ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი დიდ მადლობას უხდის საქართველოს "ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის"


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. "გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ და წვლილი შეიტანონ არსებითი პაკეტის გაძლიერებაში და საქართველო კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყნის მიზანს, ნატო-ში წევრობას”. ამ განცხადებით მიმართა მაიკ პენსმა ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც ერთობლივ წვრთნებში "ღირსეული პარტნიორი" მონაწილეობენ.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმატებული წევრი გახდება. მან ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ საქართველო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის თვალსაზრისით, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში ლიდერობს, რადგან ის თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ხარჯავს. "ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის" - აცხადებს მაიკ პენსი.

"გარწმუნებთ, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატები არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. ძალა ერთობაშია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და საქართველო", - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა მაიკ პენსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ამერიკა იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის". მისი განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტი სწორედ ამ ფაქტის დადასტურებაა. ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ ვიცე-პრეზიდენტის პირველ ევროპულ ტურნეში საქართველოსთან ერთად მონტენეგრო და ესტონეთიც არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG