ორ წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ, ქართული არმიის კაპრალი, მესანგრე ზვიად კობალაძე ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა. კობალაძე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში სოფელ ავნევში ჩაუვარდა ხელში ოს სეპარატისტებს და ერთადერთი ტყვე იყო, რომელიც სამხედრო ტყვის სტატუსით სარგებლობდა.
პროპაგანდისტური მიზნებით ოკუპანტებმა კობალაძის გამოყენება 2008 წლის ნოემბერში სცადეს და იგი ცხინვალში რუსეთის ცენტრალურ სატელევიზიო არხებს წარუდგინეს.
რუსმა ჟურნალისტებმა მოგვიანებით ქართველ კაპრალს მიაწერეს განცხადება, რომ საქართველოს არმიამ ცხინვალზე იერიშის ბრძანება 7 აგვისტოს გამთენიისას მიიღო, თუმცა გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ რუსული თარგმანი კობალაძის სულ სხვა ფრაზაზეა გადადებული.
გუშინ კობალაძეს პრესასთან კომენტარის გაკეთების უფლება არ მისცეს. კაპრალის ახლო ნათესავი, თადარიგის გენერალი კობა კობალაძე ამბობს, რომ ზვიად კობალაძეს მოქალაქეობის შეცვლას აიძულებდნენ:
„მოქმედება, მოღვაწეობა და შრომა დაფასდა, რომელსაც კერძოდ, უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა. სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებებსაც, ურთიერთობასაც და შესაბამისად, ჩვენ ყველანი პასიურ რეჟიმში ვიყავით გადართულნი, იქედან გამომდინარე რომ ჩვენი სახით ხელის შემშლელი ფაქტორები არ ყოფილიყო.
ციხეში რამოდენიმეჯერ იყო ზვიადის მიმართ შეთავაზება, რომ უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ეღიარებინა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და ეუბნებოდნენ რომ პრობლემა მოუგვარდებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მან აირჩია რთული, მძიმე და მართალი გზა და შესაბამისად დღეს უკვე სამართალი შედგა.“
ცხინვალის მხარემ კობალაძესთან ერთად, კიდევ ექვსი ტყვე ქართველი გაანთავისუფლა: მათ შორის, 78 წლის ქალბატონი მარო პატარაშვილი, 17 წლის გიორგი ელბაქიძე, დემურ ჭიღლაძე, ბექა და ვაჟა თაყაძეები და დავით კაპანაძე.
ეს უკანასკნელი ჟენევის მოლაპარაკების მონაწილის, ფრონეს ხეობის ყოფილი გამგებლის გონერი კაპანაძის ძმაა. კაპანაძე და ჭიღლაძე სოფელ ჭვრინისთან ზუსტად ორი წლის წინ დააკავეს. გათავისუფლებული დავით კაპანაძის თქმით, ცხინვალის ციხეში პირველი დღეები მათ არადამიანური სისასტიკით ეპყობოდნენ:
„პირველი სამი დღეს ყოველ 20 წუთში ერთხელ მაგარ ცემაში და სასტიკ მოპყრობაში ვყავდით. ალბათ, საკონცენტრაციო ბანაკებში არ ხდებოდა ასეთი რამ.
ბრალდებად იმას გვიყენებდნენ, რომ ჩემი ძმა მოკლეს, ჩემი და, ჩემი ნათესავი მოკლეს... და, ეგ იყო რა, ვიღაცას ვიღაცა მოუკლეს და ჩვენზე იყრიდნენ ჯავრს, მეტი არაფერი.“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ სეპარატისტებს შვიდი ოსი ეროვნების პატიმარი გადასცა, რომლებიც სასჯელს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე იხდიდნენ. მათი უმრავლესობა დღეს ამტკიცებს, რომ მოგონილი ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი და ქართველები სასტიკად ეპყრობოდნენ.
მათ შორისაა, 2006 წელს გორში დაკავებული იური ხაჩიროვი. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი ნარკოტიკებისა და ყალბი ფულის გავრცელებისთვის და სასჯელს რუსთავის ციხეში იხდიდა. იური ხაჩიროვი 15 წლის ალან ხაჩიროვის მამაა, ეს უკანასკნელი კიდევ სამ ოს მოზარდთან ერთად 2008 წლის ოქტომბერში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ოსური მხარე მოზარდების გაუჩინარებას თაობაზე პასუხისმგებლობას დღემდე ქართულ მხარეს აკისრებს.
კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი - სპარტაკ დრიაევი 2000 წლიდან იჯდა ხონის კოლონიაში. ქართულმა მხარემ ასევე გაანთავისუფლა ერთი ქალბატონი, შარშან ივლისში დაკავებული - მზევინარ კაზიევი.
ოსური მხარე ასევე ითხოვდა, ცნობილი ოსი კრიმინალური ავტორიტეტის მარეკ დუდაევის განთავისუფლებას, რაზეც ქართულმა მხარემ ისევ კატეგორიული უარი თქვა. გონერი კაპანაძე ამბობს:
„ორი წლის მანძილზე იყვნენ მძევლები, ცხინვალში, ტყვეობაში, აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებულები. კარგად იცის ყველამ, რომ სეპარატისტები და რუსები ითხოვდნენ ტერორისტებს. მსოფლიო ტერორიზმს ებრძვის და ესენი ტერორისტებს ითხოვდნენ. მაგრამ ჩვენი მთავრობა, პრეზიდენტიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული იყო ძალიან პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით.“
ცხინვალის მხარის მონაცემებით, დღეისათვის, საქართველოს ციხეებში კიდევ 28 ოსური წარმოშობის მოქალაქე იხდის სასჯელს, მათ შორის, 24 ომამდეა დაპატიმრებული, და მხოლოდ, ოთხი მათგანი ომის შემდეგ.
ცხინვალი მარეკ დუდაევთან ერთად, 2005 წელს გორის პოლიციის შენობასთან მომხდარი ტერორისტული აქტის სამი ორგანიზატორის გადაცემას მოითხოვს.
რაც შეეხება ქართველ პატიმრებს, არაოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში კიდევ ოთხი პატიმარია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათი რაოდენობა ორამდე შემცირდა.
ტყვეობაში რჩება 63 წლის ჯემალ მიდელაშვილი, რომელიც 2009 წლის ნოემბერში ახალგორში დააკავეს და შარშან, ოქტომბერში დაკავებული 33 წლის ტყვიაველი ნიკა რაზმაძე. შინაგან საქმეთა სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, რომელიც პირადად მონაწილეობდა გაცვლის პროცესში, ამბობს:
„მე რაც შევამჩნიე შეუიარაღებელი თვალით განთავისუფლებულებს დაზიანების კვალი არ ემჩნევათ, ახლა ისევ დაკითხვაზე არიან და თავად მოყვებიან რა პირობებში იყვნენ. ერთი ეს არის, რომ ყველა ძალიან გამხდარია, ეს თვალშისაცემია.
იქ დარჩენილია ორი ქართველი - მიდელაშვილს წაყენებული აქვს ბრალდება 90-იან წლებში ადამიანის გატაცება და რაზმაძეს - საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მომენტში ჩავატაროთ კიდევ ერთი შეხვედრა და ისინიც გავცვალოთ“
წლის დასაწყისიდან, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ეს გაცვლა უკვე მეორე პოზიტიური ფაქტია. 4 თებერვალს, ოსურმა მხარემ ათ დღიანი ტყვეობის შემდეგ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ქალბატონები: ხათუნა ბოქოლიშვილი და ლაურა გაზაშვილი, ასე 15 წლის ალექსანდრე ბერიანიძე გაანთავისუფლა. თბილისსა და ცხინვალში არ გამორიცხავენ, რომ მორიგი ასეთის სახის შეხვედრა ახლო მომავალში გაიმართოს.