როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მოსკოვში გადაწყვეტენ. „ეს არ არის აფხაზეთი, ცხინვალში სიტუაციის მართვის პულტს თავიდან ბოლომდე მოსკოვი აკონტროლებს“– ამბობს მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში. ამ დროისთვის დე–ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორი გამოკვეთილი მსურველია: კოკოითის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა ცხინვალში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობა რთულია, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და მისი გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრების თანადგომით, კონსოლიდაციითა და რუსეთის ფედერაციის ძმური დახმარებით. ბიბილოვმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ძირითადი პრობლემა, რის წინააღმდგეგაც მოუწევს ბრძოლა მომავალ პრეზიდენტს, კორუფციაა, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებშია ფესვგადგმული. „ეს ხელს უშლის ხალხს იყოს დარწმუნებული საკუთარ ძალებსა და ქვეყნის მომავალში. კორუფციის წინააღმდეგ უნდა გატარდეს უმკაცრესი რეპრესიული ზომები. კანონი ყველასთვის ერთია, მინისტრისთვისაც და ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც. ვინც დააშავებს, მას ციხეში ჩავსვამთ, ხელშეუხებლები ჩვენ არ გვეყოლება“– ამბობს ბიბილოვი, რომლმაც მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და 2012 წლისთვის რესპუბლიკაში უმძლავრეს წინსვლას დაპირდა.
პრეზიდენტობის კანიდატობისთვის მებრძოლ ჯამბოლათ თედეევს კი ორი დღის წინ უზენაესმა სასამართლომაც უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტირირებაზე. უზენაეს სასამართლოს მან ცენტრალური საარჩევნო კომისიდან უარის შემდეგ მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ამ დროისთვის მაინც შესაძლებელია გარკვეული კონტურების მოხაზვა და მოვლენების პროგნოზირება მეტ–ნაკლები ცდომილებით. ცხადია, რომ კოკოითისა და თედეევს შორის ინციდენტი მალე სავსებით ამოიწურება. ამაზე მეტყველებს კოკოითის ორი დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ თედეევის დაპატიმრებული მომხრეები ციხეებიდან უნდა განთავისუფლდნენ. ამ დროისთვის კი თედეევი მოსკოვში იმყოფება და აპირებს შეხვედრების გამართვას რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან. ამის შესახებ „ნაციონალური წინააღმდეგობის“ ოფიციალური საიტი იტყობინება.
აქვეა განცხადებაც, რომლითაც „ნაციონალური წინააღმდეგობა“ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უხსნის, რომ მათ რიგებში სინამდვილეში არ იმყოფებიან ქართველი კრიმინალები. „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიტალი გასიევის მიერ შემუშავებულია პროვოკაციის გეგმა ჯამბოლათ თედეევის წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულნი არიან ქართველი ნაციონალობის და კრიმინალური წარსულის ადამიანები, რომლებმაც სცენარის თანახმად, უნდა განაცხადონ, რომ წამოადგენენ თედეევის მომხრეებს და ასრულებენ მის დავალებებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავად სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლები ამყარებენ კონტაქტს ქართველ კრიმინალებთან. ეს პირები ახერხებენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას ლენინგორის რაიონიდან და აწარმოებენ დანაშაულებრივ ბიზნესს ძალოვანების დახმარებით. ისინი დაკავებულნი არიან მოპარული ავტომანქანების გადაყვანით, რომელთაც შემდგომ წარმატებით აფორმებს სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ადგილი აქვს ასევე ხილისა და ბოსტნეულის შემოტანას ლენინგორიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით,“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია რუბრიკით „სასწრაფო!“.
ქართველებთან კონტაქტის შესახებ კოკოითს ასევე ადანაშაულებს ცხინვალში მოღვაწე პედაგოგი ალა ჯიოევა, რომლის მიმართაც დანაშაულებრივი საქმე აღიძრა დამსახურებული პედაგოგის ჯილდოს მიღებიდან ორთვენახევარში. თავად ქალბატონი ალა მისდამი ხელისუფლების განწყობის ცვლილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. „არ შეიძლება მთელი ხალხი აიძულო მუხლებზე იყოს დაჩოქილი, ოსური მორალი ამას ეწინააღმდეგება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის, ციხისთვისაც და ვიცი, რომ ვერც ერთი რეჟიმი მუხლებზე დაჩოქებას ვერ მაიძულებს. თქვენ გინდათ რეჟიმის ქვეშ ცხოვრება?“– კითხულობს ალა ჯიოევა.
ალა ჯიოევა ერთ–ერთია მათგან, ვინც ფატიმა მარგიევასთან, სარმატ ჯუსოევთან, სოსლან პლიევთან, ინარა გაბარაევასთან და ირინა კოზაევასთან ერთად 4 ოქტომბერს ამჟამად ემიგრაციაში მყოფ ალან ჩოჩიევის ბლოგზე გამოაქვეყნეს „ეროვნული წინააღმდეგობის კომიტეტის“ მიმართვა ევროპარლამენტის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების მიმართ. მიმართვაში ისინი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარებასთან ერთად, ითხოვენ ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფას დე–ფაქტო რესპუბლიკის ტერიტოტიაზე და რეპრესიების შეწყვეტას განსხვავებული აზრის გამო.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ამჟამად დე–ფაქტო პრეზიდენტობის ორივე მსურველი, ბიბილოვიც და თედეევიც მოსკოვში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის დავა მალე ამოიწურება.