ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ვაჟი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ სერიის ავსტრალიის ღია პირველობაზე, პირველი წრის გადალახვა შეძლო. დღეს დილით, მელბურნში, 25 წლის ქართველმა, 26 წლის ავსტრიელი ჯერალდ მელცერი საკმაოდ ადვილად, ოთხ სეტში - 6-3, 6-4, 2-6, 6-3 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა.
ბასილაშვილისთვის, რომელიც პროფესიონალებში 2008 წლიდან გამოდის „დიდი სლემის“ ტურნირებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი მესამე წრეში თამაშია. მან ეს პირველად 2015 წელს, დიდ ბრიტანეთში, უიმბლდონზე მოახერხა, შარშან კი საფრანგეთში, როლან გაროსზეც გაიმეორა.
ავსტრალიის ღია პირველობა, აშშ-ის ღია პირველობის მსგავსად კი ქართველი ჩოგბურთელისთვის დღემდე აქილევსის ქუსლად რჩებოდა. 2015 წელს, ავსტრალიაში ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. 2016 და 2017 წლებში კი პირველივე წრეში დამარცხდა, მათ შორის, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ჩოგბურთელთან, შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან, რომელსაც „დიდი სლემის“ ტურნირები 19-ჯერ აქვს მოგებული.
ავსტრიელ მელცერთან წარმატების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ფსიქოლოგიურად ეს გამარჯვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო:
უკვე მესამედ ვთამაშობ Australian Open-ზე, შარშანწინ ფედერერთან წავაგე, შარშან კი გერმანელ კოლშრაიბერთან, ოთხ წრეში. ახლა პირველი წრე გავიარე, ძალიან კმაყოფილი ვარ ავსტრალიაში პირველი წრის გავლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“ნიკოლოზ ბასილაშვილი, ქართველი ჩოგბურთელი
„პირველი წრის შედეგით კმაყოფილი ვარ, ქარი იყო კორტზე რაც შედარებით რთულს ხდიდა თამაშს, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ და დასახულ ამოცანას თავი გავართვი. უკვე მესამედ ვთამაშობ Australian Open-ზე, შარშანწინ ფედერერთან წავაგე, შარშან კი გერმანელ კოლშრაიბერთან, ოთხ წრეში. ვფიქრობ, მისთვის უნდა მომეგო. ახლა პირველი წრე გავიარე, ძალიან კმაყოფილი ვარ ავსტრალიაში პირველი წრის გავლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“
113 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, სულ ცხრა ქართველ ჩოგბურთელს აქვს ნათამაშები. აქედან საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ ალექსანდრე მეტრეველს ეკუთვნის, რომელმაც ორჯერ (1973, 1975) მეოთხედფინალში, ერთხელ, 1972 წელს კი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა და იქ ავსტრალიელ მალკოლმ ანდერსონთან 2-6, 6-7, 6-7 დამარცხდა.
თეიმურაზ კაკულიასთვის საუკეთესო 1973 წელი იყო, როცა იგი ერთეულთა თანრიგში მესამე წრემდე, ხოლო წყვილთა შორის - ნახევარფინალამდე მივიდა. კაკულიას მეწყვილე მაშინ ალექსანდრე მეტრეველი იყო, ქართულმა დუეტმა ნახევარფინალი, ტურნირის მომავალ გამარჯვებულებთან: იმდროინდელ ავსტრალიელ ვარსკვლავებთან ჯონ ნიუკომბისა და მალკოლმ ანდერსონის დუეტთან დათმეს 5-7, 6-2, 6-8.
კარიერის მანძილზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთჯერ ითამაშა ლეილა მესხმა და ყველაზე დიდხანს ტურნირს 1992 წლის იანვარში შემორჩა, იმ დროს, როცა თბილისში ძმათამკვლელი ომი იყო გაჩაღებული. მესხმა მაშინ მეოთხე წრეში გააღწია და იქ, მომავალ გამარჯვებულ იუგოსლავიელ მონიკა სელეშთან დრამატული შეხვედრა 4-6, 6-4, 4-6 წააგო. 1995 წელს კი ლეილა რუს ევგენია მანიუკოვასთან წყვილში, Australian Open-ზე მეოთხედფინალამდე მივიდა.
ლეილა მესხთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული შედეგები ჰქონდათ Australia Open-ზე გამოსულ სხვა ქართველ გოგონებს: ოქსანა კალაშნიკოვას საუკეთესო შედეგი, 2016 წელს წყვილებში მესამე რაუნდში გასვლა იყო; ანა ტატიშვილმა, სანამ საქართველოს დროშით გამოდიოდა მეორე წრეში გააღწია (2012); პირველი წრის გადალახვა ვერ შეძლეს ნინო ლუარსაბიშვილმა, სოფიო შაფათავამ და მარგარიტა ჩახნაშვილმა, რომელმაც ავსტრალიაში ოთხჯერ ითამაშა.
2002-2005 წლებში, ავსტრალიაში ოთხივე ცდა წარუმატებელი გამოდგა ირაკლი ლაბაძისთვისაც, ისიც ასპარეზობას პირველ წრეში გამოეთიშა. 2005 წელს ლაბაძე მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ამერიკელ ენდი როდიკთან 5-7, 2-6, 1-6 დამარცხდა.
დღეისათვის საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს კარგი შანსი აქვს ავსტრალიაში საკუთარი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესოს:
თავს კარგად ვგრძნობ, ახალ დავისვენებ. ერთი დღე დასვენება მაქვს, მეორე წრის თამაში კი ერთი დღის შემდეგ მექნება. დიდი მონდომებით ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ Australian Open-ის შემდეგ წრეშიც კარგად ვითამაშებ“
„ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ, ახლა დავისვენებ. ერთი დღე დასვენება მაქვს, მეორე წრის თამაში კი ერთი დღის შემდეგ მექნება. დიდი მონდომებით ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ Open-ის შემდეგ წრეშიც კარგად ვითამაშებ“.
„მელბურნ პარკის“ კორტზე, მსოფლიოს 61-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრის შეხვედრას, 17 იანვარს გამართავს და მისი მეტოქე, 30 წლის ბელგიელი რუბენ ბემელმანსი იქნება. ATP-ს რეიტინგში 117-ე ჩოგანმა პირველ წრეში, მოულოდნელად მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ფრანგი ლუკას პუიე დაამარცხა.
Australian Open-ზე, რომლის საპრიზო ფონდი წელს, 55 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პირველ წრეში, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ტურნირზე კიდევ რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა.
მათ შორის, ყველაზე ხმაურიანი, უიმბლდონისა (2000, 2001, 2005, 2007, 2008) და აშშ-ის ღია პირველობის (2000, 2001) შვიდგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს მე-5 ჩოგნის ვენუს უილიამსის მარცხი გახდა. 37 წლის ვეტერანმა ამერიკელმა 20 წლის შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან, რომელიც ამჟამად WTA-ს რეიტინგში 78-ე ადგილზეა, ორ სეტში - 3-6, 5-7 წააგო და ავსტრალიას დაემშვიდობა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
- დაიბადა თბილისში, 1992 წელს
- ჩოგბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო
- პირველი მწვრთნელები - მამა ნოდარ ბასილაშვილი და გოგა სანთელაძე
- 12 წლის ასაკში ჩაირიცხა აშშ-ის ქალაქ გრანათბეიში მდებარე ვიტალი გორინის საჩოგბურთო აკადემიაში
- 2011 წელს, ქართულ ჩოგბურთში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, რუსეთის სახელით გამოსვლა დაიწყო, თუმცა ერთ წელიწადში გადაწყვეტილება შეცვალა და ისევ სამშობლოს დაუბრუნდა
- კარიერის მანძილზე მოგებული აქვს 15 ტიტული, მათ შორის ATP Challenger Tour-ის ოთხი ტურნირი
- Grand Slam-ის ტურნირებზე საუკეთესო შედეგი - მესამე წრეში თამაში (უიმბლდონი 2015, როლან გაროსი 2017)
- საყვარელი საფარი - ჰარდი
- უმაღლესი ადგილი ATP-ს რეიტინგში - 51 (2017 წლის ივნისში)
- პროფესიონალური კარიერის მანძილზე გამოიმუშავა - 1 მილიონ 407 ათასი აშშ დოლარი