საქართველოს ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას. ეს ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ-ო) წინასწარი მონაცემებით დასტურდება.
28 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი, კვლევით ცენტრ „ფსიქოპროექტის“ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში 52,30%-ით იმარჯვებდა და გრიგოლ ვაშაძეს (28,10%) დიდი უპირატესობით უსწრებდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ მიულოცეს ქ-ნ ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება, ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ბრძანა, რომ „ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან“.
სიტუაცია რადიკალურად მომდევნო საათებში შეიცვალა, მას შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმის დათვლის პროცედურის პარალელურად, ცსკო-მ სპეციალურ ვებ-გვერდზე საუბნო შემაჯამებელი ოქმების ეტაპობრივი ატვირთვა დაიწყო.
00:00 საათისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე და "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც მანამდე პირველ ტურში გამარჯვებაზე ღიად მიანიშნებდა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მეორე ტურის გამართვა გარდაუვალია:
იმ 1000 საარჩვენი უბნის მონაცემებით, რომელიც უკვე დათვლილია, გამოიკვეთა და უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური"ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნება"
„იმ 1000 საარჩვენო უბნის მონაცემებით, რომელიც უკვე დათვლილია, გამოიკვეთა და უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას. დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემაჯვა“.
„ქართული ოცნების“ ეგზითპოლისგან განსხვავებით, მეორე ტურის გარდაუვალობა აშკარა იყო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზითპოლის შედეგებით, რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზიაცია Edison Research-მა ჩაატარა. ამ ეგზითპოლით, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა - 40-40% მიიღეს.
მეორე ტურის აუცილებლობა გამოკვეთა კვლევითი ორგანიზაცია BCG Research-ის ეგზითპოლმაც, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ დაუკვეთა. BCG-ს მონაცემებით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე - 37%-ით ლიდერობს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 34% აქვს.
სამივე ეგზითპოლით „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მესამე ადგილზე გავიდა. ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და მომხრეებს წინასწარ მოუწოდა, მეორე ტურში მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ:
თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარიდავით ბაქრაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი
„თუ იქნება მეორე ტური, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია და მეორე ტურში გავა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“.
ცსკო-ს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის კენჭისყრაში, 3 504 082 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, მონაწილეობა სულ 1 637 956-მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში, კერძოდ ქედაში დაფიქსირდა - 64.74%, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულში - 36.47%. შედარებისთვის, წინა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ - 46.6% შეადგინა.
საერთო შეფასებით, არჩევნების დღემ უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, საოლქო საარჩევნო კომისიებში 364 საჩივარია შესული. დარღვევების მონიტორინგს ონლაინ-რეჟიმში "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებდა.
იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს უბნებზე აკვირდებოდნენ, „ქართული ოცნება“ საკუთარი კოორდინატორების მეშვეობით, ამომრჩევლების ნების კონტროლს ეწეოდა, ასევე, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვასაც ახდენდა. არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტების აღკვეთის მიზნით, კანონის გამკაცრება აუცილებელია.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა საარჩევნო ბიულეტენში 25 გვარი იყო შეტანილი. პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მაშინ მოხსნა, როცა ცსკო-ს ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი ჰქონდა.
რიგით მეხუთე პრეზიდენტს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით და პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ ირჩევენ. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში მეორე ტურის აუცილებლობა პირველად დადგა.