ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ახალგაზრდა დემოკრატიებს, ყველა სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისისთვის უწევთ თავის გართმევა. თითქმის ყველა შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, გაჩნდა მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიც. ბევრ ქვეყანაში, ამ ფაქტორებთან ერთად, დემოკრატიული უკუსვლის შიშიც გამოიკვეთა. ერთ-ერთი ფაქტორი კი არჩევნების გამართვას ეხება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ისეთი ქვეყნებისთვისაც კი უპრეცედენტო გამოწვევაა, როგორიც შეერთებული შტატებია. მაგალითად, ამერიკაში დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო ყრილობა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმდა.
ასევე ნახეთ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა": არჩევნების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს
ამ დორისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, თუმცა ასევე რთულია პროგნოზების გაკეთება თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, „ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როდისაა ქვეყანაში დანიშნული არჩევნები.“
ამერიკის "გერმანიის მარშალის ფონდის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე კენტმა თქვა, რომ „საქართველოს, ან შეერთებულ შტატებს, შეიძლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცოტა მეტი დრო ჰქონდეთ. მაგრამ, კორონავირუსი ამ ზაფხულს არ გაქრება და ექსპერტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა იყოს გავრცელების მეორე და მესამე ტალღები. ვფიქრობ, ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს პანდემიას ჩვენს ცხოვრებაზე და როგორ მოქმედებს ის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებზე - იქნება ეს არჩევნები, სასამართლო თუ საკანონმდებლო პროცესი.“
არჩევნების გამართვასთან ერთად, დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერები, არჩევნებზე დამკვირვებლების დასწრებაზეც საუბრობენ. პანდემიას და მასთან დაკავშირებული სამგზავრო აკრძალვებს სადამკვირვებლო მისიებზეც ექნება გავლენა.
ასევე ნახეთ: ასობით გაუქმებული ანგარიში - საქართველო, რუსეთი და ირანი
ერთ-ერთი ყველაზე სანდო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არჩევნებს ტრადიციულად აკვირდება, "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა" (ეუთო).
შეერთებული შტატების წარმომადგენლები საქართველოში არჩევნებს ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" (ოდირი/ეუთო) მეშვეობით აკვირდებიან და ოფისის წარმომადგენლები ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩადიან. ჯორჯ კენტი აცხადებს, რომ "ოდირი" საქართველოში დამკვირვებლების პირველ ტალღას, სავარაუდოდ, ივლისში გაგზავნის. ეს, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვები მოიხსნება, ან მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.
„საქართველოში არსებული ჯანდაცვის სიტუაციიდან ჩანს, რომ [ქვეყანა] მოწინავე ხაზზეა იმ ქვეყნების რიგებში, რომლებმაც მკაცრი ზომები გაატარეს. მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ [დაინფიცირებისა და გარდაცვალების] დაბალი რაოდენობა. იმედია, ეს საქართველოს საშუალებას მისცემს აღადგინოს უფრო აქტიური ჩართულობა,“ თქვა კენტმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ არსებული ვითარება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეწოლას ახდენს. მიუხედავად გამოწვევებისა, კენტის თქმით „ჩვენ ჯანსაღი, წარმატებული, დემოკრატიულად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩამოყალიბების იდეის მიმართ, ერთგულებას ვინარჩუნებთ, რომლებიც შეძლებენ თავი გაართვან ისეთ გამოწვევებს, როგორიც დღეს კორონავირუსია, თუ მომავალში ეკონომიკური ან პოლიტიკური დისკორსი იქნება.“
არჩევნების დეტალებზე საუბარი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურობას იძენს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია ამბობს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, ქვეყანამ არჩევნების ორგანიზებაზე და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მუშაობა არ უნდა დაივიწყოს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დღეს სრულად გაუგებარია როგორ გაიმართება არჩევნები 6 თვეში, ან რა ცვლილებები შევა კოდექსში.
ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან."