პაველ მარიეუსკი, 33 წლის პოლიტიკური აქტივისტია, რომელსაც ხელში იარაღი არასდროს ჭერია და საკუთარ პროტესტს ყოველთვის მშვიდობიანი გზით აფიქსირებდა. თუმცა, სამი წლის წინ მას საკუთარი სამშობლოს, ბელარუსის დატოვება მოუწია, რადგან ქვეყნის, თითქმის, 30-წლიანმა მმართველმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, 2020 წლის აგვისტოში არჩევნების შედეგების პროტესტის მონაწილეები ჯერ დაარბია, შემდეგ დააპატიმრა.
პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილის მსგავსად, პაველსაც მოუხდა ქვეყნის დატოვება, მოსალოდნელი რეპრესიების გამო. გასული წლის ზამთარში, კი როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, იგრძნო, რომ სახლში ვერ იჯდებოდა, ამიტომ ხელში იარაღი აიღო და ბელარუს მოხალისეთა დაჯგუფებას შეუერთდა, რომლებიც ახლა უკრაინის მხარეს, ფრონტზე იბრძვიან.
„თავიდან, უკრაინაზე, უკრაინელებსა და სიცოცხლის დაცვაზე ვფიქრობდი... შემდეგ ბელარუსზე დავიწყე ფიქრი“,- უთხრა პაველმა სააგენტო „როიტერს“. ის და მისი თანამებრძოლები იმედოვნებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება, ეს ცვლილებების მომტანი იქნება ბელარუსისთვისაც და პაველს, სწორედ ამ ცვლილებაში მონაწილეობის მიღება სურს. „ამას, როგორც ჩვენი სახლში დაბრუნების შესაძლებლობას, ისე ვუყურებ“,- ამბობს ახალგაზრდა ჯარისკაცი.
პაველის მსგავსად, ბელარუსი დაახლოებით, 100,000-მა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა დატოვა. ყველა მათგანი თვლის, რომ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანუსკაიამ გაიმარჯვა.
40 წლის ციხანუსკაია არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე, იძულებული გახდა, რომ ქვეყანა შვილებთან ერთად დაეტოვებინა. მისი ქმარი კი, ასევე პოლიტიკური აქტივისტი და ბლოგერი, კვლავ ბელარუსში, საპატიმროში იმყოფება.
ციხანუსკაიას ყველაფერი აქვს, რაც დევნილობაში მყოფ ლიდერს შეიძლება ჰქონდეს- კაბინეტი, დიპლომატიური მისია, შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან და იმედი, რომ ოდესმე ქვეყანაში დაბრუნდება და მის მართვას შეძლებს ისე, როგორც ეს მას ბელარუსმა ხალხმა დაავალა.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნიდან წასული ოპოზიციონერები ბელარუსში დაბრუნდებიან, მათ უმეტესობას სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლება და პატიმრობა ემუქრებათ. სააგენტო „როიტერი“ 20-ზე მეტ ბელარუს ოპოზიციონერს ესაუბრა, რათა მათი განწყობების შესახებ შეეტყო, არჩევნებიდან 3 წლის შემდეგ.
მართალია, ოპოზიცია ერთიანი არაა და მათ სხვადასხვა ხედვა აქვთ იმაზე, როგორ უნდა ჩამოაშორონ ლუკაშენკო ხელისუფლებას, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ - ბრაზი. ბრაზი ლუკაშენკოს მმართველობისა და მისი რუსეთთან ალიანსის გამო.
„ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა დემოკრატიული ძალების ერთიანობა, მოგვეხდინა მათი რესტრუქტურიზაცია, შეგვექმნა ახალი ორგანოები და შეგვენარჩუნებინა თანამშრომლობა პოლიტიკურ მოთამაშეებსა და ხალხს შორის“,- ამბობს ციხანუსკაია „როიტერთან“ ინტერვიუში.
ციხანუსკაია იმედს არ კარგავს, რომ ერთ დღეს, ბელარუსის მოქმედი ხელისუფლების წევრებთან დიალოგს შეძლებს. „იქნებ, მათ ნაწილს ჰქონდეს შეგნება და გაიაზრონ, რომ ლუკაშენკოს ბელარუსი არსად არ მიჰყავს, რომ ის ჩვენს სუვერენიტეტს ყიდის“,- ამბობს ოპოზიციის ლიდერი.
სტანისლავა გლინნიკი, ბელარუსის პოსტ-საბჭოთა პერიოდის პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი, რომელმაც არჩევნები ლუკაშენკოსთან 1994 წელს წააგო, ახლა საკოორდინაციო საბჭოს წევრია. ბელარუსის საკოორდინაციო საბჭო სამოქალაქო ჯგუფებს აერთიანებს, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ლუკაშენკოს რეჟიმისგან გათავისუფლდეს.
„ეს აღარაა ოპოზიცია, ესაა დევნილობაში მყოფი ნამდვილი ხელისუფლება“,- ამბობს სტანისლავა.
ოპოზიციური ჯგუფები ახლა 20-ზე მეტ ალტერნატიულ საელჩოს, საკონსულოს, ან საინფორმაციო ცენტრს აწარმოებენ ბელარუსებისთვის საზღვარგარეთ და მართავენ სულ მცირე ორ სადაზვერვო ორგანოს, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე.
აქტივისტები მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაქცევაში ეხმარებიან, ჰაკერები ქმნიან აპებს, რომლებიც ბელორუსში უსაფრთხო კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, ხოლო ზოგიერთი ჯგუფი აკონტროლებს ჯარების ადგილსამყოფელს ქვეყანაში.
თუმცა, მცირერიცხოვანი, მაგრამ მზარდი აქტივისტების ჯგუფი, რომელთაც დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ უკრაინაში, ამბობენ, რომ დროა ნამდვილი ბრძოლისთვის დაიწყონ მზადება.
გასულ კვირას პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე, ყველაზე დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა უკრაინის ომის ვეტერანის, პაველ კუჰტას გამოსვლას, რომელმაც გააკრიტიკა ციხანუსკაიას კაბინეტი არასკმარისი მცდელობისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გასაწევად.
6 კვირის წინ, ბელარუსის ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, როდესაც სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა, რუსეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადეს.
მაშინ, როდესაც ვაგნერელები მოსკოვისკენ მიდიოდენ, ციხანუსკაიამ ტვიტერზე დაწერა, რომ ის აყალიბებდა გაერთიანებული ოპერაციების შტაბს, კრიტიკულ დროს კოორდინაციისთვის.
ციხანუსკაიას მიაჩნდა, რომ კრემლზე თავდასხმა, ლუკაშენკოსაც დაასუსტებდა.
თუმცა, რამდენიმე საათში, სწორედ ლუკაშენკო გახდა ის, ვინც კრემლსა და ვაგნერელებს შორის მოლაპარაკებას მიაღწია და სამხედრო გადატრიალებაც შეწყდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, ბელარუსში ვაგნერის მებრძოლები ჩავიდნენ. რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყანაზე ჯერ არავინ იცის, თუმცა, ოპოზიცია შიშობს, რომ კარგი შედეგი ამას ქვეყნისთვის არ ექნება.