35 დღეში სააკაშვილმა 90 000 კმ იფრინა

პრეზიდენტი წყლის რესურსების უსაფრთხოების აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე ტაილანდში

ბოლო 35 დღეში სააკაშვილმა სამი კონტინენტი მოიარა. ყველაზე უხეში გათვლებით, საქართველოს პრეზიდენტმა 90 000 კმ-ზე მეტი დაფარა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


ორჯერ, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე აზერბაიჯანი, ტაილანდი, ეკვადორი და ავღანეთი. ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს პრეზიდენმა ბოლო 35 დღეში ოფიციალური ვიზიტებით მოიარა.

მიმოხილვის დაწყება 24 აპრილიდან მოგვიწევს. ამ დღეს მიხეილ სააკაშვილმა 10 900 კილომეტრი იფრინა, რომ თბილისიდან დალასამდე ჩაეღწია. ტეხასში მას ძველი მეგობრები ჯორჯ და ლორა ბუშები ელოდნენ.

ტეხასიდან სააკაშვილმა არიზონამდე კიდევ 1400 კმ იფრინა. სედონაში მას კიდევ ერთმა ძველმა მეგობარმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა უმასპინძლა. აქ, სააკაშვილი აშშ-ს ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდა.

შემდეგი გაჩერება უკვე 3400 კილომეტრით მოშორებული ნიუ იორკი იყო. 29 აპრილს, პრეზიდენტი ნიუ იორკელ ქართველებს და ქართველ ებრაელებს შეხვდა.

უკვე 1 მაისს, სააკაშვილმა 400 კმ გაიარა და ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ესტუმრა. შემდეგ, კიდევ 70 კმ და მერილენდის შტატში ქალაქ ბალტიმორში, სენატორ ბენჯამინ კარდინს ეწვია.

კიდევ, 60 კმ და პრეზიდენტმა ბეთესდაში, ავღანეთში დაჭრილი ქართველი მეომრები მოინახულა. 2 მაისს, სააკაშვილი უკვე ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო.

სააკაშვილს ამ ვიზიტის დროს ახლდნენ მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე დეპუტატები: ნაყოფია, თაქთაქიშვილი, კანდელაკი, წერეთელი, ნადირაშვილი, ვაშაძე, ღვინიაშვილი, საყვარელიძე. ადმინისტრაციის ახალი უფროსი ბარნოვი და მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი.

უკან, ვაშინგტონიდან თბილისამდე სააკაშვილმა 9300 კმ იფრინა და 4 მაისს, აღდგომის დღესასწაული საქართველოს ყვარლიდან მოულოცა. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა იმაზე ისაუბრა თუ რატომ დაფრინავს ამდენს და რატომ არ უნდა ბრაზობდეს ამაზე პრემიერი ივანიშვილი:

„პრემიერ მინისტრი იმაზე კი არ უნდა ნერვიულობდეს პრეზიდენტი რატო დადის. უფრო იმაზე უნდა ინერვიულოს თვითონ, რატომ არ და ვერ დადის. მოდით იმანაც არ იაროს რახან ჩვენ ვერ დავდივართ... თქვენც როგორმე იქნებ იაროთ - მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს. ნუ გეშლებათ ნერვები იმაზე, რომ მე დავდივარ... მე პრეზიდენტი რო არ ვიქნები მაინც მომიწვევენ... მაგრამ მოდი ეხლა თქვენ თავს მიხედეთ.“

უკვე 7 მაისს, სააკაშვილმა 580 კმ ბაქოსკენ იფრინა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. მეორე დღეს, იქვე სამხრეთ კავკასიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და უკან გამოფრინდა. (თებერვლის ბოლოს სააკაშვილი უკვე იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში - ზ.წ)

13 მაისს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაუყვა შორეული ამერიკის გზას. ისევ 9300 კმ ვაშინგტონამდე, სადაც მას სენატორი მარკო რუბიო ელოდა. სააკაშვილს ამჯერად დეპუტატები: მინაშვილი, ნიკოლაიშვილი, საჯაია და ბოკუჩავა ახლდნენ. 16 მაისს, სააკაშვილმა 250 კმ გაიარა და ტრენტონში, ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა.

კიდევ 75 კმ გზა იყო უიტნი ჰიუსტონის მშობლიურ ქალაქ ნევარკამდე. პრეზიდენტის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე მოყვანილია ნევარკის მერის კორი ბუკერის სიტყვები, სადაც ბუკერი „აღფრთოვანელი დარჩა იმ არქიტექტურული სიახლეებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განხორციელდა.“

ამ ყველაფრის „გრანდიოზული ფინალი“ იყო 17 მაისის საღამო, ნიუ იორკში, ვესტ-საიდზე. გლობალურმა არქიტეტორულმა ქსელმა Architizer-მა საქართველოს პრეზიდენტს პრესტიჟული პრიზი გადასცა, როგორც „საქართველოს მთავარ არქიტექტორს“.

მეორე ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულდა მანჰეტენზე, ქართულ რესტორანში, სააკაშვილისა და ბილ კლინტონის სადილით. მიხეილ სააკაშვილმა კლინტონი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა და ქართულ სამზარეულოზე ისაუბრა.

„როგორც ჩანს ამერიკის პრეზიდენტებს მოწონთ ქართული საკვები. მახსოვს ბუში გადაირია თბილისში არცთუ ისე საუკეთესო რესტორნით და საჭმელით. ნუ, არა უშავდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. აქაც, ქლინტონი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო.“

19 მაისს, ნიუ იორკიდან სააკაშვილმა გეზი პირდაპირ ტაილანდისკენ აიღო. მან ჯერ 11 000 კილომეტრი იფრინა დუბაიმდე. იქედან კიდევ 4550 კმ ქალაქ ჩან მაიმდე, რომელიც წყლის რესურსების აზია-წყნარი ოკეანის რიგით მეორე სამიტს მასპინძლობდა.

პრეზიდენტის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე საერთოდ არ არის მითითებული, რომ ეს სამიტი სწორედ წყლის პრობლემებს ეძღვნებოდა. სააკაშვილი ამ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე ესაუბრა.

სააკაშვილი ტაილანდში ბოლოს 2012 წლის მარტში იმყოფებოდა და კუნძულ ფხუკეთზე, ბიუჯეტის ხარჯზე ორი დღე დაისვენა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთი წლის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა. (სააკაშვილის, ბაქრაძის, ვარშალომიძის, გლუკსმანის და მათი ოჯახის წევრების დასვენება ბიუჯეტს 85 000 ლარი დაუჯდა - ზ.წ)

ჩან მაიდან ისევ დუბაის გავლით, თბილისისკენ საფრენი უკვე 6600 კმ იყო. პრეზიდენტი საქართველოში 21 მაისს დაბრუნდა და 24 მაისს უკვე ეკვადორში გაემგზავრა. ეკვადორელ კოლეგა რაფაელ კორეას რიგით მესამე ინაუგურაციაზე. თბილისიდან კიტომდე სააკაშვილმა საშუალოდ 13 000 კმ იფრინა.

„როგორ არ დაიბენი და როგორ მოკალი?!................. შენ მოკალი დანარჩენი ორი ხო?!“

ეს ფრაზა, რომელიც შემდეგ სკანდალის მიზეზი გახდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს უკვე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველ ჯარისკაცთან საუბრისას წარმოთქვა. სააკაშვილმა 15 000 კმ იფრინა კიტოდან ქაბულამდე. შემდეგ კიდევ 500 კმ, ამერიკელების სამხედრო ბაზა Camp Leatherneck-მდე.

ავღანეთში, პრეზიდენტს თან ახლდა უფროსი ვაჟი ედუარდი და საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე. ასევე დეპუტატები: ბარამიძე, ჯაფარიძე, მელაძე; ადმინისტრაციის უფროსი ბარნოვი და სამეგრელოს გუბერნატორი გუნავა. თბილისში პრეზიდენტი 27 მაისს დაბრუნდა.

საბოლოო ჯამში, ბოლო 35 დღეში სააკაშვილმა სამი კონტინენტი მოიარა. აქედან, ჩრდილოეთ ამერიკა და აზია ორ-ორჯერ. ყველაზე უხეში გათვლებით, საქართველოს პრეზიდენტმა 90 000 კმ-ზე მეტი დაფარა.

შედარებისთვის, მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელსაც არანაკლებ აწუხებს ოკუპაციის პრობლემა, 2013 წელს, ოფიციალური ვიზიტით, სულ ოთხ ევროპულ ქვეყანაში (იანვარი-შვეიცარია; მარტი - ხორვატია, მონტენეგრო; მაისი - ავსტრია) იმყოფებოდა.