სინათლის ზონა

სინათლის ზონა

ცხინვალიდან 500 მეტრის მოშორებით სოფელი ნიქოზია, ომის დროს დამობმილი და გაძარცვული. ომის კვალი მას დღესაც ატყვია, სახლების დიდი ნაწილი აქ დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 2008 წლის აგვისტოში.

ცხინვალიდან 500 მეტრის მოშორებით სოფელი ნიქოზია, ომის დროს დამობმილი და გაძარცვული. ომის კვალი მას დღესაც ატყვია, სახლების დიდი ნაწილი აქ დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 2008 წლის აგვისტოში. ამის მიზეზი ერთის მხრივ ისაა, რომ სახლების ნაწილი აღდგენას აღარ ექვემდებარება, მეორე კი ის, რომ რეაბილიტაციისთვის ხელისუფლების მიერ გაღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ნიქოზში საეპისკოპოსო რეზიდენცია იყო განთავსებული. 2008 წლის აგვისტოშიც, აქ, ჩვეულებისამებრ მიდიოდა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესიის 14 მსახური ერთად ტრაპეზობდა იმ ავბედით დღესაც, როდესაც ყოველგვარი ჰუმანიტარული სამართლის კანონმდებლობის დარღვევით, ეპისკოპოსის რეზიდენციას კასეტური ბომბები მოხვდა და ირგვლივ ყველაფერი დაიწვა. ჰუმანიტარული სამართალი და ომის კანონმდებლობა უძლური აღმოჩნდა ნიქოზის მე-11 საუკუნის კულტურული ძეგლების დასაცავად. ვინც 2008 წლის აგვისტოში ნიქოზში მოხვდა, არასდროს დაავიწყდება ხმაური, რასაც ფერფლად ქცეული შენობების კედლები და სახურავები გამოსცემს ფეხის დადგმისას.

მეუფე ესაია ცხინვალისა და ნიქოზის ეპოსკოპოსია. ომის დროს მას ნიქოზი არც ერთი წუთით არ მიუტოვებია, იქ იყო დაბომბვის დროსაც და დღესაც იქაა, უამრავი ახალი იდეითა და ჩაუკვლელი სურვილით, შექმნას სინათლის ზონა ნიქოზში, კონფლიქტის გულისგულში, იქ სადაც ცხოვრება რისკია. ვისთვისაც ეს სიტყვები პათეთიკური რიტორიკაა, შეუძლია წარმოიდგინოს ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებული სოფელი, ორი წლის წინანდელი ომის ეპიცენტრი და ანიმაციური სტუდია ბავშვებისთვის, სწორედ ამ ადგილას.

მეუფე ესაიას სოციალური პროექტების ნუსხა მხოლოდ ანიმაციური სტუდიის ჩამოყალიბებითა და აღჭურვით არ შემოიფარგლება. მისი ინიციატივით ბავშვებისთვის, რომლებიც ზემო ნიქოზსა და მომდებარე სოფლებში ცხოვრობენ, ინგლისური ენის შესწავლაც იქნება ხელმისაწვდომი და ხატვისა და მუსიკის კურსებზე სიარულიც. ინგლისური ენის მასწავლებელი მან ამერიკიდან ჩამოიყვანა. იგი ქართული ენის მცოდნე, ქართულ კულტურაზე შეყვარებული ამერიკელია. განათლებას მეუფე ესაია იმ გასაღებად მიიჩნევს, რომელიც ყოველგვარი კონფლიქტიდან გამომავალ კარს აღებს, ამიტომაც ცდილობს ნოქოზელმა და ზოგადად კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ბავშვებმა ბევრი ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ და თავად შექმნან ისეთი გარემო, სადაც ცხოვრება ყველასთვის სასურველი იქნება.

ამჟამად ნიქოზის სამონასტრო კომპლექსი ნაწილობრივ აღდგენილია, ომის დროს დაბომბილ საეპისკოპოსო სახლს სახურავი უკვე აქვს. სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს. ნიქოზელი ბავშვებისთვის მეუფე ესაიას ინიციატივით თეატრალური დადგმებიც ეწყობა, რომელშიც ისინი თავად არიან მსახიობები და წინ კიდევ არაერთი მწვერვალია, რომელისკენ სავალი გზის გაკვალვავის შესაძლებლობების შესახებ მუდმივად ფიქრობს ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი.