მეათე დღეა, სოციალურ ქსელებში არ წყდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გურამ კაშიას მძაფრი კრიტიკა. 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც არნემის „ვიტესის“ კაპიტანია, 15 ოქტომბერს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში, ცისარტყელას ფერის სამკლაურით გაუძღვა გუნდს და ამით LGBT პირთა მხარდაჭერა გამოხატა.
ცისარტყელას სამკლაურითა და თასმებით თამაში ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ორი ახალი კამპანიის Respect-ისა და Captains of Change-ისა ნაწილია. ამ ინიციატივის მიზანი რასიზმთან, სისასტიკესთან, ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლაა.
Respect-ის კამპანიის ოფიციალური სახე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბაა, Captains of Change-ის კამპანიას კი ფეხბურთის ვარსკვლავები- ფრანგი კრისტიან კარემბუ, ჰოლანდიელები კლარენს ზეედორფი და რუუდ ვან ნისტერლოი უდგანან სათავეში.
მას შემდეგ, რაც გურამ კაშია ერედევიზიონის გასვლით მატჩში „ჰერაკლესთან“ ცისარტყელას სამკლაურით გამოჩნდა, საქართველოში გამომავალმა გაზეთმა „ასავალ დასავალმა“ მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა და ფეხბურთელის წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანიას დაუდო სათავე. ეს კამპანია სოციალურ ქსელებში დღემდე გრძელდება.
სამშობლოში მძაფრ კრიტიკას გურამ კაშია ნიდერლანდების ტელეკომპანია NOR-ის ეთერში გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ სექსუალურ უმცირესობათა მხარდაჭერა სპორტში და ზოგადად საზოგადოებაში, მისი შეგნებული გადაწყვეტილებაა:
მე არ ვღელავ იმაზე თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე"გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების და "ვიტესის" მცველი
„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და ვეწინააღმდეგები ძალადობას. სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა.“
საფეხბურთი მინდორზე LGBT პირთა მხარდაჭერით, გურამ კაშია, რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის. მიმდინარე წელს, ცისარტყელას სამკლაურით წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში უკვე ითამაშეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: „მანჩესტერ იუნაიდეტის“ ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, „ჩელსის“ კაპიტანი გარი კეიჰილი, „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი ფერნანდინიო, „ტოტენჰემის“ ფრანგი გოლკიპერი უგო ლორისი, „ლივერპულის“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი და სხვები.
2017 წელს ინგლისის პრემიერ-ლიგის ყველა კლუბი შეუერთდა ცნობილი ბრიტანული LGBT ფონდის „სტოუნუოლის“ (Stonewall) კამპანიას „ფეხბურთი ჰომოფობიის წინააღმდეგ“ და Rainbow Laces-ს, რომელიც ყოფილი ფეხბურთელის ჯასტინ ფაშანუს ხსოვნას ეძღვნება. („მანჩესტერ იუნაიტედი“ კი პირველი ევროპული კლუბი გახდა, რომელმაც წელს Stonewall-თან საპატრიონი შეთანხმება გააფორმა - ზ.წ)
ინგლისური „ნორვიჩ სიტის“ ამომავალი ვარსკვლავი ფაშანუ პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 1990 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. ამ აღიარებამ მის წარმატებულ კარიერას წერტილი დაუსვა, ფეხბურთელი სიძულვილისა და ჰომოფობიის მსხვერპლი გახდა, მან სიცოცხლე 1998 წელს, თვითმკვლელობით დაასრულა.
LGBT თემის მხარდამჭერი კამპანია Allacciamoli შედარებით რთულად მიიღეს იტალიაში (სერია A-ში), სადაც კათოლიკური ეკლესიის გავლენა დიდია. 2014 წელს, ცისარტყელას თასმებით თამაშის გამო, ტიფოზების ნაწილმა, ობსტრუქცია „კალიარის“ ფეხბურთელ დანიელე დესენას მოუწყო. ჰომოფობებმა მისი გუნდიდან გაგდება მოითხოვეს, თუმცა დესენა დაიცვეს როგორც თანაგუნდელებმა, ისე ფანების უმრავლეობამ და იგი დღემდე „კალიარის“ ღირსებას იცავს.
გურამ კაშიას ისტორიის გამო, ჰომოფობთა თავდასხმის ობიექტი გახდა თბილისის ახლად არჩეული მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძეც. თბილისის მერის განცხადება, რომ „ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მომღერალმა გია კორკოტაშვილმა კაშიას ირიბ მხარდაჭერად აღიქვა:
„ერთი რამე მინდა კახი კალაძეს ვკითხო, ჯანსაღად ჩამოყალიბებული, სამი ბიჭის მამა ხარ და შე კაი დედმამიშვილო, LGBT-ებს და მათ მხარდაჭერებს რატომ უდგები?! თბილისის მერის რანგში პირველი ოფიციალური განცხადება ეგ უნდა გაგეკეთებინა კახი?!“გია კორკოტაშვილი, "ქართული მარშის" ორგანიზატორი
„ერთი რამე მინდა კახი კალაძეს ვკითხო, ჯანსაღად ჩამოყალიბებული, სამი ბიჭის მამა ხარ და შე კაი დედმამიშვილო, LGBT-ს და მათ მხარდაჭერებს რატომ უდგები?! თბილისის მერის რანგში პირველი ოფიციალური განცხადება ეგ უნდა გაგეკეთებინა კახი?!“
თბილისის „დინამოს“ აღზრდილი გურამ კაშია ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელიც 2010 წელს, ნიდერლანდების „ვიტესმა“ იყიდა. 2011 წლიდან კაშია „ვიტესის“ კაპიტანია. იგი 2012 და 2013 წლებში, ზედიზედ ორჯერ, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოსა და ჰოლანდიის თასის მფლობელი.
ეროვნულ გუნდში კაშიას 58 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრების ვიცე-კაპიტანია. როგორ შეხვდება ქართველი გულშემატკივარი LGBT პირთა მხარდაჭერის შემდეგ „ვიტესის“ კაპიტანს, ეს 10 ნოემბერს გამოჩნდება, როცა საქართველოს ნაკრები გორში კვიპროსის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება.
P.S მასალა უკვე მზად იყო, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარდასაჭერად, Instagram-ზე მისი ფოტო გამოაქვეყნა.
კაშიას მხარი ასევე დაუჭირეს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მერებაშვილმა („ვისლა“ პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძემ („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილმა („კრასნოდარი“ რუსეთი), გიორგი ლორიამ ("ანჟი", რუსეთი), ჯანო ანანიძემ ("სპარტაკი" რუსეთი), ოთარ კაკაბაძემ ("ესბიერგი" დანია), გიორგი ნავალოვსკიმ (სკა რუსეთი), გიორგი ქვილითაიამ ("რაპიდი" ავსტია), ნიკა კაჭარავამ ("კორონა" პოლონეთი) და ჯიმი ტაბიძემ („უფა“ რუსეთი). პირველმა მხარდაჭერა კაშიას კი სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამოუცხადა.
ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დავით სხირტლაძემ („სილკებორგი“ დანია) კი განაცხადა, რომ LGBT პირთა „სასტიკი წინააღმდეგია“ და მისი აზრით, კაშიამ ცისარტყელას ფერის სამკლაურით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის დავალებით ითამაშა.