17 ოქროს, 8 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი - ასეთი წარმატებული გამოდგა გასული კვირა ქართული სპორტისთვის, ამჯერად მორაგბეებმა, ძალოსნებმა ძიუდოისტებმა და მოკრივეებმა გვასახელეს. ისტორიულ გამარჯვებას საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მიაღწია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მოგება პირველად შეძლო, თან ფინალში ყველაზე უხერხული მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი 8-3 დაამარცხა.
ევროპირველობაზე, რომელიც პოლონეთში გაიმართა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეოთხედფინალი ჰოლანდიას 69-12 მოუგეს, ნახევარფინალში პორტუგალიას 25-0 სძლიეს და 31 მარტს, ოქროს მედლებისთვის მატჩში, ქუთაისელების ვანო კარკაძის ლელოთი და ლაშა ლომიძის საჯარიმოთი ფრანგებს შანსი არ დაუტოვეს.
2015 წლის შემდეგ ეს ზედიზედ მეოთხე ფრანგულ-ქართული ფინალი იყო და წინა სამ „ოქროს მატჩში“ განცდილი მძიმე მარცხისთვის (2015-ში 0:57, 2016-ში 0:42 და 2017-ში 18:36) ქართველებმა ღირსეული რევანში აიღეს. საქართველოს U18 ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი ამბობს:
გადამწყვეტ მატჩში ჩვენმა ბიჭება ის დიდი გული, შემართება და ვაჟკაცობა ანახეს, რამაც ეს დიდი, ისტორიული გამარჯვება მოგვიტანა“დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ფრანგების თამაში გავაანალიზეთ, მწვრთნელებმა ფინალამდე დიდი სამუშაო გავწიეთ, ყველა დეტალი შევისწავლეთ, რის შემდეგაც გადამწყვეტ მატჩში ჩვენმა ბიჭებმა ის დიდი გული, შემართება და ვაჟკაცობა ანახეს, რამაც ეს დიდი, ისტორიული გამარჯვება მოგვიტანა.“
ქართველი ძალოსნების ტრიუმფით აღინიშნა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 1 აპრილს დასრულებული კონტინენტის პირველობა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა 10 ოქროს, 3 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
3-3 ოქრო ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) და ანასტასია ჰოტფრიდმა (90 კგ) მოიგეს, 2-2 ოქრო და თითო ვერცხლი შოთა მიშველიძემ (62 კგ) და რევაზ დავითაძემ (85 კგ), თითი ბრინჯაო თათია ლორთქიფანიძემ (69 კგ) და გოდერძი ბერდელიძემ (56 კგ), ხოლო ერთი ვერცხლის მედალი ირაკლი თურმანიძემ (+105 კგ) დაიმსახურა.
მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძე მორიგი ტიტული უპრობლემოდ მოიგო, თუმცა, ამჯერად ლაშამ ვერ შეძლო მისივე მსოფლიო რეკორდის ერთი კილოგრამით გაუმჯობესება, ატაცში 221 კგ ვერ დაძლია, რის გამოც გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა:
ბოლომდე ვერ გავამართლე იმედები, პატარ-პატარა პრობლემების და ტრავმის გამო ვერ დავძლიე სარეკორდო წონა, მაგრამ არა უშავს"ლაშა ტალახაძე, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი
„ბოლომდე ვერ გავამართლე იმედები, პატარ-პატარა პრობლემების და ტრავმის გამო ვერ დავძლიე სარეკორდო წონა, მაგრამ არა უშავს, 2019 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ტარდება და ყველანაირად ვეცდები ეს ყველაფერი გამოვასწორო.“
5 ოქროთი, 3 ვერცხლით და 6 ბრინჯაოთი დაასრულეს თბილისის გრან-პრი გუშინ ქართველმა ძიუდოისტებმა. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ 38 ქვეყანას შორის იპირველა.
ჩემპიონები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი(60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი(66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი(73 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი(81 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები - ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ფრიდონ გიგანმა (73 კგ) და გიორგი პაპუნაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.
ბრინჯაოს - თემურ ნოზაძე (60 კგ), ლაშა ჩადუნელი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და 17 წლის აბაშელი მარიამ ჭანტურია (70 კგ) დაეუფლნენ, რომელიც ქალთა ძიუდოს ამომავალი ვარსკვლავია. ბრიონჯაოსთვის ბრძოლაში მარიამმა გერმანელ მეტოქეს ნატკენი ხელით აჯობა.
ახალ სპორტის სასახლეში ქართველი გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერის ფონზე, თბილისის გრან პრი მოიგო გურამ თუშიშვილმა, ფინალში ირანელ ჯავად მაჰჯოუბთან საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ ტატამზე გააკრა და Eurosport-ის ყურადღებაც მიიქცია:
გრან პრის მეორე დღეს პრობლემები შეგვექმნა, ჩემპიონი არ გვყავდა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჩემი გამარჯვება“გურამ თუშიშვილი, ძიუდოისტი, თბილისის გრან პრის გამარჯვებული
„შეჯიბრის პირველი დღე ძალიან კარგი იყო ჩვენთვის, ოქროს მედლები ავიღეთ, 60 კგ წონით კატეგორიაში ერთი მედალიც კი არავის დავუთმეთ, მეორე დღეს პრობლემები შეგვექმნა, ჩემპიონი არ გვყავდა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჩემი გამარჯვება.“
რუმინეთის ქალაქ ტარგუ ჟიუში კი 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კრივში, კონტინენტის ჩემპიონის ტიტული პირველად ლაშა გურულმა (64 კგ) მოიპოვა. რუსთაველმა მოკრივემ ჯერ უნგრელი, შვედი, მოლდოველი და გერმანელი სპორტსმენები ჩამოიცილა გზიდან, ფინალურ ორთაბრძოლაში კი თურქი თურგულჰან ერდერიმი მსაჯთა გადაწყვეტილებით 4:1 დაამარცხა. ამან ისე გამოიყვანა მწყობრიდან თურქი სპორტსმენი რომ მან დებოში მოაწყო, თურქი ფანები აიყოლია და რინგს კარგა ხანს არ ტოვებდა.
საქართველოს ვერცხლის მედლები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 2017 წლის გამარჯვებულმა სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და გიორგი ხარაბაძე (75 კგ), ბრინჯაო კი ოთარ ნავერიანმა (60 კგ) მოუტანეს. ალახვერდოვმა ფინალური ორთაბრძოლა რუსეთის სახელით მოასპარეზე ისლამ აბუმუსლიმოვთან დათმო, ხარაბაძემ კი უკრაინელ ოლექსეი ტოკარჩუკთან. ქართული კრივის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 22 წლამდელთა ევროპირველობაზე ოთხი მედალი ავიღეთ.
ევროპის 2018 წლის ჩემპიონი - საქართველო 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები
- თეიმურაზ ჭიჭინაძე - ჯიქი გორი
- ოთარ ლაშხი - ჩოხოსნები თბილისი
- დემურ თაფლაძე (კაპ) - ლელო-სარასენსი თბილისი
- ლაშა ლომიძე - აია ქუთაისი
- ზურაბ ქავთარაძე - ხარები რუსთავი
- ნიკა ცინცაძე - ხვამლი თბილისი
- გიორგი მარგალიტაძე - ლელო-სარასენსი თბილისი
- დავით აბდუშელიშვილი - ლელო-სარასენსი თბილისი
- ვანო კარკაძე - აია ქუთაისი
- ლუკა ჭელიძე - ლელო-სარასენსი თბილისი
- ტარიელ გვიმრაძე - ხვამლი თბილისი
- ვლადიმერ ჩაჩანიძე - ლელო-სარასენსი თბილისი
- ბექა ყორიაული - ლელო-სარასენსი თბილისი
- იოანე იაშაღაშვილი - იუნკერები კიკეთი
- გიგი ლეშკაშელი - ბაგრატი ქუთასის
- ირაკლი მჭედლიძე - ლელო-სარასენსი თბილისი
- საბა კურატიშვილი - არმაზი მარნეული
- ხვიჩა ცოფურაშვილი - სტად ფრანსე საფრანგეთი
- ლუკა მაჭარაშვილი - არმაზი მარნეული
- ნიკოლოზ ღამბაშიძე - ლელო-სარასენსი თბილისი
- მიხეილ ალანია - ჯიქი გორი
- გიორგი თევდორაძე - აია ქუთაისი
- ირაკლი სიმსივე - აია ქუთაისი
- გიორგი მიქანაძე - არმაზი მარნეული
- ბართლომე კალაძე - ჩოხოსნები კიკეთი
- საბა კურტანიძე - ხვამლი თბილისი
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი