ზუსტად ერთი წელი გავიდა მა შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რეჟისორი რობერტ სტურუა გაანთავისუფლა.
„სახელმწიფო ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას“ - ასეთი იყო კულტურის მინისტრის რეაქცია სტურუას სკანდალურ გამონათქვამზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთნიკური სომეხია.
ასე დასრულდა კიდეც სტურუას ეპოქა ლეგენდარულ ქართულ თეატრში, ეპოქა, რომელიც 1965 წელს არტურ მილერის „სეილემის პროცესით“ დაიწყო. მაშინ სტურუა სულ 27 წლის იყო.
საერთო ჯამში, სტურუამ რუსთაველის თეტრში 49 წელი გაატარა, იყო რეჟისორი, მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 70-იან წლებში დადგმული გენიალური „ყვარვარეთი“, „რიჩარდ მესამეთი“ და „კავკასიური ცარცის წრით“ მან რუსთაველის თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
მისი ბოლო სპექტაკლი რუსთაველის დიდ სცენაზე „ნადირობის სეზონი“ აღმოჩნდა, რომელსაც წელს, ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემია „დურუჯი“ გადაეცა.
2011 წლის ოქტომბრიდან, სტურუა მოსკოვის „ეტ ცეტერას“ (Et-Cetera) თეატრშია. ალექსანდრე კალიაგინით მთავარ როლში სტურუამ რუსეთის დედაქალაქში უკვე დადგა შექსპირის „ქარიშხალი“. 25 სექტემბერს კი მოსკოვში ახალი პრემიერა ექნება - ალჟირული წარმოშობის ფრანგი მწერლის ტარიკ ნუის პიესა „ძაღლების მოედანი“.
რობერტ სტურუა ამტკიცებს, რომ ქსენოფობია დააბრალეს და რუსთაველის თეატრში არასოდეს დაბრუნდება:
„რეალურად იყო, ის, რომ დამაბრალეს ქსენოფობია. ანუ სხვა ერის მიმართ სიძულვილი. რაც მე სერიოზულად არ მივიღე და არც არავინ მიიღო, მათ შორის იმ ერის წარმომადგენელებმა, რომლის სიძულვილიც დამაბრალეს. ძალიან კარგად აგრძელებენ ჩემთან ურთიერთობას ჩემი სომეხი მეგობრები.
მეც მეშინოდა იქნებ აყვნენ ჭორებს მეთქი, მაგრამ არ მოხდა ასეთი რამ იმიტომ, რომ ვინც მიცნობს ეს მათთვის სასაცილოა. რეალური მიზეზი ალბათ ის, არის, რომ მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ რუსთაველის თეატრი ყოველთვის უნდა ამბობდეს სიმართლეს.
ახლა ისეთი დრო დადგა, როცა მთავრობის წარმომადგენლებს სიმართლე არ უყვართ და ცდილობენ ახალი სიმართლე შეთხზან, რომელიც მათ ხელს აძლევს.
ჩვენ ისეთ ქვეყანაში აღმოვჩნდით, სადაც თავისუფლების ნიავიც კი არ უბერავს. ჩვენ აღმოვჩნდით ისევ პარტიული ბოსების, ოდნავ მომანიაკო ხალხის ხელში. ცოტა ბელორუსიას მაგონებს, ზოგჯერ მაგონებს ჩრდილო კორეას, ზოგჯერ რაღაც აღმოსავლურ სასულთნოს.“
სტურუას წასვლის შემდეგ, რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. ეს ფუნქცია ფორმალურად თეატრის სამხატვრო საბჭომ შეითავსა, სადაც სტურუას ბევრი ძველი თანამოაზრეა. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სქემამ არ იმუშავა.
გასულ სეზონზე, რუსთაველის დიდ სცენაზე ახალი სპექტაკლი საერთოდ არ დადგმულა. ერთი სპექტაკლი დაიდგა მცირე სცენაზე, ოთხი კი - ექსპერიმენტულზე და ვერც ერთმა გაამართლა. მარკეტინგული მოსაზრებებით, რუსთაველის თეატრის მმართველმა აქცენტი სატელევიზო შოუებზე გადაიტანა.
კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე ამბობს, რომ თეატრში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა, ახალი კი ჯერ არ დაწყებულა:
„ჩემი აზრით, მოხდა ლუფტი, როცა ძველი დასრულდა და ახლი ჯერ კიდევ არ დაიწყო. და აი ეს ლუფტი არის ყველაზე უფრო შემაფერხებელი პროცესებისათვის. რაც უფრო დიდხანს გასტანს ეს უმოქმედობა და უჰაერობა, ეს კიდევ უფრო დაეტყობა თეატრს.
რეალურად სტურუას მოხსნა იყო პოლიტიკური კონფლიქტის შედეგი, ეს ყველასთვის ცხადია და მეორადი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მხოლოდ საბაბი.
2005 წელს, როცა სააკაშვილი თეატრში მივიდა სტურუასთან ჯერ კიდევ მაშინ იყო უკვე ფრთხილი დამოკიდებულება და შემდეგ ეს ურთიერთობა თანდათან გაცივდა.“
ჯერჯერობით ისევ უცნობია ვინ დაიკავებს რობერტ სტურუას ადგილს და როდის დასრულდება კრიზისი რუსთაველის თეატრში. ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაოფიციალურად, რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა, მათ შორის ავთო ვარსიმაშივილი, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე, გოჩა კაპანაძე და გიორგი თავაძე.
სულ ბოლოს ასევე გიაჟღერა გიზო ჟორდანიას გვარმაც, რომელიც ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორია. რუსთაველის სცენაზე ჟორდანიას ათამდე სპექტაკლი აქვს დადგმული. 2012 წლიდან კი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივესრიტეტში რუსთაველის თეატრისთვის მიზნობრივი სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელადაც მუშაობს.
ახალ სამხატვრო ხელმძღვანელზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება რუსთაველის თეატრი მომავალში, სტურუას შემდეგ.