საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომელთა მმართველობის პერიოდში ფარული სატელეფონო მიყურადება და შემდეგ ფარული ჩანაწერების სატელევიზიო ეთერში გაშვება ტრადიციად დამკვიდრდა, ამჯერად თავად უხდებათ იმ აუდიო ჩანაწერების კომენტირება, რომელიც Copoka.net-მა გახადა საჯარო.
საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსანის ექვს სატელეფონო ჩანაწერზე.
გამომდინარე იქედან, რომ ყველა ჩანაწერი ფოტორეპორტიორების სკანდალურ საქმეს ეხება, შეიძლება დავასკვნათ, რომ აუდიო ჩანაწერები სამი კვირის წინანდელია.
მათგან ყველაზე საინტერესო შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერია. მინისტრი პრეზიდენტს უყვება თუ როგორ ევაჭრა ერთ-ერთ დაპატიმრებულ ფოტოგრაფს და რას დაპირდა რუსეთის ჯაშუშობის აღიარების სანაცვლოდ
მერაბიშვილი: ალო
სააკაშვილი: ხო
მერაბიშვილი: გიორგაძესთანაც ვიყავიო
სააკაშვილი: გარიგება დაუდეთ?
მერაბიშვილი: არა კაცო რა გარიგება, ადვოკატთან ერთად უნდა მოგვცეს ჩვენება და ტელევიზიით უნდა გამოვიდეს. ეხლა პირობა აქვს მაგას წამოყენებული, სამ წელზე მეტი არ მომცეთო. ჩვენ ეხლა ვევაჭრებით.
სააკაშვილი: ხოდა, კაია
მერაბიშვილი: თუ ტელევიზორში გამოვა შეიძლება ორი წელი მივცეთ. კიდე რაღაცას იტყვის მერე შეიძლება ერთი წელი. და თუ ყველაფერს მოყვება შეიძლება გარიგებაც დავუდოთ. სასაცილო ამბავი გითხრა?
ცოლმა შეუთვალა რომ ვაშლი კაცი ხარო და ვაშკაცურად უნდა იყოო რა! მე ასეთი ქმარი არ მინდაო რო სირცხვილით გამოვიდესო ციხიდანაო. მინდაო რო თუ საჭიროა 20-იც იჯექი, ოღონდ ვაჟკაცი გამოდიო (იცინის)
სააკაშვილი: აბა რა იქნებოდა
მერაბიშვილი: (ხარხარებს)
ინტერნეტ საიტი Copoka.net პირველად არ ხვდება ქართული საზოგადოების ყურადღების ქვეშ. შარშან მარტში საიტმა გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედის“ მმართველის გიორგი არველაძისა და არხის პროდიუსერის ეკა წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერი.
ამ აუდიომასალით დადასტურდა, რომ ტელეიმედის ეთერით გადაცემული „მოდელირებული ქრონიკა“, რომელმაც საზოგადოებაში არნახული პანიკა გამოიწვია, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაიგეგმა.
ჩანაწერის აუთენტურობა ბრიტანულმა კომპანია ჯიპიდაბლიუმ დაადასტურა. ექსპერტიზის ხარჯები მაშინ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გაიღო. ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს
ეკა ბესელია: „ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი სატელეფონო საუბრების დონეზე წყვეტენ ქვეყანაში სამართლებრივ საკითხებს და ვისთვის რა არის დამაჯერებელი და ვის რა მოეწონება მტკიცებულების სახით.
ეს არის საერთაშორისო სკანდალი. ქართული „ვიკილიქსის“ შემთხვევა, სადაც ჩანს, რომ საქართველოში ინსტიტუციები უბრალოდ არ მუშაობს.“
შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა, ისევე როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ კლიპებზე კომენტარს არ გააკეთებს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა კი თქვა, რომ ოფიციალური სატელეკომუნიკაციო არხების დაცვა ყველგან სერიოზული პრობლემაა
დავით ბაქრაძე: „არ მომისმენია და არც ვაპირებ მოვუსმინო. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში, რომელიც ხალხს მეტად სჭირდება და აინტერესებს, ვიდრე ФСБ-ს კლიპების მოსმენა რომელიღაც საიტზე. ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ დრო დავკარგო ამის მოსმენაზე და ანალიზზე.“
ეკა ტყეშელაშვილი: ელექტრონული ტელეკომუნიკაციების უსაფრთხოების დაცვა არის ძალიან დიდი პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, ეს დღეს ფართოდ არის აღიარებული. იგივე ინტერნეტზე რამხელა თავდასხმა განხორციელდა საქართველოზე მსოფლიოში დღესაც ახსოვთ.“
ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ინტერნეტით საქართველოს მაღალი თანამდებობის პირის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა 2007 წლის ნოემბერში მოხდა, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ოპოზიციის მიტინგის დასაშლელად დამატებით სპეცსაშუალებების მოწოდებას სთხოვდა.
მას შემდეგ, ინტერნეტით მრავალი ასეთი ფარული სატელეფონი ჩანაწერი გავრცელდა (სააკაშვილი-ტიმოშენკო, გივი თარგამაძე-კოტე ყიფიანი, თარგამაძე-მერაბიშვილი; მერაბიშვილი-ელჩი ქუთელია გივი თარგამაძე - ელჩი ჯაფარიძე, სააკაშვილი -რურუა) რომელიც ან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის წარმოადგენდა საფრთხეს ანაც თავად საუბრის თემა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამის მიუხედავად, ინფორმაცია ჩატარდა თუ არა გამოძიება ყველა ამ შემთხვევაზე უბრალოდ არ არსებობს.