საქართველოს ციხეებში 140 პატიმარი დაიღუპა

საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური 600 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს განსახილველად პარლამენტში შევიდა, 2011 წელს, ციხეებსა და საპატიმროებში გარდაცვლილი 140 პატიმრიდან 40-ის გვამს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

140 გარდაცვილიდან - 114 პატიმარი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისის № 18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულაბაზე მოდის, შარშან აქ 86 პატიმარი დაიღუპა.

ჯამში 16 პატიმარი გარდაიცვალა ქსნის № 15 და ქსნის № 19 ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში; 3-3 პატიმარი კი - სოფელ მთისძირში არსებულ № 5 ქალთა საპატიმროში, გარდაბნის № 6 და რუსთავის № 17 დაწესებულებაში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ პატიმრების მიმართ ძალადობასა და არა ადამიანურ მოპყრობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ. კონკრეტული გვარების დასახელებას გიორგი ტუღუში პარლამენტში გამოსვლისას გეგმავს. „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი ცირა ჭანტურია კი ამბობს, თითქმის ყველა ასეთი დანაშაული დაუსჯელი რჩება

გიორგი ტუღუში: „დაახლოებით 300 გვერდი უჭირავს მთლიან ანგარიშში პენიტენციალური სისტემის, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და ჯანდაცვის უფლების რეალიზების ნაწილს. მინდა გითხრათ, რომ წელსაც ანგარიში ამ მიმართულებით არის საკმაოდ კრიტიკული.

მიუხედავად რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯისა და პოზიტიური ცვლილებებისა, ის პრობლემები, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობდა 2010 წელს, 2011 წელსაც იყო არა მარტო ხელშესახები არამედ საკმაოდ მწვავე. კვლავ დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სისტემაში გარდაცვლილი პატიმრების, კვლავ პრობლემა იყო ადექვატური ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობა, სერიოზული პრობლემები იყო მოპყრობის კუთხითაც რიგ დაწესებულებებში.“

ცირა ჭანტურია: ‘სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ დაუსჯელობის სინდრომი ძალიან პრობლემურია. ეფექტური გამოძიება არ ტარდება, შეიძლება იწყება გამოძიება მაგრამ შემდეგ ის უსასრულოდ გრძელდება.

პენიტენციალური სისტემის დისციპლინარული წესით დასჯილი თანამშრომლები რა თქმა უნდა არსებობენ, მაგრამ სისხლის სამართლის წესით დასჯილ თანამშრომლებზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. თვითონ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ამაზე საჩივრები არის უამრავი.“

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ციხეების გადატვირთულობა კვლავაც ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. ვარდების რევოლუციის შემდეგ, პატიმართა რაოდენობის ზრდასთან ერთად განუხრელად იზრდება პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვიც.

თუ 2004 წელს საქართველოში 6654 პატიმარი იყო, 2012 წელს, პატიმართა რაოდენობა თითმის 24 ათასამდე გაიზარდა. ყოველ 100 000 ადამიანზე პატიმრების რაოდენობით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

International Centre for Prison Studies მონაცემების მიხედვით საქართველო ასი ათას მოსახლეზე 539 პატიმრით, ევროპაში აბსოლუტური ლიდერია, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია და რუსეთსაც კი უსწრებს. შედარებისთვის, 2004 წელს, საქართველოში ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე მხოლოდ 148 პატიმარი მოდიოდა.

2006 წელს საქართველოს ციხეებში 89 პატიმარი დაიღუპა; 2007 წელს - 101, 2008 წელს - 90, ხოლო 2009 წელს - 91 პატიმარი. ციხეებში რეკორდული სიკვდილიანობა დაფიქსირდა 2010 წელს -142 დაღუპული პატიმარი. შარშან, გარდაცვლილი 140 პატიმრიდან ერთ-ერთი, ზუგდიდელი მურმან კალანდია იყო, იგი ნოემბერში ქუთაისში ეტაპირებისას დაიღუპა.

42 წლის კალანდია 2012 წლის აპრილში უნდა განთავისუფლებულიყო. დამოუკიდებელი ექსპერტის შესაფებით, პატიმარს ძალადობის არაერთი კვალი აღენიშნებოდა. ეს ხმაურიანი საქმე ამ დრომდე გამოუძიებულია.

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ციხეებში დღეს არსებული სიტუაცია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების ერთ-ერთი მეთოდია:

„ეს არის სისტემური მანკი. ის ზედამხედველები და მეციხოვნეები, ისინი არ არიან საიდანღაც მოსული ურჩხულები და სადისტები. ისინი ჩვეულებრივი ხალხია, რომელიც იქ მივიდა სამუშაოდ და დახვდათ ის წესები, რომელიც არსებობს.

ე.წ სოციალური როლი კარნახობს ქცევის წესებს. რაღაცა არის შესაცვლელი პრინციპულად ციხეების შინაგანაწესში. არის სრული განუკითხაობა, სადაც ციხის ადმინისტრაციას აქვს ყველაფრის უფლება პატიმრების მიმართ და როდესაც ასეთი სიტუაცია არსებობს ხდება ის, რაც ხდება.

უნდა იყოს რადიკალური ზომები და კანონები მიღებული რომ გამოსწორდეს ასეთი მდგომარეობა, სადაც პატიმარს, როგორც ეტყობა ნასახიც კი არ აქვს რაიმე უფლებებისა.

საბოლოო ჯამში ეს არის საზოგადოების დაშინების მეთოდი, რომ იცოდე რა მოგელის იქ. თუ ყველა ეს ფაქტი მართალია, ნუ არ ვიცი, ძალიან ცუდ სახელმწიფოში ვცხოვრობთ მაშინ.“

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში სისტემაში პატიმრების სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

სამინისტრო ძირითად აქცენტს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებს. უკვე გადაწყვეტილია ბათუმის № 3, ზუგდიდის № 4 და თბილისის № 1 დაწესებულებების ლიკვიდაცია, მათ სანაცვლოდ კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ტერიტორიაზე ახალი დიდი საპყრობილის მშენებლობა დაიწყო.