ათენში ბერძენმა კანონმდებლებმა, დისკუსიის შემდეგ, კენჭი უყარეს მაკედონიისთვის სახელის შეცვლის საკითხს. საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მეზობელი ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დარქმევის საკითხი.
გადაწყვეტილება ასრულებს ათენს და სკოპიეს შორის თითქმის 30 წლის მანძილზე გაჭიანურებულ დავას. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, იხსნება ბოლო ბარიერი მაკედონიის ევროპის კავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე.
ათენი მეზობელი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მისი სახელის გამო აფერხებდა, რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ პროვინციასაც მაკედონია ჰქვია. საბერძნეთის ოპოზიცია შიშობდა, რომ მაკედონიას შესაძლოა მომავალში ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა და ამ მიზეზით მთავრობას დიდ წინააღმდეგობას უწევდა.
საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ბოლო თვეშიც გრძელდებოდა. კვირას, 20 იანვარს, ძალადობით დასრულდა საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში, რომლის ასობით მონაწილე აცხადებდა, რომ შეთანხმება საბერძნეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
მაკედონიასთან სახელის შეცვლის თაობაზე შეთანხმებას გასული წლის ივნისში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის და მაკედონიის ლიდერ ზორან ზაევის მთავრობებმა მიაღწიეს. საბერძნეთის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტში რატიფიკაციის შემთხვევაში, აღარ დაბლოკავდა მაკედონიის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხს, თუკი მაკედონიის სახელი შეიცვლებოდა.
ამის შემდეგ, მაკედონიაში საგანგებო რეფერენდუმი გაიმართა, რომელზეც ამომრჩევლებმა უპასუხეს კითხვას ქვეყნისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტმა კითხვას დადებითი პასუხი გასცა.