უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პარლამენტთან პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის წინ, პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ორგანიზებით, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვიც, რომელმაც ფოტოები გვირგვინით შეამკო.

ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, გუშინ ირპენთან ბრძოლაში სამხედრო ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმსატყორცნების ცეცხლის შედეგად​ დაიღუპნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

ასევე ნახეთ: რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი მეომარი დაეცა

24 თებერვლის სამხედრო აგრესიას ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.

პუტინმა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

რუსული ჯარი უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს. უკრაინაში ქართულ ლეგიონში ათობით ქართველი სამხედრო იბრძვის და უკრაინის დამოუკიდებლობას იცავს.