რამ გადაარჩინა გერმანიის ეკონომიკა?

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გერმანელი ექსპორტიორები ევროზონაში გაწევრიანების შემდეგ, სუსტი ვალუტის გამო სარგებელს ნახულობენ
დიტერ ბურმესტრი საქმის და ჰობის სიყვარულით ცხოვრობს: მუსიკა მისთვის ყველაფერია.

ბერლინში მისი დაფუძნებული კომპანია ძვირადღირებულ აუდიო აპარატურას აწარმოებს. ბურმესტრის სისტემებს პორშესა და ბუგატის მანქანებში შეხვდებით.

საწარმოს მენეჯერს ევროზონის კრიზისთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები აქვს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია კრიზისის ცნება, მითუმეტეს თანამედროვე ეპოქაში. მისი მტკიცებით, ინდუსტრია გამართულად მუშაობს და ეს ავტომწარმოებელთა წარმატებიდანაც ჩანს. ეს ასევე ნათელია დიდი კომპანიების - სიმენსისა და ბაიერის მოგებიდან და რომ არც ბურმესტრის კომპანიის გამოცდილებაა გამონაკლისი, პირიქით, წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა კიდეც.
აღნიშნული კომპანია გერმანული მიტლშტანდის ანუ მცირე ზომის საწარმოს ტიპიური მაგალითია. მას მთლიანად ფლობს მისი დამფუძნებელი. კომპანიაში მხოლოდ 50 თანამშრომელია და მიუხედავად იმისა, რომ დიდი კრედიტებით არ სულდგმულობს, გლობალურ გიგანტურ კომპანიებთან მეტოქეობის უნარი შესწევს.

დიტერს, კომპანიის მენეჯერს, სჯერა, რომ ამგვარი ტიპის კომპანიის განვითარება ძალიან რთულია. მაგრამ გერმანიაში კარგი ნიადაგი არსებობს. არსებობს კარგი ინფრასტუქტურა, დანადგარები, განათლებული და თავდადებული მუშახელი, რაც ძალიან კარგ პირობებს ქმნის კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

გერმანიიის ეკონომიკა, ბოლო კვარტლის მანძილზე 0.3 პროცენტით გაიზარდა. ევროზონის სხვა ქვეყნებმა საუკეთესო შემთხვევაში, სტაგნაციას დააღწიეს თავი, უარეს შემთხვევებში ძლიერი შეკვეცა განიცადეს.

გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ფერდინანდ ფიხტერი ამბობს, რომ გერმანიის ეკონომიკის მდგრადობა სწორედ საშუალო ზომის კომპანიებზეა დაფუძნებული.

მისი თქმით, გერმანიის ეკონომიკის სიძლიერეს სწორედ მცირე და საშალო ზომის კომპანიები განაპირობებს. ამ ქვეყანაში დასაქმებულთა ორი მესამედი სწორედ ამგვარი ტიპის საწარმოებზე მოდის და რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ინდუსტრიაში დახელოვნებულთა 8 პროცენტი სწორედ მიტლშტანდშია დასაქმებული.

ბერლინიდან სწრაფმავალი მატარებლით 6 საათში შტუტგარტში ხვდებით. შტუტგარტი პორშესა და მერსედესის სამშობლოა.

თანამედროვე ავტომობილი აქ 1870იან წლებში კარლ ბენზმა და ნიკოლას ოტომ შექმნეს. გერმანული მანქანათმშენებლობა დღეს ევროპაში უდიდესი სამანქანო ბიზნესია.

ისევ ბერლინში ვბრუნდებით: ბურმესტრის საწყობში დახარისხებული საექსპორტო პროდუქცია შემოსავლის წყაროზე მიუთითებს: აზია. გერმანიის მთლიანი ექსპორტი ევროკავშირს გარეთ, ივნისის თვეში ერთი წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით, 20 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ევროზონის ქვეყნებში ექსპორტი სამი პროცენტით დაეცა.

ანალიტიკოსები აცხადებენ იმასაც, რომ გერმანელი ექსპორტიორები, ევროზონაში გაწევრიანების შემდეგ, სუსტი ვალუტის გამო სარგებელს ნახულობენ.

სოციოლოგიური კვლევები კი აჩვენებს, რომ გერმანელთა ნახევარს გერმანულ მარკაზე გადასვლა სწადია. ევროზონის კრიზისის დაწყების დღიდან ეს მაჩვენებელი უცვლელი რჩება.

თუ გერმანია სამომავლოდ ეკონომიკურ რეცესიას აუვლის გვერდს, მიმომხილველები ამ მოვლენას სწრედ ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებად ჩათვლიან.