„ოცნების“ დეპუტატს სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წარედგინა

პროკურატურამ 28 წლის თამთა თოდაძე დაზარალებულად სცნო, 52 წლის დეპუტატ ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წაუყენა

მთავარ პროკურატურას რვა დღე დასჭირდა, რომ თბილისის საკრებულოში, მმართველი პარტიის დეპუტატისთვის ბრალი წარედგინა. პროკურატურამ დაზარალებურად სცნო 28 წლის თამთა თოდაძე, რომელმაც 54 წლის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ამხილა.

თამთა თოდაძე 2017 წლიან „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობის ბიუროში სპეციალისტად მუშაობს.

დაზარალებული თამთა თოდაძე

პროკურატურის განცხადებით, დეპუტატ ჯიშკარიანს, რომელიც ნიუ ჰოსპიტალის კლინიკაში მკურნალობს, სს კოდექსის 138-ე მუხლის 2-ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა“ და „ცემის“ ფაქტზე, ბრალი წარედგინა. თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს:

ბრალის წარდგენის შემდეგ, ჩვენ ველოდებით, რომ სასამართლო დეპუტატ ჯიშკარიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს"
თამარ ლუკავა, თამთა თოდაძის ადვოკატი


“ბრალის წარდგენის შემდეგ, ჩვენ ველოდებით, რომ სასამართლო დეპუტატ ჯიშკარიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს, კმაყოფილები ვართ, რომ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა მოხდა ზუსტად იმ ფორმულირებით, რასაც დაცვის მხარე ვითხოვდით“ - აღნიშნა ლუკავამ.

თამთა თოდაძის განცხადებით, ილია ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება 30 სექტემბერს დეპუტატის ბიუროს შენობაში, სამუშაო საათებში სცადა. ნასვამმა ჯიშკარიანმა თოდაძეს ჯერ სთხოვა ერთად დაელიათ. შემდეგ სექსუალურად იძალადა, მას შემდეგ კი რაც წინააღმდეგობას წააწყდა, გოგონას სცემა, მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა დალეწა. თოდაძემ თავს გაქცევით უშველა და პოლიციას მიმართა.

დაცვის მხარის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას მალევე აცნობა, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ბიუროში ჩხრეკა დაგვიანებით, შემთხვევიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ ჩატარდა. ასევე დაგვიანებით მოხდა საქმეზე დეპუტატ ჯიშკარიანის გამოკითხვაც.

"კოალიციამ თანასწორობისთვის“, რომელიც ათ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ღიად გააკრიტიკა თბილისის მერი, რომელმაც მათი აზრით, ქალის მიმართ ძალადობის სავარაუდოდ ჩამდენ პირს, რიბად მხარი დაუჭირა.

მამუკა მდინარაძე, კახი კალაძე და დეპუტატი ილია ჯიშკარიანი

კახი კალაძეს ამ დრომდე არ სჯერა რომ დეპუტატი ჯიშკარიანი ასეთ დანაშაულს ჩაიდენდა. ილია ჯიშკარიანის ინტერესებს დამცველი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს:

იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა"
მარიამ კუბლაშვილი, დეპუტატ ჯიშკარიანის ადვოკატი


„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა“ - თქვა კუბლაშვილმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოში მმართველი პარტია ქართული ოცნების დეპუტატები უკვე მესამედ ეხვევიან დიდ სკანდალში. 2017 წლის აგვისტოში ქრთამის აღების ბრალებით სუს-მა ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავა, რომელსაც სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წელს ისევ ქრთამის აღებისთვის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე აიყვანეს, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამჯერად სექსუალური ძალადობისთვის სასამართლო განხილვები „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს ელის.