ევროპის ქვეყნები კორონავირუსის მზარდ მონაცემებზე შიშობენ

გერმანია აცხადებს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოგზაურებს კოვიდ-19-ზე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ. ქვეყანაში ინფიცირებულთა ერთი დღის განმავლობაში გამოვლენილი რაოდენობა მაისის შემდეგ პირველად აჭარბებს 1000-ს და ქვეყნის ლიდერებს ეკონომიკური აქტივობის კვლავ შეზღუდვის რისკზე აფიქრებს.

მას შემდეგ, რაც რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტმა, გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ, ერთ დღეში 1045 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა თქვა, რომ უფასო სავალდებულო ტესტირება შაბათიდან დაიწყება. ამ ტესტის ჩაბარების შემდეგ, მოგზაურებს და შინ დაბრუნებულებს 2-კვირიანი კარანტინის დაცვა აღარ მოუწევთ. მათ კი, ვინც ტესტის გაკეთებას შეეწინააღმდეგება, შესაძლოა 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

მისივე განმარტებით, მონაცემების ზრდა ნაწილობრივ ტესტირების გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა, თუმცა ვირუსის გავრცელებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასასვენებლად მყოფთა დაბრუნებამ და მოსახლეობის მიერ სოციალური დისტანცირების ნორმების დარღვევამაც შეიტანა.

გერმანია მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიიჩნევს თითქმის ყველა სახელმწიფოს, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა. ევრობლოკში კი კონკრეტულ ტერიტორიებს, როგორებიცაა არაგონი, კატალონია და ნავარი ესპანეთში, ბელგიის ანტვერპენის პროვინცია.

გერმანიის მსგავსი მიდგომა აქამდეც ჰქონდა საფრანგეთს, რომელიც საჰაერო თუ საზღვაო გზით შემოსულ მოქალაქეებსა და ვიზიტორებს ტესტის ჩაბარებას ავალდებულებს. ზოგიერთ სხვა ევროპულ სახელმწიფოში ადამიანებმა ტესტი ქვეყანაში შესვლამდე უნდა ჩაიტარონ.

ბელგიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კი მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში ვირუსი ინტენსიურად ვრცელდება და გასულ თვეში ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა გაორმაგდა. ვირუსთან ბრძოლის ჯგუფის პრესსპიკერმა ფრედერიკ ჯეიკობსმა ახალ მონაცემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები სულ მცირე 13 პროვინციაში იზრდება. იქ ყოველი 100 000 მოქალაქიდან 100 კოვიდ-დადებითია. ეს ნიშნავს, რომ გასულ კვირაში ყოველი ათასი მოქალაქიდან, ერთი ინფიცირებული იყო.

ჯეიკობსი ამბობს, რომ თუკი რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში, დღეში გამოვლენილ შემთხვევათა საშუალო რიცხვი 292 იყო, გასულ კვირას ეს რიცხვი დაახლოებით 68%-ით - 491-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით 30 %-ით მოიმატა.

ბელგიაში ვირუსის გავრცელების ახლანდელი ეპიცენტრი ანტვერპენია. აქ ხუთშაბათს ტესტირების ახალი ობიექტი იხსნება, სადაც დღეში 4000-მდე ადამიანის შემოწმებას შეძლებენ. ხელისუფლება ასიმპტომური ადამიანების შემოწმებასაც გეგმავს. ბელგიაში ამ დრომდე 70 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, სულ მცირე 9 845 ადამიანი კი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.