ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭირვალობის კუთხით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

საქართველოსთან ერთად პირველ ხუთეულში შედის ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია.

რეიტინგები, სადაც საქართველო მონაწილეობს ვიტყოდი, რომ ყველა ობიექტურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინდექსების შექმნაში მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოება, რაც ქმნის ობიექტურობის მეტ განცდას
მამუკა ბახტაძე

„ღია ბიუჯეტის კვლევა“ მსოფლიოში ერთადერთი დამოუკიდებელი, შედარებითი კვლევაა, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ზედამხედველობის პროცესს და საზოგადოების ჩართულობას სწავლობს. 2017 წლის ანგარიშში 115 ქვეყანა შევიდა. საქართველო მაქსიმალური 100-დან 82 ქულითაა შეფასებული.

ანგარიშის პრეზენტაცია დღეს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში გაიმართა. ანგარიშზე და მასში ასახულ წარმატებაზე სასაუბროდ მოწვეული იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მინისტრმა თქვა, რომ კვლევა ობიექტურია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ ასეთ პრესტიჟულ რეიტინგში დავიკავეთ მეხუთე ადგილი. ეს არის ხუთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაქსიმალური გამჭვირვალობის ინდექსი საჯარო ფინანსების მართვაში. ჩვენ ქვეყანას აქვს ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის უმუშევრობის შემცირება და სამუშაო ადგილების გაზრდა. ასეთ რეიტინგებში დაწინაურება გვეხმარება მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და შევქმნათ კარგი საინვესტიციო გარემო“, ამბობს ბახტაძე.

მინისტრი ამ შეფასებას სხვა რეიტინგებში მონაცემების გაუმჯობესებისთვის „მნიშვნელოვან წინაპირობას“ უწოდებს.

„რეიტინგები, სადაც საქართველო მონაწილეობს ვიტყოდი, რომ ყველა ობიექტურია. ღია ბიუჯეტის ინდექსის შეფასებას ახორციელებს არასამთავრობო სექტორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინდექსების შექმნაში მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოება, რაც ქმნის ობიექტურობის მეტ განცდას“, ამბობს მინისტრი.

ჩვენს პარტნიორებთან საუბრით ვიგებთ, რომ პროგრესი უკავშირდება დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც ვარდების რევოლუციას მოყვა. როგორც ჩანს, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების მიღებას და დამკვიდრებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
ვივეკ რამკუმარი

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ სახელმწიფო ბიუჯეტს და შვიდ ძირითად დოკუმენტს სწავლობს. კვლევა აფასებს, როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ამ რვა დოკუმენტში შესულ მონაცემებს, ასევე იმას, თუ რამდენადაა ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ ერთ-ერთი დირექტორი ვივეკ რამკუმარი ამბობს, რომ საქართველოს მაჩვენებელი ყოველ წელს უმჯობესდება.

„ჩვენს პარტნიორებთან საუბრით ვიგებთ, რომ პროგრესი უკავშირდება დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც ვარდების რევოლუციას მოყვა. როგორც ჩანს, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების მიღებას და დამკვიდრებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. ის არ მდებარეობს დასავლეთ ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ რეგიონების ქვეყნებს, ზოგადად, მთავრობის შეფასებისას კარგი მონაცემები აქვთ. საქართველო ჩვენთვის მაგალითია სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა მთავრობაში არსებობს პოლიტიკური ნება, ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესება შესაძლებელია“, ამბობს რამკუმარი.

დოკუმენტებთან ერთად „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ ასევე აკვირდება საბიუჯეტო პროექტში მოქალაქეების ჩართულობას. ამ ნაწილში საქართველო მხოლოდ 22 ქულითაა შეფასებული. „საქართველოში მოქალაქეებს არ ეძლევათ საკმარისი შესაძლებლობა ჩაერთონ საბიუჯეტო პროცესში“, ვკითხულობთ ანგარიშში.

ამ მონაცემის გასაუმჯობესებლად კვლევის ავტორები საქართველოს მთავრობას საპილოტე პროგრამის დაწყებას ურჩევენ, რომელიც მთავრობის აღმასრულებელ შტოს და საზოგადოებას შორის იდეების გაცვლას შეუწყობს ხელს ისეთ საკითხებზე როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმულირების პროცესი და მისი მონიტორინგი.

ქვეყნების ბიუჯეტის შეფასებისას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ ბიუჯეტებს ადგილობრივ არასამთავრობო პარტნიორთან ერთად აფასებს, საქართველოში ორგანიზაციის პარტნიორი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა“, რომელიც პროექტში 2012 წელს ჩაერთო, მაშინ საქართველოს მაქსიმალური ასიდან მხოლოდ 55 ქულა ჰქონდა.