საბერძნეთის პოლიცია ადამიანებს უხეშად ექცევა მათი რასიული და ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე. პოლიცია ათასობით ადამიანს აკავებს და ჩხრეკს
Your browser doesn’t support HTML5
საბერძნეთის პოლიცია არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იყენებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს ვოჩის“ შეშფოთებას იწვევს.
ამ ორგანიზაციის განცხადებით, საბერძნეთის პოლიცია ადამიანებს უხეშად ექცევა მათი რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე. პოლიცია ათასობით ადამიანს აკავებს და ჩხრეკს.
როგორც ადამიანის უფლებათა დამცავი და „ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენების ავტორი ევა კოსე აცხადებს:
“ პოლიციის პატრული ათენის ცენტრში ყოველდღე აჩერებს ხალხს არალეგალი იმიგრანტების გამოვლენის საბაბით. ათენში თითოეული პოლიციელის უკან 20-მდე მიგრანტი დგას.“
ეს ადამიანები პოლიციის ავტობუსებით გადაჰყავთ განყოფილებებში და იქ საათობით აჩერებენ. ამ სპეცოპერაციის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში 85 ათასამდე უცხოელი წაიყვანეს პოლიციაში მათი საემიგრაციო სტატუსის გარკვევამდე.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენების თანახმად, ამ ადამიანებიდან მხოლოდ 6% აღმოჩნდა ქვეყანაში არალეგალურად შემოსული. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, პოლიციის განყოფილებებში უცხოელების წაყვანა მათი დოკუმენტების შემოწმებას ისახავს მიზნად. თუმცა ადამიანის უფლებათა დამცავი ევა კოსე მიიჩნევს, რომ პოლიცია აჭარბებს თავის უფლებებს. მისი თქმით:
“ დამტკიცებულია, რომ პოლიცია სტერეოტიპებით მოქმედებს და არა აგენტურული ინფორმაციის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის ეფექტურობა ბევრ კითხვებს ბადებს.“
ქალბატონი კოსეს განცხადებით, საბერძნეთში ქსენოფობია მძვინვარებს და პოლიციის ოპერაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას. მისი თქმით, ხელისუფლებამ უფრო მეტი თანხები უნდა დახარჯოს პოლიციის მომზადებისთვის, რათა არალეგალი იმიგრანტების გამოვლენა უფრო პროფესიონალურად მოხდეს:
“ იმ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ოპერაცია „ქსენოს ზევსში“ მონაწილეობდნენ არანაირი წვრთნა არ გაუვლიათ, თუ როგორ უნდა დაადგინონ ამ თუ იმ პიროვნების ლეგალური სტატუსი.“
„ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, ათენის პოლიციამ მზადყოფნა გამოთქვა მიიღოს ამ ორგანიზაციის რეკომენდაციები.
საბერძნეთში შექმნილი ვითარება „საერთაშორისო ამნისტიის“ შეშფოთების საგანიც გახდა, რასაც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიც უწყობს ხელს.