„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოცემა "პოლიტიკოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. გამოცემა წერდა, რომ ამერიკის კონგრესში მზადდება საქართველოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შესაბამის ზომებს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება ე.წ. "აგენტების კანონს" აამოქმედებს - სამოგზაურო და ფინანსური შეზღუდვების სახით. ამასთან, თუკი მთავრობა უარს იტყვის ბოლო დროს მიღებულ შემზღუდავ კანონმდებლობაზე და არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში ჩაატარებს, თბილისს სთავაზობენ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის დაწყებას.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ამგვარი კანონპროექტის მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან მსგავსმა ინიციატივებმა მანამდეც ვერ "იხილა დღის სინათლე". "ოცნება" ამბობს, რომ ამ ცნობებმა "ქართველ რადიკალებს სპეკულაციებისთვის ნიადაგი შეუქმნა".
მმართველი გუნდი კვლავ იმეორებს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელლი იყო, რადგან ე.წ. პოლარიზაციის პრობლემის შექმნაში "გარედან დაფინანსებულ ენ-ჯე-ო-ებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს) საკვანძოო როლი აქვთ. და ამავე ორგანიზაციებმა ხელისუფლების მტკიცებით, 2020 წლის ნომბრის შემდეგ ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა.
"მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა", - ვკითხულობთ "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
მმართველი პარტია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების პასუხისმგებლობას ამერიკას აკისრებს. გთავაზობთ წერილის ნაწილს:
ასევე ნახეთ: Politico: აშშ-ის კონგრესში სანქციების კანონპროექტთან ერთად, მხარდაჭერის პროექტსაც წარმოადგენენ"ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.
საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, ენჯეოებმა 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.
საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:
- აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;
- აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;
- აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;
- შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.
ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც. როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს", - ვკითხულობთ "ქართული ოცნების" განცხადებაში.