ოპოზიციის ახალი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაასწროს ხელისუფლებას და მოკავშირე პოლიტიკურ პარტიები მანამდე დააფინანსოს, სანამ მმართველი პარტია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეიტანს.
მთავარმა პროკურატურამ საჯარო გახადა ინფორმაცია საბანკო ოპერაცების შესახებ, რომელთა მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ ოთხ მოკავშირე პოლიტიკურ ჯგუფს: ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს, რესპუბლიკურ პარტიას, კონსერვატიულ პარტიასა და ხალხის პარტიას, თითოეულს - მილიონ 100 ათასი ლარი გადაურიცხეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მედია საშუალებებით ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიძინა ივანიშვილისგან რუსული ფული მიიღეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ღიად განაცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დაფინანსების მიღება დაადასტურა და აღნიშნა, რომ თავად ნაციონალური მოძრაობა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები წლების მანძილზე ზუსტად ამ დაფინანსებას იღებდნენ.
პეტრე ცისკარიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის ძირითადი მიზუდულობის ძალა არის ფული და ის ფინანსები, რომელსაც იგი მოწყალების სახით ასე ურიგებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას.
თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს თავისი სატელიტი პარტიები დააფინანსოს კი ბატონო დააფინანსოს, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი ემსახურება თავისი ხელმძღვანელების ინტერესებს;
მას ამოცანად დაუსახეს, შენ თუ აქ მოსკოვში და რუსეთის ტერიტორიაზე მილიარდები იშოვნე ჩემო მეგობარო ბიძინა, ამ მილიარდებიდან რამოდენიმე მილიონი მაინც უნდა მოახმარო ჩვენს ინტერესებს და ჩვენს საქმეს საქართველოში.“
თინა ხიდაშელი: „ვიღებთ თუ არა დაფინასებას იურიდიული პირებისგან? დიახ! ვიღებთ დაფინანსებას! არის თუ არა ამ იურიდიული პირების დამფუძნებელი ან ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი? დიახ, არის! ისევე, როგორც კახი კალაძე არის ნაწილი იურიდიული პირების დამფუძნებელი, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ დაფინანსებას.
კანონით, იურიდიულ პირებს შეუძლიათ 100 000 ლარის გადმორიცხვა და არცერთ შემთვევაში კანონი ჩვენი პარტიის მხრიდან დარღვეული არ იქნება. ფული, რომელსაც იღებს რესპუბლიკური პარტია დაფინანსების სახით, არის ზუსტად ის ფული, რომლითაც ფინანსდებოდნენ ქართველი ჯარისკაცები და პატრული.
თუ ვინმე საქართველოში თვლის, რომ საქართველოში ჯარისკაცებს და პატრულს აფინანსებდა რუსეთი, ნუ, მაშინ ძალიან ფუნდამენტური პრობლემა გვქონია ამ ქვეყანაში.“
მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ, ფიზიკურ პირებს კი აქამდე არსებული 30 ათასის ნაცვლად, შეეძლებათ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირონ.
ასევე წესდება ლიმიტი პარტიული საწევროს წლიურ ოდენობაზე, ის 1200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულობისა და სხვა შემოსავლის ჯამი კი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს.
წესდება სხვა მრავალი შეზღუდვა, მათ შორის არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური ურთიერთობის კუთხით.
მმართველი პარტია ამ ცვლილებების აუცილებლობას ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის - GRECO რეკომენდაციებით ხსნის, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლის ივლისში გავრცელდა. თუმცა იგივე რეკომენდაციებით ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებასაც ურჩევდნენ, რაც უყურადღებოდ დარჩა.
ის, რომ ახალი შეზღუდვების შემოღება ახალ პოლიტიკურ რეალობას უკავშირდება ვიცე სპიკერი გიგი წერეთელიც ადასტურებს. პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გიგი წერეთელი: „ზოგადად პოლიტიკაში ფულის მოძრაობა, ყველგან, მთელ მსოფლიოში არის რეგლამინტირებული. მით უმეტეს, თუ ამ ფულს აქვს ისეთი წარმოშობა, რომელიც კითხვის ნიშნებს სვამს.
არის უკვე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოაწესრიგებს ამ საკითხს უფრო ტრანსფარენტულსა და გამჭირვალეს გახდის თუ როგორ და რანაირად ხდება პარტიების დაფინანსება, თუმცა ჯერჯერობით, ეს ნებადართულია.“
გიორგი ცაგარეიშვილი: „არაფერი აქ დარღვეული არ არის. როგორც აღმოჩნდა, საპნის ბუშტი, რომელიც გაბერა ხელისუფლებამ ე.წ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ზუსტად ორ დღეში გასკდა.
მე შემიძლია გაჩვენოთ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშსგება. 12 მილიონ 667 ლარი აქვთ მარტო წინა წელს დახარჯული. უამრავი უცხოეთის კომპანია, რომლებმაც დააფუძნეს შვილობილი კომპანიები საქართველოში ურიცხავენ ფულს მმართველ პარტიას.
მათ შორის, შპს მგს-საქართველო, რომლის 51 პროცენტიანი წლის მფლობელი არის რუსეთის ფედერაციის მომენტალური გადარიცხვების სისტემა დაეხმარა ნაცმოძრაობას 10 ათასი ლარით; შპს პრომვერ პლუსი, რომლის 100 პროცენტიანი წლის მფლობელია ვინმე ფრიდონ ქათამაძე, რუსეთის მოქალაქე დაეხმარა 40 ათასი ლარით.“
აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს არ დაუშვას იმ კომფორტული სიტუაციის შეცვლა, როცა მმართველი პარტიის დაფინანსება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მინიმუმ 26-ჯერ, ხოლო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებზე მინიმუმ 7-ჯერ აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა საერთო ჯამს, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობა კიდეც ოპოზიციის კატასტროფული მარცხი.
ამასთან, 2004 წლიდან, ტრადიციულად იურიდიულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ჯგუფები, მხოლოდ მმართველი პარტიის დამფინანსებლები იყვნენ. ივანიშვილის პოლიტიკურმა სახეცვლილებამ ეს რეალობაც შეცვალა.