„ძალა პარტნიორობაშია“ - ასეთი იყო მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილი. სწავლება საქართველოს ორ სამხედრო ბაზაზე - ვაზიანსა და ნორიოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2017 წლის „ღირსეული პარტნიორი“ რამდენიმე კუთხით იყო გამორჩეული: სწავლებაში პირველად მონაწილეობდა 8 ქვეყნის 2800 ჯარისკაცი; წვრთნების დროს პირველად გამოიყენეს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი - „ჯაველინი“; საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოჩდნენ: გერმანულ-ჰოლანდიური და ამერიკული წარმოების - GTK Boxer-ის და Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანები.
სამხედრო სწავლების საველე ტერიტორია აშშ-ს არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მოინახულა: მათ შორის, პირველად აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მილიმ.
ვაზიანს ასევე ეწვივნენ: ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ჰოჯესი; მისი მოადგილე, გენერალ-მაიორი მაქგუაიერი, აშშ-ის მე-7 არმიის მეთაური ევროპაში, ბრიგადის გენერალი აგუტო, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბრიგადის გენერალი ბლექსტოკი და ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, ბრიგადის გენერალი დოჰერთი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის, გენერალ მილის ვიზიტის დროს, ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის ახალი ეტაპები დაიგეგმა:
გენერალი მილი ჩამოვიდა ძალიან საინტერესო მესიჯებით. აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები დაისახა იმ უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ“ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი
„გენერალი მილი ჩამოვიდა ძალიან საინტერესო მესიჯებით. ჩვენ აშშ-თან გვექნება ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა შემდეგ წელს და მომავალ წლებშიც.
სამხედრო თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები დაისახა იმ უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ.“
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ამერიკული C-130 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავიდან უკვე ტრადიციული დესანტის გადმოსხმის ოპერაცია განახორციელდა. ამ სწავლებაში ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საპარაშუტე ასეული და საქართველოს შეიარაღებული ძალების 50 ჯარისკაცი იყო ჩართული.
ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კი კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა. სწორედ აქ, პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-2 საკავალერიო პოლკის მეომრებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ გამოიყენეს.
ამერიკულ ქვედანაყოფს სწავლების დროს არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის "დანა" ბატარეამ და ამერიკულმა საარტილერიო ბატარეამ გაუწიეს.
წვრთნაში ამერიკული ტანკი „აბრამსი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები იყო ჩართული. კონტრშეტევითი ამოცანების შესრულების დროს ძირითად ძალებს მხარი - საინჟინრო გამრღვევმა მანქანამ „მიკლიკმა“ დაუჭირა, რომელმაც პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციებზე გასასვლელი გააკეთა.
პოლკოვნიკმა შავლეგ ტაბატაძემ, რომელიც ამერიკელ პოლკოვნიკ პარტიკ ელისთან ერთად სწავლების მეთაური იყო, ,,ღირსეული პარტნიორი 2017“-ს მაღალი შეფასება მისცა:
სწავლების პროცესშიც კარგად გამოჩნდა რომ ჩვენსა და NATO-ს ძალებს შორის მართვასა და კონტროლში არანაირი პრობლემა არ არსებობდა. საბოლოო ჯამში, ასეთი სახის სამხედრო წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას“შავლეგო ტაბატაძე, Nople Partners 2017-ის სწავლების მეთაური
„სწავლების პროცესშიც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენსა და NATO-ს ძალებს შორის მართვასა და კონტროლში არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ასეთი დონის სწავლებები ძალიან ხშირად უნდა გაიმართოს.
იმდენად დადებითია ჩვენი NATO-ელი პარტნიორების გამოხმაურება, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს, "ღირსეული პარტნიორის" მონაწილეთა გეოგრაფია კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ასეთი სახის სამხედრო წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.“
„ღირსეული პარტნიორის“ წლევანდელი სწავლება ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი იყო საქართველოში აქამდე გამართულ სამხედრო წვრთნებს შორის. 2017 წელს, წვრთნებში NATO-ს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველოსა და აშშ-ს გარდა, სწავლებაში ჩართულნი იყვნენ: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი.