შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკა ქართული მედიისთვის

“სამწუხაროდ, მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის“ - ასე ეხმაურება კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, საგადასახადო დავალიანების გამო, „რუსთავი 2“-ის, TV „პირველის“, „კავკასიას“ და ერთი რეგიონალური არხის საბანკო ანგარიშებზე ინკასო დაედო და ამ ტელევიზიებისთვის ფინანსური ოპერაციები შეეზღუდა.

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ „მსგავს ავტომატურ სანქციას საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში არ იყენებდა მსხვილი მაუწყებლების მიმართ“. 2016 წლიდან ასეთი პოლიტიკის შედეგად, „რუსთავი 2“-მა (28 მილიონი ლარი), „იმედმა“ (19 მილიონი ლარი) და „მაესტრომ“ (8 მილიონი ლარი), ჯამში, 55 მილიო ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება დააგროვა და ამაზე პასუხი დღემდე არავის უგია.

„დღემდე არ არის ცნობილი, როგორ მოხდება აღნიშნული დავალიანების გადახდა ან არსებობს თუ არა საგადასახადო შეთანხმება. ამ ფონზე ფინანსთა სამინისტრო მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას აწარმოებს დამოუკიდებელი მედიების მიმართ, რომლებსაც არა მილიონობით, არამედ რამდენიმე ათასი, ზოგჯერ კი ათას ლარამდე დავალიანება აქვთ“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ამ დროისთვის, TV „პირველის“ საბიუჯეტო დავალიანება 100 000 ლარია, „კავკასიას“ 24 000 ლარი, რეგიონალური არხის კი 1200 ლარი. TV „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს:

პირდაპირ ვამბობ, გადაიხადოს ძალიან ბევრი მილიონი ბიუჯეტში, ტელეკომპანია იმედმა და მაესტრომ და მერე გვესაუბრონ ჩვენ. რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიებს 27 მილიონი და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ დავალაინება?
ინგა გრიგოლია, ტვ პირველის გენდირექტორი


„ეს არის მორიგი შტურმი ოპოზიციურ მედიაზე, მე პირდაპირ ვამბობ, გადაიხადოს ძალიან ბევრი მილიონი ბიუჯეტში, ტელეკომპანია იმედმა და მაესტრომ და მერე გვესაუბრონ ჩვენ. რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიებს 27 მილიონი და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ დავალაინება, სულ რაღაც 2020 წლის 15 იანვრამდე?!“ - აღნიშნა გრიგოლიამ, რომელიც ხვალ ფინანსთა მინისტრს ხვდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, „საქართველოში, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ტელემაუწყებლების მიერ გადასახადის არ გადახდა ერთგვარ “ტრადიციად” იქცა. სამართლიანია იმის თქმა, რომ სახელმწიფომ გარკვეული როლი ითამაშა ტელეკომპანიების დღეს არსებული დავალიანებების დაგროვებაშიც, მაგრამ “ტრადიცია” ირღვევა“ - ამბობს ჩინოვნიკი.

ფინანსთა სამინისტრომ „ურჩ გადამხდელებს“, ბიუჯეტის დავალიანების მქონე ტელევიზიებს 23 დეკემბერს მიმართა და "2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე ვალების დასაფარად" ერთდღიანი ვადა მისცა, ვადის გასვლის შემდეგ კი „რუსთავი 2“-ის, TV „პირველის“ და „კავკასიას“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრო არ განმარტავს, თუ რატომ არ დაადო ინკასო პროსახელისუფლებო ტელეკომპანიებს „იმედს“ და „მაესტროს“, 27 მილიონი ლარის დავალიანებას ბიუჯეტს რა სქემით და რა დროში დაუბრუნებენ ეს ტელევიზიები. ტელეკომპანია იმედის იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს:

„ტელეკომპანია იმედს, 1 ოქტობრიდან მიმდინარე დავალიანება არ აქვს და ინკასოც არ გვეკუთნოდა. ძველ ვალს ბოლო თეთრამდე დავფარავთ, როდის და როგორ ამაზე ფინანსთა სამინისტოსთან კონსულტაციებს გავდივართ“ - აცხადებს იმედის იურისტი.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა, ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა „შექმნას თანაბარი საგადასახადო პირობები მაუწყებლებისათვის და საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი გახადოს“.