კორონავირუსით ინფიცირების 12 გამოვლენილი შემთხვევის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა. შოთა რეხვიაშვილის თქმით, 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება ქალაქში შესვლა და გამოსვლა.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი, გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი, აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის განმავლობაში თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია აქედან სამედიცინო პერსონალი და რამდენი ოჯახის წევრი ამას მოგვიანებით გავარკვევ; ვიცი, რომ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში არის 12 დადასტურებული შემთხვევა და ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული და მიდის ეს სამუშაოები. აქვე გეტყვით, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“ - აცხადებს რეხვიაშვილი.
მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.