კოვიდ-19-მა ბევრი ადამიანის გეგმა, სასწავლო პროგრამა თუ სამუშაო განრიგი შეცვალა. მათ შორის იმ პროფესიონალებისაც, რომლებიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლაში, ერთ-ერთი არჩევითი პროგრამის ფარგლებში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს, მის ისტორიას, მისი პოლიტიკური თუ სოციალური გამოწვევების და სხვა საკითხების შესახებ სწავლობდნენ.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლაში მოქმედი პროგრამა „გლობალ პერსპექტივ რეზიდენსის“ სტუდენტებს ამა თუ იმ ქვეყნის მმართველობის, პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. პროგრამის ხელმძღვანელების თქმით, უნივერსიტეტი ამგვარად პოლიტიკური პროფესიონალების მომზადებას და საერთაშორისო ურთიერთობებში მეტ ჩართულობას, მეტი ცოდნის გაცვლის ხელშეწყობას ცდილობს. წელს, გაზაფხულის სემესტრში, 6 კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს შესახებ სწავლობდნენ.
ნატალია დინელო, პროგრამისა და კურსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო წელს პირველად შეირჩა, თუმცა მანამდე სტუდენტები სწავლობდნენ და მოგზაურობდნენ ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბრიტანეთი, ბელგია, ესპანეთი, ბრაზილია, სამხრეთ ამერიკა.
"საქართველომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, კვლავ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მონდომება და ერთგულება აშკარაა. მეორე მხრივ, რაც აბსოლუტურად ნათელია, ეს საქართველოს დასავლური ორიენტაციაა, მისი ერთგულება იმ იდეისადმი, რომ გაკეთდეს ყველაფერი რაც შესაძლებელია ევროკავშირთან ინტეგრირებისთვის, ქართველები გრძნობენ თავს ევროპელებად, მიუხედავად ყველა იმ რუსული თუ სხვა გავლენისა, რომელიც დებარეობის გამო ისტორიის მანძილზე ყოფილა", - ამბობს დინელო და განმარტავს, რომ პროგრამის სტუდენტები სხვადასხვა სფეროში უკვე აქტიურად ჩართული და კარიერის მქონე სპეციალისტები არიან, პოლიტიკის, საჯარო მმართველობის, სტრატეგიული კომუნიკაციების, სამხედრო თუ სხვა მიმართულებით. მათი ამჟამინდელი და მომავალი პოზიციები კი შესაძლოა საქართველოსთვის ძლიერ გამოსადეგი იყოს მით უფრო, რომ ისინი თავად არიან პოლიტიკაში ან ამა თუ იმ კანონმდებლის ან პოლიტიკოსის მრჩევლები არიან:
"ამ პროგრამის მონაწილეები საინტერესო და შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო გავლენიანი ადამიანები არიან. ისინი მუშაობენ ან იმუშავებენ არჩეული პოლიტიკოსების დამხმარეებად, ან თავად იქნებიან პოლიტიკოსები. ამ ადამიანების ხმას და რჩევას, რომლებმაც ამდენი იციან საქართველოზე, აქვს გავლენა, აქვს ძალა", - ამბობს დინელო ჩვენთან საუბარში.
Your browser doesn’t support HTML5
"ვიფრული რეზიდენტურის" პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის საჰაერო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, ინდიანის შტატის პროკურორის ყოფილი მოადგილე გარი ქრონია. ქრონი ამბობს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ დასავლეთში უკეთესი წარმოდგენა და გამოწვევებთან გამკლავებაში მეტი დახმარებაა საჭირო. ამასთან, მისი აზრით, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თუ დიპლომატებთან ღია და ხანგრძლივი დისკუსიები, მათთვის უნიკალური ღირებულების მქონე შესაძლებლობა იყო.
Your browser doesn’t support HTML5
„რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ე.წ. „სტატუს ქვო“, თქვენი პრობლემები კვლავ გადაუჭრელია და ისინი უფრო მარტივი არ ხდება, ვფიქრობ, ჩვენს ხალხსა და ჩვენს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აქვს სათამაშო თქვენს დასახმარებლად. ამ სიტუაციის შესახებ კი, რომელშიც თქვენ ხართ, თუკი ამერიკელებს უკეთესი წარმოდგენა ექნებათ, ისინი იქნებოდნენ [უფრო] მხარდამჭერები, ეტყოდნენ საკუთარ კანონმდებლებს და პოლიტიკოსებს, რომ ისინი მეტს უნდა აკეთებდნენ თქვენი ქვეყნის დასახმარებლად, მეტად იყვნენ ჩართულნი თქვენი რეგიონის საკითხებში“, - ამბობს ქრონი და დასძენს, რომ მისთვის სამწუხაროა, რომ ამერიკაში შესაძლოა მოსახლეობის დიდ ნაწილს „ჯორჯია“ მხოლოდ შტატი ეგონოს:
"ვფიქრობ არსებობს ჩვენთვის, შეერთებულ შტატებში ტენედენცია, და ასეა ბოლო რამდენიმე წელიწადშიც, რომ ვფიქრობთ, რა იქნება ამაში ჩვენთვის, (სასარგებლო), რას მივიღებთ აქედან. და დავკარგეთ იმ აღქმის ნაწილი, რომ არის ხალხი, რომელსაც ჩვენი დახმარება გამოადგება. შიდა დაყოფების გამო, გვიჭირს ჩვენი საზღვრების მიღმა საკითხებზე ფოკუსირება."
Your browser doesn’t support HTML5
პროექტის ქართველი პარტნიორები „სექტორი 3 - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ და ფონდი „პროდემოსი“ არიან. პროგრამის მონაწილეები ერთთვიანი დატვირთული სასწავლო რეჟიმის შემდეგ, როგორც წესი, შერჩეულ ქვეყანაში 1 კვირის გასატარებლად და შეხვედრების გასამართად მიემგზავრებოდნენ. პანდემიის გამო სტუდენტებმა საქართველოს „პოლიტიკურ სივრცეში მოგზაურობა“ მხოლოდ ვირტუალურად შეძლეს. მაგრამ 8-საათიანი დროითი განსხვავებისა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობის არქონის მიუხედავად, „სექტორი 3 - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ დისტანციური შეხვედრები ეფექტური, აქტიური და საინტერესო იყო. პროგრამაში ჩართული პროფესიონალები კი საქართველოს საკითხების მცოდნე და მისი ინტერესების მხარდამჭერები იქნებიან შეერთებული შტატების დედაქალაქში.
"ეს არ არის მომავლის საკითხი, ეს ხდება დღეს, ჩვენი პროგრამის მონაწილეები არიან წარმატებული სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით: დაწყებული უსაფრთხოების საკითხებით, დამთავრებული სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებით. მუშაობენ საერთაშორისო განვითარების პროექტებში და ა.შ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველოს მეგობართა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, საგანმანათლებლო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობ, მეტი პარტნიორის გაჩენა კაპიტოლიუმის ბორცვზე და ა.შ. ის, რაც დაეხმარება საქართველოს მისი სტრატეგიული ინტერესების მაქსიმალურად პოზიტიურად წინ წამოწევაში, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ბევრი, კარგი მეგობარი", - ამბობს ქეთევან ჩაჩავა.
ონლაინ-შეხვედრებში პროგრამის მონაწილეებს აშშ-ში საქართველოს ელჩი, პარლამენტის ჩავმჯდომარე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები, ისევე როგორც პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქეთი ჩაჩავა ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან გამოგზავნილი სამადლობელი წერილის სიტყვებსაც იხსენებს: "მოგვწერეს, იცოდეთ, რომ ვაშინგტონში საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალიან კარგი, 10 ახალი ელჩი შეიძინეთო. ძალიან გვიხარია, რომ მართლაც ასეა“.
პროგრამის ავტორებსა და ინიციატივის პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ამ და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის საქართველოში მოგზაურობა საინტერესო, სექტორებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა კი კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება.