მსოფლიოს ლიდერები ბაიდენს და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ბორის ჯონსონი

"ვულოცავ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას და კამალა ჰარისს მის ისტორიულ მიღწევას".

"შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და სულმოუთქმელად ველოდები ახლო თანამშრომლობას საერთო პრიორიტეტების მიმართულებით - კლიმატური ცვლილებებით დაწყებული, ვაჭრობით და უსაფრთხოებით დამთავრებული".

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

"გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის. ჯო, ჩვენ 40 წლის მანძილზე ხანგრძლივი და თბილი პირადი ურთიერთობა გვქონდა, გიცნობ როგორც ისრაელის დიდ მეგობარს. სულმოუთქმელად ველი თქვენთან, ორივესთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებს და ისრაელს შორის არსებული განსაკუთრებული ალიანსი.

"მადლობა დონალდ ტრამპ მეგობრობისთვის, რომელიც შენ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და პირადად ჩემთან გამოიჩინე, იერუსალიმის და გოლანის [მაღლობების] ცნობისთვის, ირანთან მედგრად დგომისთვის, ისტორიული სამშვიდობო აკორდისთვის და ამერიკა-ისრაელის ალიანსის უპრეცედენტო სიმაღლეებზე აყვანისთვის".

გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი

"სულმოუთქმელად ველოდები სამომავლო თანამშრომლობას პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენი ტრანსატლანტიკური მეგობრობა შეუცვლელია, თუ ჩვენი დროის დიდ გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატება გვსურს".

იაპონიის პრემიერ-მინისტრი - იოშიჰიდე სუგა

"გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს. სულმოუთქმელად ველოდები თქვენთან მუშაობას, იაპონია-აშშ-ის ალიანსის კიდევ უფრო დაწინაურების მიზნით და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის და მის მიღმა, მშვიდობის, თავისუფლების და აყვავების უზრუნველსაყოფად".

კანადის პრემიერ-მინისტრი - ჯასტინ ტრუდო

"კანადის მთავრობის სახელით, ვულოცავ ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. კანადას და შეერთებულ შტატებს არაორდინალური ურთიერთობა აქვთ - მსოფლიო არენაზე სრულიად გამორჩეული".

"სულმოუთქმელად ველი მუშაობას არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან, მათ ადმინისტრაციასთან, შეერთებული შტატების კონგრესთან, მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ერთობლივად დაძლევის მიზნით".

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი - ურსულა ვონ-დერ ლაიენი

"გულთბილად ვულოცავ ბატონ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულ ამ გამარჯვებას და სულმოუთქმელად ველი რაც შეიძლება ადრე მასთან შეხვედრის შესაძლებლობას.

"ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები მეგობრები და მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთთან ყველაზე ღრმა კავშირები აქვთ. სამყაროში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად და ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების გაჩენის ფონზე, ჩვენი განახლებული პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს".

ნატოს გენერალური მდივანი - იენს სტოლტენბერგი

"გულთბილად მივესალმები ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად არჩევას. ბატონ ბაიდენს ვიცნობ, როგორც ნატოს და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძლიერ მხარდამჭერს".

"შეერთებული შტატების ლიდერობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, ამ არაპროგნოზირებად სამყაროში და მე სულმოუთქმელად ველი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს კავშირი ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას შორის".

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

"ამერიკელებმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩიეს. გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის! ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გვაქვს გასაწევი დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. ამაზე ერთობლივად ვიმუშაოთ"!

დანარჩენი მსოფლიო

ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს გამარჯვებას ასევე ულოცავენ ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერები. მათ შორის არიან: ინდოეთი, უკრაინა, პოლონეთი, პაკისტანი, ირლანდია, ერაყი, ჰოლანდია, ნორვეგია, არგენტინა, ესპანეთი, ჩილე, პერუ, საბერძნეთი, პარაგვაი, ფილიპინები და მრავალი სხვა სახელმწიფო.