ნიუ-იორკში, ბრუკლინში მდებარე ქართული კულტურის ცენტრში, “დენსინგ ქრეინში” ქართველი დიზაინერების ტომა კვერნაძის და მაკა შენგელიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ეს მათი პირველი ერთობლივი გამოფენაა ნიუ-იორკში. სალონურ გარემოში ხელნაკეთი აქსესუარები და ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი.
ბისერებით და ვაშლის კურკით დამზადებული ორიგინალური სამკაულები, ხელით ნაქსოვი ჟაკეტები, შარფები, ბეწვის ქუდები, მოსასხამები მანეკენებზე, ქართული კულტურის ცენტრში ნიუ-იორკში საშობაოდ გამოფინეს. ავტორები მაკა შენგელია, პროფესიით რეჟისორი, მხატვარი და მისი ბავშვობის მეგობარი ტომა კვერნაძე არიან. ეს ნიუ-იორკში მათი პირველი ერთობლივი გამოფენაა. ტომა კვერნაძე პროფესიით დიზაინერია. მას თბილისში არაეტჩვენება და პერსონალური გამოფენა გამართა, ასევე ჯგუფურ შოუებშიც მონაწილეობდა.
ბოლო პერიოდში შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. გამოფენის გამართვის იდეა მაკა შენგელიას გაუჩნდა, რამაც ტომა თავიდან დამუხტა და ახალი იდეებიც გაჩნდა.
მაკა შენგელია: დავტესტე ჩემი შესაძლებლობები. მაინც მოვა ხალხი, რა მოეწონებათ, რაზე ექნებათ მოთხოვნა. ჩემს თავსაც ვამოწმებ, ალბათ ემიგრაციაში რაღაც უნდა აკეთო შენი სულიერი სიამოვნებისთვის და გადარჩენისთვის და მოვიწყვე ერთი ლამაზი საღამო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის.
ტომა კვერნაძე: გამოფენის მოწყობა ორი-სამი წლის წინაც უნდოდა მაკას. შემდეგ რაღაცა პერიოდი გაჩერებული ვიყავი. ახლა ისე მოხდა, რაღაც ნამუშევარი გავაკეთე და ვაჩუქე. ისევ შემომთავაზა, რომ მოდი ტომა გავაკეთოთ გამოფენა. ისეთი სტიმული იყო ჩემთვის, რომ დავიწყე მუშაობა და ასე შევქმენი ახალი აქსესუარები.
"ის ავბედითი 90-იანი წლები," როგორც თავადაც ახლა ღიმილით იხსენებენ, რეალურად საინტერესო იდეების და საკუთარი ნიჭის გამოღვიძების და შთაგონების წყაროც იყო. იმ წლებში დაიწყო მაკა შენგელიამ ხატვა და ხელით ქსოვა, ხოლო ტომა კვერნაძემ ვაშლის კურკებისგან და ბისერებისგან საინტერესო ნაქარგების და სამკაულების შექმნა.
ტომა კვერნაძე: მაკას ძალიან კარგი ფერწერეული ნამუშევრები აქვს, რომ ქსოვს, თითქოს ხატავს. ძალიან მაგარი გემოვნება აქვს. ლენინგრადში ვიყავით სტუმრად და იქ დახატა პირველად. გავოცდი, პირველად აიღო ფუნჯი და ფერწერულადაც და შინაარსობრივადაც ძალიან საინტერესო იყო. მე რომ დავამთავრე ინსტიტუტი სადიმპლომო ჩვენება მოვაწყე. 1990-იან წლებში ბისერი არ იყო თბულისში საერთოდ. " შემოდგომა" დავარქვი ჩემს გამოფენას და ძირითადად, ვაშლის კურკებისგან შექმნილი დიდი აქსესუარები იყო წარმოდგენილი.
მაკა შენგელია: მახსოვს, ყველა ვჭამდით ინტენსიურად ვაშლს და შემდეგ ვახმობდით ამ კურკებს და ტომა იმ კურკებიდან აკეთებდა ეგვიპტურ უზარმაზარ ყელსაბამებს და სასწაულ რაღაცეებს. ლაქით ამუშავებდა. მე რაც შემეხება ყოველთვის მინდოდა დიზაინერობა, ტანსაცმლის შექმნა. ქსოვა მეხერხებოდა და დავიწყე ქსოვა მაშინ, როცა თბილისში გაჭირვება იყო და რაღაც პერიოდი ჩემი შემოსავლის წყაროც გახდა.
მაკა შენგელია მსახიობის და რეჟისორის, ხათუნა იოსელიანის შვილია. ხელოვანთა ოჯახურ პორტრეტში ყველაზე ახალგაზრდა წევრი საშკა კალმახელიძეა, მაკა შენგელიას შვილი.
საშკას მოთხრობამ "მანჰეტენის დღიური," რომელიც ამ ზაფხულს უცბად ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტ-სივრცეში, ლიტერატურულ კონკურსში "შემოდგომის ლეგენდა," რომელშიც 500 კონკურსანტი მონაწილეობდა - მეორე ადგილზე გავიდა. ახალგაზრდა საშკას დიდი გულშემატკივარია მისი ბებია ხათუნა იოსელიანი, რომელიც ნიუ-იორკზე ისეა შეყვარებული, რომ სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. საშკა პირიქით, როგორც კი სწავლას მორჩა ნიუ-იორკში მაშინვე თბილისში დაბრუნდა.
იანვარში ხათუნა იოსელიანი 74 წლის ხდება. რეჟისორი მომავალი წლიდან ახალ სპექტაკლზე მუშაობას იწყებს. ეს არის პიესა კონკრეტული გზავნილებით ქართველი იმიგრანტებისთვის - ლაშა თაბუკაშვილის "მერე რა რომ სველია, სველი იასამანი."
ხათუნა იოსელიანი: ბევრი ბიჭი მოკვდა აქაც, მაგ წამლით. მეტირება რომ მახსენდება... მე რეჟისორობაზე ადრე არასდროს არ მიფიქრია და აქ რომ დავდექი სცენაზე, იცი რა დამემართა... ყოველთვის როცა ვიწყებ მუშაობას მახსნედება ლილი იოსელიანი, ჰამლეტზე ვიმუშავეთ წელიწადნახევარი და დიდი სკოლა გავიარე მასთან. არტისტი იცი რა არის? ყოველდღე რომ მუშაობ, ყოველდღე რომ კითხულობ, ყოველდღე რომ ფანტაზია გაქვს. მე ამას ყოველთვის ვაკეთებ აქ.
ხათუნა იოსელიანმა ნიუ-იორკში უკვე დადგა სპექტაკლები "შთამომავლობა" და "თეთრი ბაირაღები." ახალ სპექტაკლზე რეპეტიციები უკვე 2018 წლიდან დაიწყება.