საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას არ აქვს თურქეთთან კონკურენციის სურვილი შეიარაღების კუთხით და იმედოვნებს, რომ განსხვავებული მოსაზრებები მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგის რეჟიმში განიხილება. თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ საბერძნეთი საკუთარ ტერიტორიასა და სუვერენიტეტს დაიცავს.
კირიაკოს მიცოტაკისმა ეს კომენტარი ხუთშაბათს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე საფრანგეთთან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმება თავდაცვის კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს და საბერძნეთი საფრანგეთისგან 3 საბრძოლო სზღვაო ხომალდს შეისყიდის.
"ჩვენ ვერ უგულვებელვყოფთ ფაქტს, რომ ძალიან რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ, ეს გეოგრაფიული რეალობაა", - თქვა მიცოტაკისმა ათენში გამართულ "დემოკრატიის ფორუმზე".
ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს, საბერძნეთსა და მის ისტორიულ მეტოქეს, თურქეთს შორის დაძაბულობა ბოლო წლებში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილი ენერგიის მოპოვების უფლებების გამო დაიძაბა. ორ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში უთანხმოების სხვა ბევრი თემაც აქვს, მათ შორის ტერიტორიული პრობლემები ეგეოსის ზღვაში, საზღვაო და საავიაციო საზღვრები და უმცირესობათა უფლებები.