მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ საახალწლო არდადეგებს ამაღლებული განწყობით ხვდება. პარლამენტმა დღეს 86 ხმით 8-ის წინააღმდეგ საბოლოოდ მიიღო უკიდურესად გამკაცრებულ კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ, რომელიც ოპოზიციის ახალ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს თითქმის მთლიანად უსპობს საშუალებას, წინასაარჩევნოდ უზარმაზარი ფინანსული კაპიტალი გამოიყენოს. გუშინ კი პარლამენტმა 111 ხმით 2-ის წინააღმდეგ ახალი „საარჩევნო კოდექსიც“ დაამტკიცა, რომელშიც მხოლოდ მმართველი პარტიისა და რამდენიმე ფორმალურად ოპოზიციური ჯგუფის ინტერესია გათვალისწინებული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლომდე გაიტანა ყველა მისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში, რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულების მონაწილეობის თემა. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, წინასაარჩევნო კამპანიიდან გუბერნატორების მთლიანად გამოთიშვას მოითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პალიკო კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ ახალი კოდექსი საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პარლამენტარი თამაზ დიასამიძე კი რომელიც ერთი წლის წინ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს, დარწმუნებულია, რომ საარჩევნო გარემო უკიდურესად გაუარესდა.
პალიკო კუბლაშვილი: „გუბერნატორი არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა რეგიონის მაშტაბით, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გუბერნატორი, როგორც მთავარი პოლიტიკური ფიგურა დარჩეს მთავარი პოლიტიკური პროცესის - არჩევნების მიღმა. მოხდა შეთანხმება ყველა ძირითად საკითხზე, რომელიც იყო დასმული ჩვენი პოლიტიკური ოპენენტებისა და ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მითითებული, ეს შესაბამისად საშუალებას მოგვცემს რომ მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო გამჭირვალე, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი.“
თამაზ დიასამიძე: „სამწუხაროა, რომ კოდექსის ბევრად გაუარესებული ვარიანტი მივიღეთ, ვიდრე ჩვენ აქამდე გვქონდა. მთელმა მსოფლიომ ერთი წელია იცის, რომ ჩვენ ახალ კოდექსზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და მივიღეთ გაუარესებული, უვარგისი სისტემა, რომელიც ვერცერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საქართველოში არჩევნების გზით ხელისფლების შეცვლას. ის ხალხი, ვის ხელშიც ეს კოდექსია, არ დათმობენ ხელისუფლებას. ამიტომ არის რომ არიან ხელისიფლებაში და იქნებიან კიდეც.“
არჩევნებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ახალი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ახალი პოლიტიკური რეალობა ასეთი იქნება. საპარლემნტო არჩევნები გაიმართება 2012 წლის ოქტომბერში; იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება საბოლოოდ აეკრძალათ, წლის განმავლობაში ფიზიკური პირებისგან პარტიას მხოლოდ 60 ათასი ლარის მიღება შეუძლია. შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15 პროცენტზე მეტს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები წარმოადგენს; პარტიებს და მათთან პირდაპინ ან ირიბად დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აეკრძალათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა ფასეულობების გადაცემა (გამონაკლისია დღესასწაულები - ზ.წ); ეს წესები ვრცელდება პარტიის ლიდერების ოჯახის წევრებსა და საქმიან პარტნიორებზეც; კონტროლის პალატას კი პოლიტიკური პარტიებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღების უფლება მიეცა; საარჩევნო სუბიექტს წელიწადში მაქსიმუმ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0, 2 პროცენტის დახარჯვის უფლება აქვს, რაც 2012 წლის ბიუჯეტით, 50 მილიონზე მეტია. ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, სუბიექტი არჩევნებს მიღმა რჩება. სისხლის სამართლის კოდექსში კი დღეს შესული ახალი „რევოლუციური“ ცვლილებით - სამ წლიანი ციხით დაისჯება ამომრჩეველი, რომელიც პლიტიკური პარტიისგან კანონით აკრძალულ საჩუქარს მიიღებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს
„ჩვენ გვქონდა რაოდენობრივად ძალიან ბევრი შენიშვნები, იქედან არის ამორჩეული შედარებით უმნიშვნელო საკითხები ან ის საკითხები, რომელთაც დიდი გავლენა საარჩევნო გარემოზე არა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორიც არის - საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, საარჩევნო სისტემის დახვეწის კუთხით სხვა ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.“
მმართველი პარტიის კიდევ ერთი „ნოუ ჰაუ“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონის ახალი მოთხოვნებისთვის ერთგვარი უკუძალის მინიჭება გახდა. კანონის მიხედვით, ოთხი ოპოციზიური პარტია, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძისგან 1 100 000 ლარი მიიღეს, (იხილეთ http://www.voanews.com/georgian/news/georgia-ruling-party-136227788.html) იმ შემთხვევაში თუ კანონის ძალაში შესვლამდე თანხა დახარჯული არ აქვთ, ვალდებულები არიან ეს თანხა ივანიშვილსა და კალაძეს უკან დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს მილიონები სახელმწიფოს საკუთრება გახდება. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ამ მოთხოვნას „კონსტიტუციასთან შეუსაბამო და შიზოფრენიული“ უწოდა.
„ ეს არის შიზოფრენიის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადაწყვეტილება. ადამიანების, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს კანონი, კანონის უკუქცევითი ძალა. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს თამაშის წესები, რომლებსაც თუ ცვლი, მერე პრეტენზიაც კი არ უნდა გქონდეს რომ ოდნავ მაინც დემოკრატიული ხარ. კი ბატონო დავითვალოთ, ვის რამდენი ფული წაართვეს, ვის რამდენი ფული მოპარეს, ვის რამდენი ძალით მიატანინეს, ვის ტენდერებიდან წილი მიატანინეს დავითვალოთ და ძალაინ საინტერესო და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება ნაციონალური მოძრაობა.“
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბიუჯეტში მუხლი სხვა ხარჯები - 968 მილიონით განისაზღვრა.