ამერიკის შეერთებული შტატების 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის, ლეგენდარული „ცის ჯარისკაცების“ (Sky Soldiers) დესანტირებით გაიხსნა დღეს ვაზიანში, უპრეცედენტო, სამმხრივი, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2016“.
თავდაპირველად Lockheed C-130 Hercules-ის ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებიდან, 173-ე ბრიგადის, მე-4 ბატალიონის, 139-ე საარტილერიო პოლკის „ბრავო“ ასეულმა, ვაზიანის პოლიგონზე 105 მილიმეტრიანი ჰაუბიცისა და შეჯავნული სამხედრო „ჰამერის“ დესანტირება მოახდინა და პირობით მოწინააღმდეგეს შეუტია.
შემდეგ კი Lockheed C-130-დან, უკვე 173-ე ბრიგადის, მე-2 ბატალიონის, 503-ე ტანკსაწინააღმდეგო ასეულის, 120 მედესანტე ერთდროულად გადმოხტა. ორივე ეს შენაერთი საქართველოში, უნგრეთის გავლით, იტალიის ქალაქ ვიჩენცადან იქნა, გადმოსროლილი, სადაც აშშ-ს ევროპული არმიის, 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაა დისლოცირებული.
ვაზიანის სწავლებაში მონაწილე ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს პირველი, უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.
„ჩვენ ვთქვით რომ მეტი საქართველო იქნება NATO-ში და მეტი NATO საქართველოში, ამ გეგმას ვახორციელებთ"გიორგი მარგველაშვილი
„ჩვენ ვთქვით რომ მეტი საქართველო იქნება NATO-ში და მეტი NATO საქართველოში. და ამ გეგმას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე, უკვე ჩვენს მშობრიულ ტერიტორიაზე. საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.“
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის წვრთნებს ქართული მხრიდან, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ამერიკული მხრიდან კი პოლკოვნიკი ჯეფ დიკენსონი ხელმძღვანელობენ. 500 ქართველ და 650 ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად, წვრთნაში პირველად ჩაება 160 ბრიტანელი კომანდოსიც, ბრიტანეთის არმიის C Company-ის (შენაერთის), 51-ე ბრიგადის, მე-3 ბატალიონიდან, რომელიც შოტლანდიაში, ფორტ ჯორჯიაშია დისლოცირებული.
ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსროლილი, ბრიტანელების ყველაზე დიდი დანაყოფი 1918 წლის დეკემბრის შემდეგ. მაშინ ბათუმსა და თბილისში, მუდროსის ზავის თანახმად, დიდი ბრიტანეთის 20 ათასიანი შენაერთი შემოვიდა, გენერლების ფორესტიე-უოკერისა და კუკ-კოლისის მეთაურობით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს: პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის "ალფა" ასეული და მე-4 მექანიზირებული ბრიგადის, 42-ე ბატალიონის მექანიზირებული ასეული.
ქართველებს ვაზიანის წვრთნებში საკუთარი გენერალური ამოცანა აქვთ. თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ქართული ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების სერთიფიკატს და სამკლაურს მიიღებს.
„სწორედ ამ სწავლების დასრულების შემდეგ მოხდება, ქართული ასეულის NATO-ს სტანდარტებით შეფასება, რის შემდეგაც ისინი, პირველად საქართველოს ისტორიაში მიიღებენ NATO-ს სერთიფიკატს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირველად გვეყოლება NATO-ს მიერ სერთიფიცირებული, ოფიციალური, სწრაფი რეგირების ასეული საქართველოში.“
ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთვნები „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეორედ იმართება. 2015 წლისგან განსხვავებით, ამჯერად წვრთნა გაძლიერებულია ბრიტანული ასეულით და მძიმე ტექნიკის კომპონენტით.
ამერიკული "აბრამსები" ვაზიანში
საქართველოს ტერიტორიაზე პირველად იქნა გადმოსროლილი: ამერიკული M1A2 ტიპის „აბრამსის“ ტიპის ტანკები (ეს სახელი მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი ამერიკელი გენერლის კლეიტონ აბრამსის საპატივცემულოდ ეწოდა - ზ.წ) და საველე ჰაუბიცები. წვრთნა, რომელიც ვაზიანში დღეს დაიწყო, 25 მაისამდე გასტანს.
26 მაისს კი წვრთნებში მონაწილე ქართული, ამერიკული და ბრიტანული სამხედრო დანაყოფები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღნიშნავენ.