საქართველო ამერიკაში Belavia-ს სანქცირების შესწავლის შემდეგ გეგმავს გადაწყვეტილების მიღებას

საქართველოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუწყვეტს თუ არა ავიაკომპანია "ბელავიას" ქვეყანაში ფრენის უფლებას. ამერიკისგან ავიაკომპანიის სანქცირებაზე "რადიო თავისუფლების" მიერ დასმულ კითხვას "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" განცხადებით უპასუხა.

"სააგენტო შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის თვითმფრინავებით. სააგენტო განმარტავს, რომ ეს ავიაკომპანია ახლა Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს რეისებს.
მინსკის წინააღმდეგ სანქციები, ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით გამკაცრდა, რომლის ოფიციალურ შედეგებსაც ამერიკა არ აღიარებს. არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნების შედეგები ლუკაშენკოს მთავრობამ გააყალბა და რომ ნამდვილი გამარჯვებული გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანუსკაიაა.

პროტესტი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და დაარბია. საპროტესტო გამოსვლების ასობით მონაწილე დააპატიმრეს, ქვეყანა დატოვა ათასობით ოპოზიციონერმა. ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემდგომში მას მერე გამკაცრდა, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ღიად დაუჭირა მხარი პუტინის ხელისუფლებას.