანიები ერთსა და იმავე შტატში არ გამართულა. ერთი დღით ადრე, შაბათს, ორივე კანდიდატი ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები ადგილობრივ ამომრჩევლებთან გამართეს. თითოეული მათგანი კიდევ ერთხელ შეეცადა ამერიკელებისთვის დაემტკიცებინა, რომ სწორედ ისაა შეერთებული შტატების უმაღლესი აღმასრულებელი პოსტისთვის შესაფერისი კანდიდატი.

ტელეკომპანია “ეი-ბი-სის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი შვიდიდან ხუთ შტატს იგებს. “ვაშინგტონ პოსტის” გამოკითხვებით კი, აქედან ოთხში, ჰარისი დაწინაურდა. “ნიუ-იორკ თაიმსის” კვლევა აჩვენებს, რომ ოთხში ტრამპი ლიდერობს, ორში - ჰარისი, პენსილვანიაში კი ისინი თანაბრად არიან. ყველა ამ გამოკითხვაში კანდიდატებს შორის განსხვავება სტატისტიკური ცდომილების ზღვრის ფარგლებშია, რაც მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას კიდევ უფრო ართულებს.

ადრეულ არჩევნებზე კი ხმა 76 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მისცა. წინა, 2020 წლის არჩევნებში, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ გამართულ პირველ საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეობა ამერიკის დაახლოებით 158-მილიონიანი ელექტორატის თითქმის ნახევარმა მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკის არჩევნები შედეგის მიუხედავად, ისტორიული იქნება