ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი მოსკოვის ნაბიჯის მოლოდინში


რუსეთმა არ გადადგა ნაბიჯი, რომელიც სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი იქნებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით იგი რუსეთში არ ჩავა, მაგრამ მზადაა რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ევროპის რომელიმე ქვეყნაში. ბიძინა ივანიშვილის თქმით რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის , ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ არ იცის რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის კიდევ მოსკოვი ახალი მთავრობისგან. მისივე თქმით რუსეთში მისი ვიზიტი ვერ შედგება ელემენტარული მიზეზის გამო , ეს მიზეზია რუსეთის საელჩოების არსებობა აფხაზეთსა და ცხინვალში. პრემიერმა სინანული გამოთქვა, რომ რუსეთმა არ გადადგა ნაბიჯი, რომელიც სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი იქნებოდა.
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილის აზრით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი პოლიტიკა უნდა განვითარდეს:
” ახალი პოლიტიკა უნდა მდებარეობდეს იმაში, რომ უარი ვთქვათ სრულიად უაზრო ანტირუსულ რიტორიკაზე, ანტაგონიზმზე, რომელიც ყველანაირად იყო მასმედიის საშუალებით გაღვივებული, რომელიც ქმნიდა ძალიან რთულ და უარყოფით ფონს ნებისმიერი მოლაპარაკების წინ ჩვენთვის საჭირო საკითხებზე. მაგრამ ამავე დროს ჩვენ პრინციპულად უნდა დავსვათ საკითხი იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს მოსაგვარებელი რუსეთსა და საქართველოს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ამის გარეშე რომ ჩვენ რაღაც გარკვეულ წინსვლას მივაღწიოთ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ძნელი წარმოსადგენია, რომ ის დე-ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც არიან სოხუმში და ცხინვალში წამოვიდენენ ახალ ინიციატივებით, ან უპასუხონ დადებითად თბილისიდან მომდინარე ინიციატივებს. ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია”.
”რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს მთავრობამ საკმაოდ პრაგმატული ნაბიჯები გადადგა. შევეცდებით, რომ ჩვენს მეზობელთან ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირები აღვადგინოთ. მაგრამ რაც შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, საქართველომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”, - აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
”ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ პირველ რიგში რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. რომელსაც მისივე თქმით, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, თუმცა არა იმიტომ რომ მას ეს არ სურს.ნინო ბურჯანაძის თქმით ევროკავშირის დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით წარმოუდგენელია, რომ მან ახალი წევრები მიიღოს: ”რაც შეეხება ნატოს, ეს კიდევ უფრო არარეალურია, რადგან თბილისიდან 40 კილომეტრში მოქმედებს რუსული ბაზა”. პარლამენტის ექს-სპიკერი თვლის, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აქცენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე უნდა გააკეთოს.
ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილი ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ ამბობს:
” მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის დონეზე ეს იყო ძალიან დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, ბრალდებებით, დაპაირისპირებით , 2008 წლის ომით და ა.შ. რეალურად ეკონომიკაში, ან ტრანსფორმირება რომ ავიღოთ პოლიტიკური სისტემის, ან თუნდაც კონფლიქტებში ბალანსი, ყველაფერი არის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლილი. ანუ რუსეთის პოზიციები საქართველოში ამ პერიოდში მუდმივად ძლიერდებოდა, ეკონომიკაში ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. მთელი ენერგეტიკის სექტორი მთლიანად რუსეთის ხელში გადავიდა.თუ შევხედავთ რეალურად რეალობას დავინახავთ, რომ რუსეთის პოზიციები ძლიერდება რუსეთისთვის სახარბიელო მოვლენების განვითარებით.
რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რა ახალი იმპულსი შეიძლება მისცეს ამ ურთიერთობებს?! ერთია, რომ გაგრძელდეს რუსეთის გაძლიერება საქართველოში ეკონომიკის სფეროში.. არსებითი რაღაცეები უკვე მომხდარია, მათ შორის აფხაზეთის, სამაჩაბლოს ცნობა რუსეთის მიერ. აქაც რუსეთის სასარგებლოდაა მოვლენები განვითარებული. მაგრამ ახალ მთავრობას რაც შეუძლია, ეს არის პოლიტიკური კურსის უკვე პრორუსულად გამოცხადება. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მიუღებელი, ასევე მიუღებელია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. არავინ არ დაუშვებს მოხდეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ექსპანსიის აბსოლუტური დაკანონება. ამიტომ ეჭვი მეპარება რომ აქ რაიმე სხვა მიდგომები შეიძლება იყოს მოძებნილი, თუ არ შეიცვლება რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულება. ვთვლი, რომ მოლოდინი, რომ რუსეთმა უნდა გადადგას რაღაც შემხვედრი ნაბიჯი უფრო სწორია, ვიდრე ის, რომ საქართველომ კიდევ რაღაც უნდა გააკეთოს დამატებით. რა თქმა უნდა, რიტორიკა უნდა გამოსწორდეს, რომელიც უბრალოდ ნორმას უნდა დაუბრუნდეს. სინამდვილეში წინა ხელისუფლების პერიოდში ანტირუსული რიტორიკა იყო ყურადღების გაფანტვა, რომ არ დაგვენახა რეალური ინტეგრაცია”.
XS
SM
MD
LG