ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველმა სამხედროებმა მუხროვანში ამერიკული გამოცდილება მიიღეს


ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა საგარეჯოში, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები ერთი თვის მანძილზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, რეინჯერთა ბატალიონის ასეულთან ერთად სხვადასხვა ოპერაციებში ვარჯიშობდნენ.

სამხედრო წვრთნის ერთობლივი კურსი მოიცავდა დასახლებულ პუნქტებში ბრძოლის ელემენტების დახვეწას და მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკურ, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებას. ამერიკული მხრიდან წვრთნებში ჩართული იყვნენ სპეციალური ოპერაციების ძალების, ოპერატიული ნაწილის “ალფას“ (SFOD-A), ჩარლი კომპანის, 3-ე ბატალიონის, 10-ე ქვეითი პოლკის ინსტრუქტორები, რომლებიც მისურიში, ფორტ ლეონარდ ვუდში არიან დისლოცირებული.

კურსის დახურვას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან და გენერალური შტაბის უფროსს ვახტან კაპანაძესთან ერთად. ელჩმა კელიმ კერძოდ განაცხადა

„ზოგადად, ჩვენ ქართველ კოლეგებთან კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს მრავალი გამოწვევა აქვს. მოხარული ვარ, რომ ამერიკელ სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგებნლებთან ერთად, გაიარონ სწავლება და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

ამერიკელი ოფიცრებისგან, რომლებიც ქართველ სამხედროებთან ერთად მუშაობენ, ვიცი, რომ ქართველები, საუკეთესო თანამებრძოლები არიან ალიანსის წევრებსა და პარტნიორებს შორის.“

გარდა, მუხროვანის ბაზისა, სადაც დისლოცირებულია სპეციალური ოპერაციების ძალებს დაქვემდებარებული: რეინჯერთა ბატალიონი და სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სპეცებთან, ანალოგიური წვრთნებში მონაწილეობა, თებერვალში, თბილისში, ვაშლიჯვის ბაზაზე დისლოცირებულმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცებმაც მიიღეს.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, სპეციალური ოპერაციების ძალები გენერალური შტაბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც მონაწილეობას იღებს გენშტაბის ოპერატიული დაგეგმვის პროცესში, ამზადებს სპეციალურ ქვედანაყოფებს, განსაკუთრებული სპეციალური ოპერაციებისთვის.

სპეცების ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ აღნიშნა

„ძალიან რთული კურსი იყო, ამავე დროს ძალიან საინტერესო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრნიორებს, რომლებმაც არ დაუშურეს თავისი ცოდნა, უნარი და ძალა, რათა ჩვენი ბიჭები მოემზადებინათ. დარწმუნებული ვარ რომ მიღებული უნარ-ჩვევები და ცოდნა გამოადგებათ მათ თავისი ამოცანების შესრულებაში.“

მორიგი, ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები, საქართველოს ტერიტორიაზე, მაისშია დაგეგმილი. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეორედ გაიმართება სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner 2016, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის, 42-ე ბატალიონის მექანიზირებული ასეული მიიღებენ მონაწილეობას.

უკვე ცნობილია, რომ მაისის წვრთნაში, ვაზიანში, ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკაც ჩაერთვება, მათ შორის, „აბრამსის“ ტიპის ტანკები.

XS
SM
MD
LG