46 წლის ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობისთვის ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის რანგში იბრძოლებს. ჟურნალისტი 25 წლიანი სტაჟით მაყურებელს წინა კვირას დაემშვიდობა, დღეს კი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ იგი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
უდუმაშვილი სპეციალობით ზოოტექნიკოსია. მას თბილისის ზოოვეტერინარული სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, თუმცა სპეციალობით არასოდეს უმუშავია. მისი ტელეკარიერა 1992 წელს, „მეორე არხზე“ დაიწყო, შემდეგ იყო „პირველი არხი“, „იბერია“ და „რუსთავი 2“. 2003 წლიდან უდუმაშვილს „კურიერის“ საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, ბოლო წლებში, პარალელურად, „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაც ეჭირა.
2015 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ის დაბრუნებისთვის მებრძოლმა დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ქიბარ ხალვაშმა სწორედ უდუმაშვილს შესთავაზეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა და საკუთარი უფლებამოსილებაც გადასცეს, თუმცა უდუმაშვილმა ამ შეთავაზებას „უკანონო“ უწოდა და სააკაშვილის გუნდში დარჩა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ზაალ უდუმაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და წინადადება მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კენჭი თბილისის მერობისთვის ეყარა.
დღეს ზაალ უდუმაშვილმა საარჩევნო კამპანია მეტეხის ტაძრის ეზოში ოფიციალურად დაიწყო. მან თქვა, რომ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატია და ახსნა, თუ რატომ აირჩია „ნაციონალური მოძრაობა“:
მე ვირჩევ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს. ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქში. ბევრის გაკეთებაც ვერ შეძლო, ზოგიერთ გამოწვევასაც ვერ უპასუხა. მინდა ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება სრულად გამოვიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო"ზაალ უდუმაშვილი, "ნაცმოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი
„მე ვირჩევ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს. გუნდს, რომელმაც ქვეყანა დაავლურ ყაიდაზე გამართა და მსოფლიოს გააცნო.
ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქში. ბევრის გაკეთებაც ვერ შეძლო, ზოგიერთ გამოწვევასაც ვერ უპასუხა. მინდა ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება სრულად გამოვიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. აღარ გავიმეოროთ ერთად!
ვირჩევ, ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას იმიტომ, რომ მოვდივარ გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად.“
„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალა გახდა, რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა. პირველმა ეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იანვარში გასულმა „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა.
მათ მაისში, პარტიის ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ოთხი შვილის დედა, 37 წლის ელენე ხოშხატია წარადგინეს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუსახელებია საკუთარი კანდიდატი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერობისთვის, ენერგეტიკის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, 39 წლის კახი კალაძე იბრძოლებს.
სამტრედიელმა კალაძემ, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა, 1993 წელს, სწორედ თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის მაისურითაც, 4-4 ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონობა და თასი.
ბოლო ხუთი წელია ენერგეტიკის მინისტრი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე ენერგო კომპანიები და მათი ლობისტები.
დიდი ფული, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში - ასე ფიქრობს სამოქალო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე:
„ოცნებას“ წინა არჩევნებზე დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 16 მილიონი ლარის შემოწირულობა, მაშინ როცა ყველაზე უხეში გათვლებით, დაახლოებით 100 000 კოორდინატორზე, თვიურად 400 ლარიანი ანაზღაურებით, მმართველი პარტიის გასავალი არის 40 000 000 ლარი"პაატა მანჯგალაძე, სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო"
„გადამწყვეტი ფაქტორი დღეს მაინც არის, არჩევნებში ჩართული შავი ფული და არა კონკრეტული კანდიდატების პერსონალური მარკა. 1995 წლიდან, „მოქალაქეთა კავშირის“ პერიოდიდან, საქართველოში დამკვიდრდა სისტემა - ყოველ 50 ამომრჩეველზე ერთი კოორდინატორი, რაც ჩემი შეფასებით, ადამიანის პირდაპირი მოსყიდვაა.
ეს სისტემა არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და მას წარმატებით იყენებს „ქართული ოცნებაც“. საქართველოში, სადაც 3,5 მილიონი ამომრჩეველია, „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით 70 000-მდე კოორდინატორი ჰყავს, პლუს 30-მდე დაფინანსებული კოორდინატორი უზით თითო საარჩევნო უბანზე. ამხელა რესურსი, კონკურენციაში რო შევიდეს „ოცნებასთან“ სხვა არცერთ პარტიას არ აქვს.
რაც შეეხება შავ ფულს. „ქართულ ოცნებას“ წინა არჩევნებზე დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 16 მილიონი ლარის შემოწირულობა. მაშინ როცა ყველაზე უხეში გათვლებით, დაახლოებით 100 000 კოორდინატორზე, თვიურად 400 ლარიანი ანაზრაურებით „ოცნების“ გასავალი არის 40 000 000 ლარი. საიდან მოდის ეს ფული? წარმოგიდგენიათ 40 მილიონის რესურსი რომ მისცე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა არჩევნებზე.“
სწორედ ფინანსების არქონის გამო, გადაწყვეტილება დააყენოს თუ არა საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე, ამ დრომდე ვერ მიიღო 47 წლის ალექსანდრე ელისაშვილმა, ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელმა.
ექსპერტთა აზრით, ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს ერთადერთ დამოუკიდებელ დეპუტატს ყველაზე კარგი შანსი აქვს, მმართველი პარტიის კანდიდატს დედაქალაქში სერიოზული ბრძოლა გაუმართოს.
ელისაშვილმა უკვე განაცხადა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით შევა.