საჭიროა კონფლიქტის დეპოლიტიზაცია– მთავარი მესიჯი ელჩებისგან

ჟენევის დიკუსიის უცხოელი თანათავმჯდომარეები კონფლიქტის ზონაში ჩავიდნენ

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი ფორმატია ამ დრომდე, სადაც ქართული, აფხაზური და ოსური მხარეები ერთმანეთს ხვდებიან რუსეთის, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლების თანამონაწილეობით.

მოლაპარაკებებისას ჟენევაში ორი ჯგუფი მუშაობს, ერთი, რომელიც განიხილავს პოლიტიკურ საკითხებს და მეორე, რომელიც სოციალურ პრობლემებზეა ორიენტირებული. ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში პერიოდრულად იმართება შეხვედრებიც ერგნეთში, ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფელში, სადაც მიმდინარე, ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო საკითხები განიხილება უმეტესწილად.

სიახლე ამ კუთხით ისაა, რომ ჟენევის დიკუსიის უცხოელი თანათავმჯდომარეები პირადად სტუმრობდნენ კონფლიქტის ზონას. რამდენიმე დღის წინ ისინი იმყოფებოდნენ ახალგორში, ცხინვალში, რის შემდეგაც გორში ჩამოვიდნენ და დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს შეხვდნენ. მათი სტუმრობის მიზანს საზოგადოების საჭიროებების გაცნობა წარმოადგენდა ადგილზე, სურდათ დევნილებისთვის, უშუალოდ ომით დაზარალებული ადამიანებისთვის მიესმინათ, მათგან შეეტყოთ იმ პრობლემებისა და მოლოდინების შესახებ, რასაც დღეს დევნილები განიცდიან. შეხვედრამ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ჩაიარა და რამდენიმე საათს გასტანა. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ელჩები დევნილების შეკრებებისთვის აშენებულ გაყინულ დარბაზში ჯერ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უსმენდნენ, შემდეგ კი დევნილებს.

ფილიპ ლეფორმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვვენთან საუბრისას განაცხადა:

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ოსეთისა და აფხაზეთის მხარეს ნაკლებად აქვთ. მათი მოლოდინი უერთიერთობების საკითხში სიახლეს არ უკავშირდება, შესაბამისად, შიდა პოლიტიკური ცვლილებები, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი, გავლენას ვერ მოახდენს მოლაპარაკების პროცესზე. ესაა კომპლექსური კონფლიქტი. არაა მხოლოდ ეთნიკური ასპექტი მისთვის დამახასიათებელი. მისი შემადგენელი ნაწილია პოლიტიკაც და ასე შემდეგ. ესაა საკთხი, რომელიც რთულად გადასაწყვეტია. ჟენევის დიალოგის თანამონაწილეები ყველანი ვცდილობთ, რომ ყველა დავარწმუნოთ საკითხის დეპოლიტიზაციის აუცილებლობაში და იმაში, რომ ხალხი, დევნილები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ უფრო მეტი უყურადღება დაეთმოს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ საკითხებს“.
პადრიგ მერფი, ეუთოს ელჩი სამხრეთ კავკასიაში ამბობს: „კონფლიქტი ორივე მხარისთვის დრამატულია. ომმა ტრავმირებული გახადა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ მეორე მხარეც. ახლა ჩვენ მოლოდინის რეჟმში ვართ საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან. გვაინტერესებს, რა ცვლილებებს დადებენ, რა სიახლეს შემოიტანენ და როგორი განვითარება მოჰყვება მას“.

ჟენევაში ამ დრომდე 21 შეხვედრა შედგა. ანთი თურუნენი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„არის საკითხები, რაც ჟენევის დისკუსიის ფორმატში იხილება და ისინი არანაირად არ შეიცვლება. ცვლილებები მოხდა საქართველოს ხელისუფლებაში, ახლა ახალი გუნდია, რომელმაც ახლა უნდა ისწავლოს, რას ვიხილავთ, რაზე ვმუშაობთ და რას და როგორ ვაკეთებთ, რა გეგმები გვაქვს. გაცნობის პროცესი გარკვეულ დროს მართლაც წაიღებს. პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მიმართულების დაწერას. ამას ახლა არავინ გადაუხვევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მეორე სამუშაო ჯგუფი დევნილების დაბრუნების საკითხს განიხილავს, რაც, რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ მოხდება, თუმცა არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც განხილვასა და დალაგებას ექვემდებარება“.

დევნილებთან საუბრისას ელჩებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის თავდაპირველად საჭიროა შეთანხმების მიღწევა დევნილთა დაბრუნებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ორივე მხარეს დაუბრკოლებელი მიმოსვლის აღდგენა. საბოლოო ნაბიჯი კი საკუთრების დაბრუნება ან ქონების კომპენსაციაა. დევნილები ელჩებთან გახსნილად საუბრობდნენ. მათ უმთავრეს სურვილად გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობა და მიმოსვლის აღდგენა დაასახელეს.