ნამახვანჰესის წინააღმდეგ 170 დღეზე მეტია პროტესტი არ წყდება. უკვე მეორე დღეა აქციის მონაწილეებს საშუალება არ ეძლევათ მივიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში აწყობდნენ აქციას. გზა პოლიციას აქვს ჩაკეტილი. სწორედ ამის გამო, აქციის მონაწილეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს და დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს.
ათობით აქციის მონაწილე ამ დროისთვის სოფელ გუმათში კომპანია "ენკას" ერთ-ერთ შენობასთან არის შეკრებილი. აქციის მონაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა გააფრთხილა, რომ თუკი გზას არ გაათავისუფლებენ, პოლიცია მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებს.
"რიონის ხეობის გუშაგები" გეგმავენ, გადაკეტონ შემოვლითი გზები, რომლითაც პოლიცია და კომპანიის მანქანები გადაადგილდება.
აქციის მონაწილეებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე იყო, მათ შორის, 12 მარტს, მაშინ როცა აქციის მონაწილეებთან შეხვდრაზე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს. დღეს აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნათია თურნავა უნდა გადადგეს, ხოლო მოლაპარაკები პრემიერ-მინისტრთან უნდა წარიმართოს. ამ დრომდე ირაკლი ღარიბაშვილს აქციის მონაწილეების შეთავაზებაზე განცხადება არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ: რუსული ოკუპაცია - შემზარავი ტრაგედია ენგურზეაქციის მონაწილეების განცხადებების საპასუხოდ დღეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. თურნავა თვლის, რომ ის მზად არის შეხვედრები გაგრძელდეს.
"ჩვენ დიალოგი არასოდეს შეგვიწყვეტია. ჩვენ არათუ მზადყოფნას გამოვთქვამთ გავაგრძელოთ შეხვედრები, განმარტებები, კითხვებზე პასუხების გაცემა, არამედ პროცესი მიმდინარეობს... აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აქტივისების პოზიციას, ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს - მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს", - ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.