"მოდი შენ და წამოიყვანე შენი ამერიკელი მეგობარი" - ეს არის საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივა ნიუ-იორკში, რაც ქართული სამზარეულოს და კულტურის უკეთ გაცნობისა და დიასპორასთან კავშირის მიზნით ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ნიუ-იორკში მდებარე ქართულ რესტორანში შეხვედრებს ითვალისწინებს. უილიამსბურგში მოქმედ ქართულ რესტორანში " Cheeseboat"-ში გუშინ უცანური რეცეპტით დამზადებული აჭარული ხაჭაპური დააგემოვნეს.
პირველი შეხვედრა აბსტრაქტულ და ჰიპსტერ კულტურით გამორჩეულ უილიამსბურგში შედგა. აქ ერთი წლის წინ გახსნილი ქართული რესტორანი " Cheeseboat" ისეთივე მრავალფეროვანია და უცნაური, როგორც თავად ეს უბანი. ამერიკელები აქ ჩვეულებრივი აჭარული ხაჭაპურის გარდა, აჭარულის ქათმის ხორცით, ბეკონოთ ან ისპანახით დასაგემოვნებლად მიდიან. რესტორნის მფლობელი ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული ოჯახია, რომელიც ტრადიციული აჭარული ხაჭაპურის რეცეპტიდან ოდნავ გადახვევას არ შეუშინდა და ექსპერიმენტი პირველად ნიუ-იორკში სცადა.
ქეთი გოჩაშვილი: გვაქვს თევზის, ლურჯი ყველით, სოკოთი დამზადებული აჭარული ხაჭაპური. კიდევ გაქვს იდეები. რატომაც არა რომ აჭარულში რევოლუციური იდეები განვითარდეს. ნახევარი წელი იმაზე ვიფიქრეთ სანამ გავხნიდით, თუ როგორ მიგვეწოდებინა ქართული სამზარეულო, სამი შვილი მყავს და სამივე ჩართულია ამ საქმეში. სხვა შტატებში გაფართოებას ვაპირებთ, პირველად სან-ფრანცისკოში გვინდა, შემდეგ ტეხასში. ახლა რებრენდინგს ვაკეთებთ და შემდეგ უკვე ჩვენი "Cheeseboat" ( რაც ქართულად ყველიან ნავს ნიშნავს) გაცურდება მთელს ამეირკაში და მერე ევროპაშიც.
ქართული სამზარეულო და ღვინო უკეთესად ამერიკაში ბოლო წლებში სწორედ იმიგრანტების მიერ გახსნილი რესტორნების და საცხობების მეშვეობით გაიცნეს. საქართველოს გენერალური საკონსულოს იდეა "მოდი შენ და წამოიყვანე შენი ამერიკელი მეგობარი" ქართული სამზარეულოს და ღვინის პოპულარიზაციას და ამ პროცესში ქართული დიასპორის ჩართულობას ითვალისწინებს. ბოლო წლებში, ნიუ-იორკის ცენტრალურ უბნებში გახსნილი ქართული რესტორნები და მენიუს მრავალფეროვნება ადამიანს არჩევანის საშუალებას აძლევს. რატომ აირჩიეს პირველი ასეთი აქციისთვის უილიამსბურგში მდებარე ეს რესტორანი, ამის შესახებ საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი გვესაუბრება.
დიანა ჟღენტი: უკევ ბევრი მომხმარებელი ჰყავს ქართულ რესტორნებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი შეთავაზება იყო ქეთისთან . ეს არის ცენტრალური, ასე ვთქვათ ტრენდული რაიონი საინტერესო ახალგაზრდებისთვის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მანჰეტენიდან გადმოდის აქ საღამოს რომ ისადილოს ან დრო გაატაროს. შემდეგი იქნება "ოდა". მერე ბრუკლინის რესტორნები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა სეგმენტზე მორგებული რესტორნის პოულარიზაცია გავაკეთოთ, მათ შორის ყველა ის ადამიანი ვისაც სურს ამ პროცესის მონაწილე გახდეს ექნება საშუალება მოვიდეს. ეს არ არის დახურული ღონიძიება. ეს არის ღია შეხვედრა და საშუალება, რომ დიასპორას ვესაუბროთ საკუთარ პრობლემებზე და ასევე ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ქართულ კულტურაზე, სამზარულოზე და ტრადიციებზე.
ქართველი იმიგრანტი, პოპულარული ფეისბუქ- გვერდის "ჩვენ ამერიკაში" დამაარსებელი გიორგი ნიკოლეიშვილი რესტორანში მის ქართველ და ამერიკელ მეგობართან ერთად მოვიდა. რონენმა ქართული კერძები პირველად გასინჯა.
რონენ: მეგობარმა დამპატიჟა.ახლა პირველად გავსინჯე ხაჭაპური, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. სხვა კერძებიც არის სუფრაზე რომლის დაგემოვნებასაც ვაპირებ, მაგრამ "Cheeseboat" ძალიან მომეწონა.
ახალგაზდა გოგონა კელი რესტორანში თავის ამერიკელ მეგობართან ერთად მივიდა. როგორც ამბობს, აჭარული ხაჭაპურით ფეისბუქიდან დაინტერესდა.
კელი: ყველი ძალიან მიყვარს და ამ რესტორნით ფეისბუქის გვერდიდან დავინტერესდი. ახლა მივირთვი პირველად ისპანახის ხაჭაპური. ძალიან მომეწონა, უგემრიელესი იყო. აქამდე საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი.
ქართული კულტურის და ტრადიციების, სამზარეულოს პოპულარიზაცია გრძელდება. შემდეგი შეხვედრა მომავალ თვეს "ოდა-ჰაუსში" შედგება.
Facebook Forum