საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ წლის შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
„ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ლევან იზორიამ, რომელიც ამერიკაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს შტატების ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.
ორშაბათს ლევან იზორიას შეხვედრები ჰქონდა პენტაგონშიც. ის პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს.