საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება.
პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტარებმა ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს: "რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნების, გერმანია ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი, თუ არ ვცდები, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტის და მათ შორის იყო ჩემთან შეხვედრის სურვილი.
მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის. 13-14 [მაისი] იგულისხმება, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა კანონპროექტის და არ არის მაინც და მაინც კარგი დრო, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს. ანუ, განხილვების შემდეგ ყოფილიყო და მზად ვართ, ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, კოლეგიალურ თანამშრომლობას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ: კოლსი: "თუკი დასავლეთში მართლაც აქვთ ასეთი კანონები, რატომ მოგიწოდებენ მისი უარყოფისკენ?"პაპუაშვილის თქმით, ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები მაინც გეგმავენ ჩამოსვლას და გააფრთხილა ისინი, რომ „ნელ-ნელა მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციის დროს, შესაძლოა, მათი აქ ვიზიტი რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღოს, როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის და მიიღონ მხედველობაში.“
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ვერ შეხვდება საქართველოში ვიზიტის მსურველ ევროპელ დეპუტატებს, ვინაიდან მომავალი კვირის ორშაბათ-სამშაბათს არის საკითხების მესამე მოსმენით განხილვა, თუმცა იქნება პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ემხრობიან კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან, "მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარა და გაიწვიეთ 'უცხოეთის აგენტების' კანონი". როთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან.
აპრილის დასაწყისში, ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი წერილით გააკრიტიკეს საქართველოში ხელახლა ინიცირებული „უცხოეთის აგენტების“ კანონი. განცხადების ავტორები - ევროკავშირის ათი ქვეყნის, ასევე ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო კომიტეტთა ხელმძღვანელები - „ოცნების“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს უწოდებდნენ „თავისი შინაარსით რუსეთის 'უცხოეთის აგენტების' კანონის ზუსტ ასლს“.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა 30 აპრილის ღამეს თბილისში აქციის დარბევის შემდეგ პირადად მიმართა პრემიერ კობახიძეს და მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე. ამ დღეს მთავრობა ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტები გასცდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებს და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროპორციულ ძალას იყენებდა მათ წინააღმდეგ.
როთმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა 1 მაისის საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეოც, რომელიც ასახავდა ათასობით მოქალაქის დემონსტრაციას "აგენტების კანონის" წინააღმდეგ და დაწერა, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია და ქართველები სამაგალითო ევროპელის სახეს აჩვენებენ. მანვე სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.