„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის

ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებას ზეიმობს

ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ახლოს არის მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველთა - 49%, დაახლოებით - 1 700 000 მოქალაქე არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. მოქალაქეობრივი ვალი კი რეგისტრირებული - 3 513 884 ამომრჩევლიდან, მხოლოდ, 51%-მა - 1 814 276 ადამიანმა მოიხადა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 856 762 ხმა ანუ 48,65 % მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 477 596 ხმა - 27,11 %. დანარჩენი ხმები 23 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. ამ მომენტისთვის, ისევ ბარიერის ზღვართან არის „პატრიოტთა ალიანსი“, მისი შედეგი: 5%-ის ფარლებში მერყეობს.

ცსკ-ოს მონაცემები: 10 ოქტომბრის 19 საათისთვის

„ქართულმა ოცნებამ“ 73 საარჩევნო ოლქიდან - 71-ში გაიმარჯვა და მხოლოდ ორში, ზუგდიდსა და მარნეულში წააგო პროპორციული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. 73-დან 22 მაჟორიტარული ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში იზეიმეს წარმატება. დარჩენილ - 51 მაჟორიტარულ ოლქში, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური 2 ნოემბერს გაიმართება.

მერვე მოწვევის პარლამენტის თავჯდომარე „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა, დღეს მოუწოდა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კონფრონტაციის რეჟიმიდან გამოვიდნენ.

„ჩვენ არ მივიღებთ მარტივ პარლამენტს და მარტივ პოლიტიკურ

ჩვენ არ მივიღებთ მარტივ პარლამენტს და მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. არჩევნების შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო, ის წინასაარჩევნო "კოქტეილი", რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს"
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე

ცხოვრებას. არჩევნების შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო "კოქტეილი", რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე, სიძულვილზე, სახელმწიფოს და ერთმანეთის გადატრიალებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში საქართველოს არ წაადგება.

ამიტომ, მინდა მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს, გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს, მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები.“

ჯერჯერობით, მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც არჩევნებში დამარცხება ოფიციალურად აღიარა - დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტია, რომელმაც სულ 27 397 ხმა მიიღო (1,55%) და "თავისუფალი დემოკრატები" (81362 - 4,62%), რომელთა ლიდერმაც ირაკლი ალასანიამ დღეს პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ელის „პატრიოტთა ალიანსი“ (88 109, 5%) რომლის ლიდერებმაც უკვე განაცხადეს, რომ თუ პარტია პარლამენტში ვერ შევა, საკუთარ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ლეიბორისტული პარტია და 200-მდე უბნის გადათვლას ითხოვს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მხოლოდ 62 193 ხმა მიიღო (3,53%).

ამ დრომდე, გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი სტრატეგია. პარტია, რომელიც ბოლო პერიოდში, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ზეაგრესიული კამპანიით საკუთარ მომხრეებს უპირობო გამარჯვებას პირდებოდა, ისევ რამდენიმე ჯგუფად არის გახლეჩილი. შიდაპარტიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს: შევა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, თუ აქვს რესურსი რომ ბოიკოტის და ქუჩის აქციების გზას დაადგეს ?! ბოიკოტის რეჟიმს მხარს უჭერს თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ეწინააღმდეგება გიგა ბოკერიას ფრთა.

რაც შეეხება გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, მმართველი პარტიაში უკვე დღეს, რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრობენ: მათ შორის, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებასა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობაზე.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნებისთვის“მძიმე ტვირთი იქნება:

ჩემი აზრით, კვირიკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს, საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა, ეს არის ურთულესი გზა და არა ყველაზე ადვილი როგორც ეს ბევრს წამოუდგენია..."
დავით უსუფაშვილი

„მე ვრჩები გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფლად და მინდა ვუსურვო, რომ იგი და და მისი მხარდამჭერები შეძლებენ იმ ძალიან რთულ გზაზე წარმატებით გავლას რომელიც თავად აირჩიეს.

ჩემი აზრით, კვირიკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა, ეს არის ურთულესი გზა და არა ყველაზე ადვილი როგორც ეს ბევრს წამოუდგენია... ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი. იქიდან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად.“

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 3%-იანი ბარიერი გადალახეს: პატრიოტთა ალიანსმა (5%), თავისუფალმა დემოკრატებმა (4,62%), დემოკრატიული მოძრაობამ (3,53%), ბლოკმა “სახელმწიფო ხალხისთვის” (3,45%) და ლეიბორისტულმა პარტიამ (3,13%). საქართველოს კანონმდებლობით, ეს პარტიები საბაზისო დაფინანსების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წელიწადში 300 000 ლარს მიიღებეს.

„ქართულმა ოცნება“ და „ნაციონალურმა მოძრაობა“, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი უპრობლემოდ გადალახეს, საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დასაფარავად ერთჯერადად - 1 000 000 ლარს მიიღებენ, ხოლო, ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან, 600 000 ლარით დაფინანსდებიან.

თუ ცსკო-მ საბოლოოდ დაადასტურა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბარიერის გადალახვის ფაქტი, ამ სიკეთეებით ეს პოლიტიკური ჯგუფიც ისარგებლებს.

ამომრჩეველთა აქტიურობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე (1990 – 2016)

1990 - რეგისტრირებული 3 444 002, მივიდა 2 406 742 - 69.88 %

1992 – 3 466 677 მივიდა 2 592 117 - 74.77 %

1995 – 3 121 075 მივიდა 2 127 946 - 68.18 %

1999 - 2 882 646 მივიდა 1 948 659 - 68 %

2003 – 3 178 593 მივიდა 1 909 215 – 60,1 % (ნაწილობრივ გაუქმდა)

2004 - განსაზღვრული არ იყო, მივიდა 1 518 751

2008 – 3 465 736 მივიდა 1 850 407 – 53,39 %

2012 – 3 613 851 მივიდა 2 159 624 – 59,76 %

2016 - 3 513 884 მივიდა 1 814 276 – 51,63 %