რას გვეუბნება ანტიდისკრიმინაციული კანონი?

2013 წელს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბიეს ადამიანებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პერსონა საზოგადოებისგან გარიყვას იმსახურებს
17 დღეში ერთი წელი შესრულდება მოვლენიდან, რასაც ადგილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰქონდა. მაშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბიეს ადამიანებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პერსონა საზოგადოებისგან გარიყვას იმსახურებს და ლახავს მის, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლის ღირსებას. გასულ წელს ამ მოვლენას ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგმით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მსგავსი ხასიათის ინციდენტები რომ უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ამის შესახებ განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც.

დღეს, როდესაც საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ამ ყველაფერს უკრაინაში განვითარებული მოვლენები გასდევს ფონად, მწვავედ აქტიურდება საკითხი, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს პირდაპირ უკავშირდება. ერთი წლის შემდეგ 17 მაისის მოვლენიდან, საქართველოს პარლამენტი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას ცდილობს. კანონში წერია, რომ დაუშვებელია ყველა სახის დისკრიმინაცია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოდის. პირველი მოსმენის დროს საპატრიარქოს წარმომადგენლები ამის თაობაზე პარლამენტში საუბრობდნენ.

ჯონდი ბაღათურია, ისევე როგორც დავით ლორთქიფანიძე, პარლამენტის წევრები არიან. ლგბტ პირებს ისინი აპრიორი დამნაშავეებთან აიგივებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სკოლებში ჰომოსექსუალი მასწავლებლები მოსწავლეებთან ინტიმურ კავშირს დაამყარებენ, ხოლო სახელმწიფოს არ ექნება მათი დასჯის შესაძლებლობა, რადგან კანონონი ანტიდისკრიმინაციის შესახებ ლგბტ მოძალადეს დაიცავს. „ცოდვის დაკანონება“ - ამ ტერმინით ეხმაურებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები კანონპროექტს. ამ ყველაფერს კი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა, „პოლიტიკური სპეკულაცია“უწოდა. მან ოპონენტებს, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორიც, მაგალითად ნინო ბურჯანაძეა, რომელიც დღეს კანონპრიექტის მიღებას ეწინააღმდეგება, შეახსენა, რომ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ და ჩასწორებულ კანონებში ტერმინი „სექსუალური უმცირესობა“ უკვე გამოყენებულია. სისხლის სამართლის კოდექსისა და შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლები უკვე წლებია კრძალავს დისკრიმინაციას ამ ნიშნით. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავ კანონპროექტში არსებული ჩამონათვალი ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარია და ამდენად ეს ღირებულებები არ ჩასწორდება.

„გვიკიჟინებენ, თითქოს რაღაც ახალს ვადგენთ, როდესაც არაპირდაპირ დისკრიმინაციაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, მეგობრებო, არ წამოეგოთ პოლიტიკურ სპეკულაციას გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და ამბობენ, რომ ამ კანონში ვხმარობთ ჩვენ ამ ტერმინს და ამით რაღაცას ვამკვიდრებთ. ასევე, როდესაც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბარი, ამით არ ხდება არავის და არაფრის პროპაგანდა ერთი რამის გარდა: დიახ, ამ კანონის ამოცანაა პროპაგანდა იმისა, რომ ძალადობა არის დანაშაული, ცოდვა და მიუღებელი თანამედროვე საზოგადოებაში და ძალადობის გამართლება ამ ნიშნებით: ენით, სქესით, რელიგიით, სექსუალური ორიენტაციით თუ სხვა, არ არის არც ცივილური, არც კანონიერი და არც ქრისტიანული. აი, ეს წერია ამ კანონში. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს სიტყვები იქნებ ამოვიღოთ, ეს არის ძალიან პრინციპული ამბავი. რას ნიშნავს დღეს ამოვიღოთ ეს სიტყვები? ესე იგი 2004 წელს, 1997 წელს, 2010 და 2012 წელს მზად ვიყავით ადამიანები ამ ნიშნით არ გვეცემა და ახლა გვეუბნებიან, ამიოღეთ, რადგან გვინდა ვიძალადოთო? რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. ამ თემებზე ასეთი საუბარი, ესაა რუსეთის საუბარი და ამ საკითხებზე არა ძალადობას, არა დისკრიმინაციას, მეტი თავისუფლება და მეტი ჰარმონია საზოგადოებაში, ესაა ევროპული არჩევანი. ეს ასეა, ძალიან მარტივად დგას საკითხი,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ზოგადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიად აღიქვამს ორგანიზაცია გრასის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ანტიდისკრიმინაცული კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. იგი ამბობს, რომ დასავლური ღირებულებების და ზოგადად, დასავლეთის დისკრედიტირებისთვის რუსეთის ფედერაციაშიც ანალოგიური მეთოდი გამოიყენება. სქემა მარტივია: სექსუალური უმცირესობები გაიგივდებიან ერთის მხრივ მოძალადეებთან, მეორეს მხრივ კი ამ ჯგუფს და მათი უფლებების დაცვას აიდენტიფიცირებენ დასავლეთთან, ამით მტრის ხატი გამზადებულია. პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ ისიც კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ საქართველოს ციხეებში მომხდარ შემზარავ ფაქტებში მოძალადეები მხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. ელენე ხოშტარია ამბობს:

„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზულ პრობლემასთან, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, სახელმწიფოებრიობის ძირის მოთხრასთან საქმე. ესაა ანტევროპული, პრორუსული, არ მოვერიდები ამ ტერმინს, მეხუთე კოლონის მოვლენა. ჩვენ გვესაუბრებიან რაღაც მონობაზე ევროპასთან, რაღაც მითითებებზე ევროპისგან, ვითომ ვიღაც გვაძალებს ამ კანონის მიღებას და თავს გვახევეს. მთელი ეს ტერმინები: ბავშვებზე ძალადობა, ცოცხების მოშველიება, ესაა მიზანმიმართული, რაც, სხვათა შორის, რუსეთშიც თუ შეხვედავთ, ზუსტად იგივე პროცესები მიდის „თავს გვახვევენ ერთსქესიანთა ქორწინებას ევროპელები“ და ასე შემდეგ. ესაა ევროპული იდეის დისკრედიტაცია, სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვართ ევროპასთან ინტეგრაციის გადამწვეტ მდგომარეობაში. ესაა პრორუსული მიმართულება. რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ და უკვე ერთი წელია, როგორც მინიმუმ ჩვენ ამას ვუყურებთ, ესაა ეკლესიის ძალიან აგრესიული განაცხადი იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ უფლება სახელმწიფოს მოწყობაში ჩაერიონ. ის, რაც მოხდა 17 მაისს ქუჩაში, მოხდა დღეს პარლამენტში“- ამბობს ელენე ხოშტარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტს პარლამენტი ორ დღეში მიიღებს.