ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და ლუიზიანის მთავრობები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათ შტატებში კორონავირუსის გავრცელების მრუდი სწორდებოდეს, მაგრამ მათ ასევე გააფრთხილეს საკუთარი მოსახლეობა, რომ არ შეწყვიტონ დისტანცირების მკაცრი ზომების გატარება. ამ ფონზე, შეერთებულ შტატებში მსხვერპლის რაოდენობა 11 ათასს აღემატება.
სამი შტატის გუბერნატორებმა ეს განცხადება მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთეს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კლებულობს, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ამერიკაში კორონავირუსის პიკმა გადაიარა.
ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ამბობს, რომ 24 საათის განმავლობაში გასულ პარასკევს 630 ადამიანი გარდაიცვალა, შაბათს 599 და ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 594.
ნიუ-იორკის შტატში ახალი შემთხვევების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და 130 680-ს მიაღწია, მაგრამ ამ ფონზე ჰოსპიტალიზაციის და ადამიანების ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანის მაჩვენებლები შემცირდა.