მერკელი: აშშ ყოველთვის იქნება ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. 13 წლიანი კარიერის მიწურულს მერკელმა ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზე ციფრული კონფერენციის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის წინა პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ურთიერთობა არც თუ კარგი იყო და ამის მიზეზი, როგორც ის ამბობს, რუსეთთან ურთიერთობის თემა და ნატოს დაფინანსების საკითხი იყო.

აქვე, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენის განცხადებაზე "ამერიკა დაბრუნდა" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა და ევროპასა და ამერიკას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჩამოყალიბდეს. მერკელს მიაჩნია, რომ დასავლეთმა საერთო ამოცანებზე უფრო დიდი აქცენტი უნდა გააკეთოს.

ბოლოს, ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ხელშეკრულება შედგება. " ჩვენ გვაქვს სავაჭრო ხელშეკრულებები მსოფლიოს ბევრ რეგიონთან,"- ამბობს მერკელი და ფიქრობს, რომ ევროკავშირისა და კანადის ხელშეკრულება შესაძლოა იყოს კარგი მაგალითი პროცესის წარმატებისთვის.