კოვიდ-19-ის მართვის მეთოდები, ვაქცინაცია და ნიღბის ტარების რეგულაციები, ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ პოლიტიკური დებატების საკითხად რჩება. ფედერალური მთავრობის რეკომენდაციები ზოგჯერ წინააღმდეგობაშია შტატების გუბერნატორთა გადაწყვეტილებებთან. ან კიდევ, ამ უკანასკნელთა განკარგულებაა დისონანსში მერიების გადაწყვეტილებებთან. ზოგან ამ საკითხებზე დავამ სასამართლოშიც კი გადაინაცვლა.
ტეხასში ორმა სასკოლო უბანმა, სადაც თითოეულში რამდენიმე სკოლაა გაერთიანებული, გამოაცხადა, რომ არ დაემორჩილება რესპუბლიკელი გუბერნატორის გრეგ აბოტის განკარგულებას. მათ შორის ერთი ჰიუსტონის საჯარო სკოლების უბანია, რომელიც შტატში უდიდესია, მეორე კი - დალასის დამოუკიდებელი სასკოლო უბანი.
ასევე ნახეთ: აშშ: ყველაზე მეტი ინფიცირება ბოლო 6 თვეშიგუბერნატორ აბოტის განკარგულება ადგილობრივ მთავრობებს სავალდებულო ნიღბის ტარების რეგულაციის დაწესებას უკრძალავს. ტეხასს ეს დღეებია კოვიდ-19-ით ინფიცირების დრამატულ ზრდასთან უწევს გამკლავება, საავადმყოფოები გადატვირთულია და დიდ ქალაქებში ზოგიერთი საავადმყოფო პაციენტებს სხვაგან ამისამართებს. კოვიდვითარებიდან გამომდინარე, ამ სასკოლო უბნებში ნიღბის სავალდებულო ტარების შიდაგანაწესის შემოღება გადაწყვიტეს.
დალასის საგრაფოს მმართველ კომისართა საბჭოს ხელმძღვანელმა, მოსამართლე კლეი ჯენკინსმა, გუბერნატორს ამ გადაწყვეტილების გამო სასამართლოში უჩივლა. საჩივარს ბავშვთა დაცვის ერთ-ერთი არასამთავრობო ჯგუფიც შეუერთდა.
ასევე ნახეთ: ჯანდაცვის ამერიკელ ექსპერტებს დელტა ვარიანტის მზარდი მონაცემები აშფოთებთკიდევ ერთ გუბერნატორს უწევს ინფიცირების მონაცემების ზრდის ფონზე, ნიღბის სავალდებულო ტარების რეგულაციასთან ბრძოლა. ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი რონ დესანტისი დაიმუქრა, რომ სასკოლო უბნებს დაფინანსებას შეუწყვეტს და სკოლის მმართველი გუნდების წევრებს ხელფასებს გაუჩერებს, თუკი ისინი ნიღბის ტარებას სავალდებულოს გახდიან.