მამუ - ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ამერიკაში

სანდრო მამუკელაშვილი NBA-თვის ემზადება

სანდრო მამუკელაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ამერიკული კოლეჯთა ლიგის კალათბურთის ჯილდო - ლეიტენანტ ჯეი ჰაგერტის პრიზი მოიგო. ეს პრესტიჟული პრიზი, რომელიც 1934 წლიდან თამაშდება, ნიუ იორკის მეტროპოლიის კოლეჯების წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა.

21 წლის მამუკელაშვილი ბოლო ოთხი წელი „სეტონ ჰოლის“ კოლეჯის ღირსებას იცადა, 2020-21 წლებში კი საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ქართველი Haggerty-ის პრიზის მოგებამდე, ამერიკის კოლეჯთა ლიგის კალათბურთის (NCAA) Big East-ის კონფერენციის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მამუ ასევე მოხვდა NCAA-ს All-Americans საპატიო სიაში, რომელსაც Associated Press ადგენს. Sports Illustrated-მა კი ამერიკული სტუდენტური კალათბურთის Top 50-ში შეიყვანა.

სანდროსთვის ჯერჯერობით საუკეთესო წელს, მამუ კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდისთვის განკუთვნილი, კარლ მელოუნის პრიზის ხუთ ფინალისტსა და NCAA-ს საუკეთესო მოთამაშის ტროფეისთვის მებრძოლ 30 კანდიდატს შორისაც მოხვდა. 211 სმ სიმაღლის გიგანტი სეზონში, საშუალოდ - 17.5 ქულას და 7 მოხსნას აგროვებდა.

როცა სეტონ ჰოლში ვიწყებდი, არა მგონია ვინმეს ეფიქრა, რომ ამ პრიზის მოგებას შევძლებდი, ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა მთავარი მიზანი NBA-ში მოხვედრაა
სანდრო მამუკელაშვილი, საქართველოს ნაკრების ცენტრი


„როცა სეტონ ჰოლში ვიწყებდი, არა მგონია ვინმეს ეფიქრა, რომ ამ პრიზის მოგებას შევძლებდი, ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა მთავარი მიზანი NBA-ში მოხვედრაა“ - აცხადებს მამუკელაშვილი.

მამუკელაშვილი ჰაგერტის ჯილდოს 87 წლიანი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ მეშვიდე არაამერიკელია, რომელმაც ეს პრიზი მოიგო.

მანამდე ჰაგერტს დაეუფლნენ ევროპული კალათბურთის ლეგენდა, ბერძენი ნიკოს გალისი (1979); ლიეტუველი არტურას კარნიშოვასი (1994), დომინიკელები ფელიპე ლოპესი (1998), ლუის ფლორესი (2003-04), ანგელ დელგადო (2017) და ბრაზილიელი სქოთ მაჩადო (2012).

ეს პრიზი თავის დროზე სამჯერ მოიგო ჯიმ მაკმილანმა, რომელმაც 1972 წელს „ლეიკერსთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონობა იზეიმა. სამჯერ ჰაგერტს ქრის მალინიც ფლობდა, მან აშშ-ს „ოცნების გუნდთან“ ერთად, ლოს ანჯელესისა (1984) და ბარსელონას (1992) ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქრო მოიგო და ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.

სანდრო მამუკელაშვილი 1999 წელს, ნიუ იორკში დაიბადა, თუმცა კალათბურთის თამაში საქართველოში, თბილისის კლუბ „ვეტრაში" დაიწყო, მისი პირველი მწვრთნელი დათო მინდორაძე იყო. შემდეგ ითამაშა აკადემიასა და საქართველოს U14-ში.

15 წლის ასაკში მამუ იტალიაში, ბიელას ცნობილ აკადემიაში მოხვდა და იქ რამდენიმე ასაკობრივ გუნდში გამოიწვრთნა, ახალგაზრდულ ევროლიგაში კი რომის Stella Azzurra-ს ღირსებას იცავდა.

2016 წლიდან მამუკელაშვილი უკვე ამერიკაშია, ჯერ ფლორიდაში, მონტვერდეს აკადემიაში, შემდეგ კი NCAA-ს სეტონ ჰოლში, სადაც სანდრომ ძალიან მოუმატა.

სტუდენტურ კალათბურთში სანდროს მისია ამოიწურა, წინ კი 29 ივლისის NBA-ს დრაფტია. მამუკელაშვილს იმედი აქვს, რომ კიდევ ერთი ქართველი გახდება, რომელსაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩევენ და მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშებს.

თუ დრაფტზე ჩემს გვარს გამოაცხადებენ, ეს დიდებული იქნება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩემი არჩევა ძალიან გაუხარდებათ


„როცა პატარა ვიყავი და საქართველოში ეზოში ბურთის ჩატენვას ვსწავლობდი, იმ დროიდან NBA-ში თამაშზე ვოცნებობ. ეს ყველა კალათბურთელის ოცნებაა. კარგი იქნება, თუ კარიერას ნიუ იორკში გავარგრძელებ - ნიქსში ან ნეტსში..

თუ დრაფტზე ჩემს გვარს გამოაცხადებენ, ეს დიდებული იქნება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩემი არჩევა ძალიან გაუხარდებათ. ამაყი ვარ, რომ ჩემს სამშობლოს ამერიკაში წარმოვადგენ“ - ამბობს მამუკელაშვილი.

მამუკელაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში, 2018 წელი

მამუკელაშვილმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, საქართველოს პასპორტი 2018 წელს აიღო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სერბეთის წინააღმდეგ ჰქონდა.

ევრობასკეტ 2022-თვის, რომლის ერთ ჯგუფსაც თბილისი უმასპინძლებს, ქართველი ფანები მამუზე დიდ იმედებს ამყარებენ. მანამდე კი სანდროს ძალიან დიდი შანსი აქვს გახდეს მეშვიდე ქართველი, რომელსაც NBA-ს დრაფტზე აირჩევენ: ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ვიქტორ სანიკიძის (აირჩიეს, მაგრამ NBA-ში არ უთამაშია), თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის შემდეგ.