გერმანიაში იმიგრანტების ბედი გაურკვეველია

იმიგრანტები კანონის შეცვლას ითხოვენ და უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებენ

Your browser doesn’t support HTML5

ევროპა


ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპაში ჩასულ იმიგრანტებს სტატუსის მისაღებად მთავრობის გადაწყვეტილებისთვის დიდი ხანი უწევთ ლოდინი. გასულ წელს მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ ლოდინი გაჭიანურდა. გერმანიაში, ავსტრიაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იმიგრანტებმა დროებითი დაკავების ცენტრები დატოვეს და თავიანთი კარვები სხვა ადგილებში გაშალეს. ისინი ამ ნაბიჯით ყურადღების მიპყრობას შეეცადნენ. ერთერთი ასეთი ბანაკი ბერლინთან ახლოს დღემდე მოქმედებს. აქ იმიგრანტებს ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ სკატურო არკვევდა.

ოქტომბერში, გერმანიაში ჩასული იმიგრანტები სხვადასხვა ადგილებიდან ბერლინის მიმართულებით დაიძრნენ და დედაქალაქის შემოგარენში კროზბერგის უბანში დაბანაკდნენ. ამით მათ გერმანიის ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სცადეს. ბანაკი იმიგრანტების ძალებით დღესაც არსებობს. ამთ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მათ შორის არის ამერიკელი წარმოშობის ახალგაზრდა ქალბატონი:

„ჩვენ ინფორმაციის ცენტრი შევქმენით. უამრავი იმიგრანტი მოდის და გვეკითხება თუ სად შეიძლება რომ გამოიკვებონ, მიიღონ შხაპი ან გარეცხონ ტანისამოსი. ჩვენ გავაკეთეთ საკმადო დიდი მონაცემთა ბაზა, სადაც აღნუსხული არიან მოხალისე მაცხოვრებლები, რომლებიც იმიგრანტებს ეხმარებიან.“

ბანაკი საკმაოდ ვრცელია. აქ არის სპეციალური კარავი, სადაც იმიგრანტებს სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ. აქვე არის რამდენიმე კარავი, სადაც ღუმელები დგას და იმიგრანტები თბებიან. ბანაკის უკანა მხარეს, ერთ დიდ კარავში სამზარეულოა მოწყობილი. აქ ახალგაზრდა კაცი მუშაობს, რომელიც მალიდან ჩამოვიდა და თავის სახელს არ ამჟღავნებს. ის ამბობს, რომ ჯერ იტალიაში ჩავიდა, შემდეგ კი გერმანიაში მატარებლით ჩამოაღწია. იტალიაში კი ლიბიიდან მოხვდა. სუდანელმა იმიგრანტმა ნაპოლი პოლანგამ თავშესაფარი ჯერ ფრანკფურტში მიიღო. თუმცა, მიანიჭებდა თუ არა გერმანიის მთავრობა დევნილის სტატუსს, არ იცოდა.

„ჩვენ არ ვიცით ეხლა რა ვქნათ. გვითხრეს, რომ უბრალოდ ვიკვებოთ და ვიძინოთ. ეს არ არის ის რაც გვინდა. ამიტომ გამოვედით, რომ რაღაცნაირად თავი შევახსენოთ მთავრობას.“

ნაპოლი ამბობს, რომ გერმანიაში დარჩენა და გადაადგილების უფლება სურს.
ოლივერ მოჰრი იმიგრაციის მინისტრის მარია ბომერის პრესსპიკერია. ის ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერი კანონმდებლებზეა. მათ სპეციალურ კანონში შესატან ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი. მანამდე კი, გერმანიაში დაბანაკებული იმიგრანტების ბედი გაურკვეველია. მესამე ქვეყნებიდან, მაგალითად იტალიიდან ჩასულ იმიგრანტებს დეპორტაცია ისევ მესამე ქვეყანაში ელით. ამას კი ევროკავშირის საიმიგრაციო კანონი ითვალისწინებს. იმიგრანტები აღნიშნული კანონის შეცვლას ითხოვენ და მათი უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.